„ბილაინის“ მხარდაჭერით „ხანის აკადემიის” კომპიუტერული პროგრამირების გაკვეთილების ქართულად თარგმნა იწყება

მობილური ოპერატორი „ვიონი საქართველო“ (ბრენდი „ბილაინი“), საერთაშორისო ჯგუფი „ვიონის“ წევრი, საგანმანათლებლო ფონდი Educare Georgia-ს პროექტის, „ხანის აკადემიის” (Khan Academy) კომპიუტერული პროგრამირების უფასო კურსის ქართულად თარგმნის მხარდამჭერი გახდა.

როგორც დღეს კომპანიის მიერ გამართულ პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, პროექტის შედეგად, ქართულ ენაზე ითარგმნება და ადგილობრივ მოთხოვნებს მოერგება საერთაშორისოდ აღიარებული საგანმანათლებლო რესურსის, კომპიუტერული პროგრამირების საფუძვლების გაკვეთილები და უფასოდ ხელმისაწდომი იქნება საქართველოში ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც პროგრამირების შესწავლა სურს.

„ვიონი საქართველოს” გენერალური დირექტორის ანჯეი მალინოვსკის განცხადებით, დღეს, მსოფლიოში კომპიუტერული პროგრამირების საფუძვლების ცოდნა, ფაქტობრივად, ისეთივე მნიშვნელოვანია თანამედროვე ადამიანის განათლებისთვის, როგორც სხვა უნარების დაუფლება. მისი თქმით, პროგრამა საქართველოში 2019 წლის ივლისიდან იქნება ხელმისაწვდომი.

„ქართულ ენაზე 264 გაკვეთილი უნდა გადმოითარგმნოს და ისინი განკუთვნილი იქნება როგორც დამწყებთათვის, ისე ამ სფეროში გარკვეული ცოდნის მქონეთათვის. რატომ არის მნიშვნელოვანი ამ სახის ცოდნა? პროგრამირების ცოდნა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რამაა იმ სხვა საგანმანათლებლო პროგრამებს შორის, რაც დღეს არსებობს. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მისი შესწავლა საქართველოში უფრო გაგვემარტივებინა და კურსები ინგლისური ენიდან ქართულ ენაზე ვთარგმნეთ, რათა ყველასთვის უფრო ხელმისაწვდომი გაგვეხადა. ეს კურსები პროგრამირების უფრო სიღრმისეულად და სწრაფად შესწავლის საშუალებას იძლევა“, - განაცხადა ანჯეი მალინოვსკიმ.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, Educare Georgia-ს მიზანია, ინტერნეტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით, მსოფლიო დონის განათლება საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანისათვის ხელმისაწვდომი გახადოს. ფონდის წარმომადგენლის, გიორგი კვანტრიშვილის თქმით, „ხანის აკადემიის“ პროგრამირების კურსის სკოლებში დანერგვასთან დაკავშირებით Educare Georgia-ს გარკვეული გეგმები აქვს.

„ზოგადად, „ხანის აკადემია“ არის სრულიად უფასო ონლაინ-პლატფორმა და ემსახურება იმას, რომ განათლება ყველასთვის რაც შეიძლება, ხელმისაწვდომი იყოს. თავდაპირველად, ორიენტირი აღებული იყო STEM საგნებზე, ჩვენც ასე მოვიქეცით. პროგრამირებას რაც შეეხება, ჩვენთან რაღაც დონეზე უკვე არის დამკვიდრებული და გარკვეული კლუბები უკვე არსებობს, ვინც ჩვენს მასალას იყენებენ და როცა მასზე მუშაობა დასრულდება, იარსებებს პროგრამირების ენის შემსწავლელი კურსი. კარგი ის არის, რომ საკმარისია, პროგრამირების ერთ ენას მაინც დაეუფლო, შემდეგ მისი შესწავლა კიდევ უფრო მარტივდება“, - აღნიშნა გიორგი კვანტრიშვილმა.

Educare Georgia-ს ინფორმაციით, ამ დროისათვის ფონდს ნათარგმნი აქვს 1-დან მე-12 კლასის მათემატიკის მასალა, რაც მოიცავს 2,600 ვიდეოგაკვეთილსა და 70,000-მდე პრაქტიკულ სავარჯიშოს. ამასთან, მათემატიკის გაკვეთილების ქართულ ვერსიას უკვე 50,000-მდე მოსწავლე და მასწავლებელი იყენებს მთელი საქართველოს მასშტაბით.

რაც შეეხება „ხანის აკადემიას“ ის მსოფლიოში ერთერთი წამყვანი უფასო საგანმანათლებლო პლატფორმაა, სადაც წარმოდგენილია ათასობით ვიდეოგაკვეთილი და პრაქტიკული სავარჯიშო მათემატიკაში, ბიოლოგიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, კომპიუტერულ პროგრამირებაში, ეკონომიკაში, ხელოვნებაში და სხვა საგნებში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა