მამუკა ბახტაძე - ქართველ დიპლომატებს დიდი წვლილი მიუძღვით საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის საქმეში

მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ქართველ დიპლომატებს დიდი წვლილი მიუძღვით საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის საქმეში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ელჩების კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ქართული დიპლომატიის აქტიური მუშაობის შედეგია ის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში მთელი წლის განმავლობაში იდგა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი, ყველა დონეზე კეთდებოდა მხარდამჭერი განცხადებები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„აგრეთვე ვრცელდებოდა მოწოდებები რუსეთის მიმართ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან სამხედრო ძალების გაყვანის მოთხოვნით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და რუსეთის აგრესიული პოლიტიკით შეშფოთება მაღალ დონეზე გამოხატეს ასევე აგვისტოს ომის 10 წლისთავზე საქართველოში ჩამოსულმა პარტნიორი ქვეყნების მაღალი დონის წარმომადგენლებმა", - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, გასულ წელს კიდევ უფრო მჭიდრო გახდა ჩვენი ურთიერთობები მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

„ამის ნათელი დადასტურებაა სულ ახლახან მიღებული საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული საკანონმდებლო აქტი. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ასეთი დიდი მხარდაჭერისთვის და საქართველოს გვერდში დგომისთვის. ამ ორპარტიულ საკანონმდებლო აქტში წამოჭრილია ჩვენი ქვეყნისთვის ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, დასმულია სწორი აქცენტები და გაკეთებულია ძლიერი გზავნილები ისეთ თემებზე, როგორიცაა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა; თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების პერსპექტივა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

მინდა გამოვყო მთავარი გზავნილიც, აქტში დაგმობილია რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია; ასევე, ოკუპირებულ რეგიონებში განხორციელებული დაკავების, გატაცებისა და ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევები და, შესაბამისად, ეხმიანება ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის რეზოლუციას. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ორპარტიული აქტი ითვალისწინებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უხეშ დამრღვევთა წინააღმდეგ სანქციების შემოღებას", - განაცხადა ბახტაძემ.

მისივე თქმით, ქართული დიპლომატიის დამსახურებაა აგრეთვე ის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომლებიც ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებისკენ გადაიდგა და, რაც მთავარია, ამ ურთიერთობის დინამიკა სულ უფრო მზარდია.

„ამ მხრივ გამოვყოფდი წარმატებულ ვიზიტებს ბრიუსელში, სადაც გვქონდა შეხვედრები ევროკავშირისა და ნატოს წარმომადგენლებთან, აგრეთვე მაღალი რანგის შეხვედრები ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში. ვიზიტები შედგა ასევე ჩვენს მეზობელ ქვეყნებში - აზერბაიჯანსა და სომხეთში. სულ უფრო მტკიცდება ტრადიციულად მჭიდრო კეთილმეზობლური კავშირები ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან - თურქეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან", - აღნიშნა პრემიერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო