„საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანია“ და soplidan.ge პარტნიორები გახდნენ

„საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანია“ და soplidan.ge პარტნიორები გახდნენ. როგორც ორივე კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, იგეგმება მობილური აპლიკაციის შექმნა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს მობილური ტელეფონის საშუალებითაც მარტივად მოახდინოს სასურველი პროდუქციის შეკვეთა.

საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანია 2016 წელს დაფუძნდა და მისი მიზანია შექმნას მომარაგების დახვეწილი, მარტივი და უწყვეტი ჯაჭვი. კომპანიის მისიაა, ხელი შეუწყოს ფერმერებს პროდუქციის რეალიზებასა და მათთვის გასაღების ახალი და მუდმივი ბაზრის მოპოვებაში. soplidan.ge კი, ნამდვილი სოფლის პროდუტების ონლაინ მაღაზიაა, რომელიც 2015 წელს დაარსდა. ზრდას და განვითარებას დღემდე აგრძელებს. soplidan.ge-ს კონცეფცია სახლიდან გაუსვლელად მომხმარებლების სოფლის მეურნეობის პროდუქციით მომარაგებაა. პარტნიორობის სამომავლო გეგმებზე, კომპანიების სპეფიციკისა და სიახლეების შესახებ ჩვენ საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანიის დირექტორის მოადგილეს შალვა ჯაფარიძესა და soplidan.ge დამფუძნებელსა და დირექტორს ნათია ნინიკელაშვილს ვესაუბრეთ.

- პირველ რიგში, გთხოვთ, გაგვაცნოთ, რას საქმიანობს თქვენი კომპანიები?

- შ.ჯ. - საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანია 2016 წლის ბოლოს შეიქმნა და ბაზარზე ოპერირება 2017 წლის თებერვლიდან დაიწყო. კომპანიის მთავარი მიმართულება სასტუმროებისა და რესტორნების ქსელების ადგილობრივი კვების პროდუქტებით მომარაგებაა. ჩვენი საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია ფერმერებთან ურთიერთობა და მათი განვითარება. ადგილობრივი ფერმერებისგან ვყიდულობთ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას და ვთავაზობთ ისეთი მაღალი კლასის სასტუმროებს, როგორებიცაა „აჭარა ჯგუფი“-ის ქვეშ შემავალი სასტუმროები და რესტორნები. პირველ ეტაპზე, ჩვენი შეთავაზების პასუხად „აჭარა ჯგუფმა“ სატესტოდ ნაბიჯი გადმოდგა, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდით. საწყის ეტაპზე რამდენიმე დასახელების პროდუქტთან გვქონდა წვდომა. „აჭარა ჯგუფის“ რეკომენდაციით და ჩვენი ინიციატივით, ფერმერებს მოვაყვანინეთ სხვადასხვა სახის პროდუქტები და დღეისთვის, „აჭარა ჯგუფს“ ადგილობრივი კვების პროდუქტებით სრულად ვამარაგებთ.

ნ.ნ - soplidan.ge არის ონლაინ მაღაზია, სადაც თავმოყრილია 250 სახეობაზე მეტი სოფლის მეურნეობის პროდუქტი. ბაზარზე 2015 წლის ბოლოს გამოვჩნდით. ჩვენი კომპანიის მუშაობის პრინციპი ძალიან ჰგავს იმ კონცეფციას, რაზეც შალვამ ისაუბრა. თუმცა ჩვენი კონცეფცია არის უფრო ფიზიკურ პირებამდე პროდუქციის მიტანა. 24 საათის განმავლობაში, მომხმარებელი საიტზე უკვეთავს პროდუქტს და მეორე დღის განმავლობაში პროდუქცია სახლში მიგვაქვს. მომხმარებელს საფასური შეუძლია გადაიხადოს როგორც ონლაინ, ისე კურიერთან ნაღდი ანგარიშსწორებით ან პლასტიკური ბარათით. ჩვენი იდეის განხორციელებით ხელს ვუწყობთ ადგილობრივი, სოფლად მცხოვრები ფერმერების გაძლიერებას.

- „სადისტრიბუციო კომპანია“ და soplidan.ge პარტნიორობაზე შეთანხმდნენ. რას ითვალისწინებს შეთანხმება და როგორ გაგრძელდება ორ კომპანიას შორის თანამშრომლობა?

- შ.ჯ. - სანამ პარტნიორები გავხდებოდით, ჩვენ უკვე ვთანამშრომლობდით soplidan.ge-სთან და ვაწვდიდით მათ პროდუქციის გარკვეულ ნაწილს. სადისტრიბუციო კომპანიის შექმნისას, თავიდანვე გვქონდა სურვილი გავსულიყავით მოსახლეობის მომარაგების სეგმენტზეც, თუმცა არ გვქონდა ამის რესურსი. დღეს კი მზად ვართ უზრუნველვყოთ მოსახლეობისთვის ადგილობრივი ფერმერების მიერ ნაწარმოები პროდუქციის მიწოდება. ჩვენთვის ასეთი კომპანია, რომელსაც ამ მიმართულებით გამოცდილება ექნებოდა და ამავდროულად იქნებოდა ხარისხზე ორიენტირებული, იყო soplidan.ge. ვფიქრობ, ჩვენი გაერთიანება, როგორც ფერმერებისთვის, ასევე მოსახლეობისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება.

ნ.ნ. - soplidan.ge არ არის კონკრეტული ლოკაცია, სადაც შესაძლებელია პროდუქციის ყიდვა. ჩვენ, მომხმარებელს ვთავაზობთ მათ მითითებულ მისამართზე სასურველი პროდუქციის შეძენისა და მიტანის სერვისს.

- ასეთი სერვისები, როგორიც არის soplidan.ge , ერთგვარი სიახლეა სოფლის მეურნეობის პროდუქტების ბაზარზე. რამდენად პოპულარულია ვებგვერდი საზოგადოებაში და რა რაოდენობის მომხმარებელი გყავთ? როგორია ფასები?

- ნ.ნ. - დაინტერესება პირველივე დღიდანვე ძალიან მაღალი იყო, რადგან ეს არის პრეცედენტი ონლაინ გზით სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვის. შესაბამისად, ძირითადი პრობლემა, რაც ონლაინ გაყიდვებს აქვს, ეს არის ქცევის პრობლემა, რაც გამოიხატება იმაში, რომ პროდუქტზე ხელით შეხების და გასინჯვის ნაცვლად იყიდონ ონლაინ, არ იდგეს რიგში და პროდუქცია მიიღოს სახლში. ქცევის ცვლილება ხდება, თუმცა ეს ადვილი არ აღმოჩნდა. თუ მომხმარებელმა ერთხელ გადაწყვიტა ყიდვა, შემდეგ უკვე მუდმივი მომხმარებელი ხდება. ჩვენი სეგმენტი არის ისეთი მოსახლეობა, რომელიც დაკავებულია, მუშაობს, პატარა ბავშვი ჰყავთ და ვერ ახერხებენ დღის განმავლობაში პროდუქტის ყიდვას. რაც შეეხება ფასებს, ბაზრის ფასზე მაღალია, თუმცა ვცდილობთ, პრემიუმ მარკეტის ფასებს არ ავცდეთ.

შ.ჯ. - პროდუქცია, რომელიც ჩვენ მიგვაქვს მომხმარებლამდე არის ჯანსაღი. თითოეულ პროდუქტში ნიტრატების რაოდენობის შემოწმება ხდება სპეციალური მოწყობილობის საშუალებით, შესაბამისად, პასუხისმგებლობას ვიღებთ პროდუქციის ხარისხზე და ვარგისიანობაზე.

- როგორ ხდება კომუნიკაცია ფერმერებთან?

- შ.ჯ. - ვინაიდან ბაზარზე ოპერირება ახალი დაწყებული გვქონდა, საწყის ეტაპზე დახმარება საქართველოს ფერმერთა ასოციაციას ვთხოვეთ. მადლობა მინდა გადავუხადო მათ გაწეული დახმარებისთვის. ასე შევქმენით ბაზები, დავაკონტრაქტეთ ფერმერები და დავიწყეთ მუშაობა. რაც უფრო დრო გადის, კომპანიაც უფრო და უფრო ცნობილი ხდება ფერმერებშიც. ჩვენ დღესაც მზად ვართ ვითანამშრომლოთ ნებისმიერ ფერმერთან, რომელიც დააკმაყოფილებს წარმოების ჩვენს სტანდარტებს.

- საინტერესოა, რა სარგებელი მოაქვს ფერმერებისთვის თქვენთან ურთიერთობას?

- შ.ჯ.- სტაბილურობა და ანაზღაურების მათთის მისაღები ფორმა. ჩვენთან თანამშრომლობით ფერმერებმა წინასწარ იციან კონკრეტული პროდუქციის სავარაუდო ყოველთვიური რაოდენობა, რაც მათ გარანტირებულ გასაღების ბაზარს აძლევს.

ნ.ნ - კონტრაქტზე დამყარებული თანამშრომლობა ფერმერს აძლევს მიმართულებას. მან იცის მოთხოვნა როგორც ხარისხზე, ასევე რაოდენობაზე და სპონტანურად აღარ უწევს პროდუქციის წარმოება. ფერმერთა ასოციაცია Geo Gap-ზეც მუშაობს, რაც ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების სტანდარტის შექმნას გულისხმობს.

ლექსო ნაბახტეველი

„ინტერპრესნიუსი“

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა