გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახურის უფროსი სოფო ჯაჯანაშვილი მუშაობას ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც განაგრძობს

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი სოფო ჯაჯანაშვილი მუშაობას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაშიც განაგრძოს.

გარდა ამისა, როგორც ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სამსახურში დარჩენისა და მუშაობის გაგრძელების თაობაზე შეთავაზება მიიღო პრეზიდენტ მარგველაშვილის ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილე, კობა ედელაშვილმა და საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელმა თამარ გოდერძიშვილმა.

"კობა ედელაშვილს გავუკეთე დარჩენის შეთავაზება. ამ წუთას ის გახლავთ პირველი მოადგილე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, მაგრამ, შესაძლოა, მომავალ ადმინისტრაციაში არ იყოს პირველი მოადგილე. კობა ედელაშვილი კვალიფიციური ადამიანია. საკამოდ გამოცდილია ფინანსურ სისტემაში მუშაობის კუთხით.

ასევე, დღეს რაც შემიძლია დაგიდასტუროთ, (ადმინისტრაციაში მუშაობის გაგრძელების თაობაზე) საფინანსოს ხელმძღვანელი, რომელთანაც ვმუშაობთ და რომელიც ერთ-ერთი წესიერი და გამოცდილი ადამიანია სახელმწიფო სამსახურში. ის გახლდათ ფინანსთა მინისტრის მოადგილე - ეს არის თამარ გოდერძიშვილი. ჩემი პირადი ნდობა აქვს და ნდობის შედეგად მიიღო მან შეთავაზება, რომ იმუშაოს ჩვენთან ერთად. ეს არის ის ორი ადამიანი, რომელთანაც ინტენსიურად ვმუშაობთ.

ამასთან, პრეზიდენტს უშუალოდ თავისი მოსაზრება აქვს, თუ ვის შეიძლება შევთავაზოთ, ადმინისტრაციაში სამუშაოდ დარჩენა. არ დაგიმალავთ, რომ გახლავთ ერთი ადამიანი, რომელიც წინა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, რომელიც ადრე ქალბატონ სალომესთანაც იყო რამდენიმე წელი. ეს არის სოფო ჯაჯანაშვილი", - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.