ქეთევან ციხელაშვილი - ვიდრე გადაუჭრელი კონფლიქტი გვაქვს, ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიები არ არსებობს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საერთაშორისო კონფერენციას - „კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევების პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები“ მასპინძლობენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, საგანგებოდ კონფერენციისათვის საქართველოს უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი ვადიმ ჩერნიში და რეინტეგრაციის საკითხებში მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი კრისტინა ლესნიკი ეწვივნენ. მათივე ცნობით, კონფერენციაზე განიხილება ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული და საერთაშორისo მექანიზმები და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზები.

როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, კონფერენციის მიზანია, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის ათი წლის თავზე არსებული ვითარების ანალიზი, კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევების პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგების განხილვა და საქართველოს მსგავსი გამოწვევების წინაშე მდგომი აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების- უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკის თვალსაზრისის მოსმენა.

სახელმწიფო მინისტრმა კონფერენციას უმნიშვნელოვანესი უწოდა და განაცხადა, რომ მას ძალიან დიდი როგორც სიმბოლური, ისე პრაქტიკული დანიშნულება აქვს.

„კიდევ ერთხელ გვინდა მივაპყროთ საერთაშორისო საზოგადოებისა და ადგილობრივი აქტორების ყურადღება იმ მნიშვნელოვანი გამოწვევისკენ, რაც განგრძობით ოკუპაციას ახლავს თან. ეს უსაფრთხოების გამოწვევაა ევროპისათვის და ამავდროულად, ეს არის ყოველდღიური გამოწვევა ათასობით ადამიანისათვის. ესენი არიან დევნილები, რომლებიც საკუთარ სახლებში დაბრუნებას ვერ ახერხებენ, მავთულხლართებით გახლეჩილ სოფლებში მცხოვრები ადამიანები და ამ მავთულხლართების მიღმა, გაცილებით უფრო რთულ მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობა. მათი უფლებები ყოველდღიურად ილახება. დაწყებული უკანონო დაკავებებიდან, დასრულებული უდიდესი ტრაგედიებით, რომლებიც ამ წლების განმავლობაში გადავიტანეთ. ვგულისხმობ დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობებს. ეს უმძიმესი ფაქტები გვახსენებს იმას, რომ ვიდრე გადაუჭრელი კონფლიქტი გვაქვს, ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიები არ არსებობს. იმ ვითარებაში, როცა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში უკვე 10 წელია არც ერთი საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმი, ან ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმი არ მოქმედებს, რადგან მათი შეღწევა ვერ ხერხდება, რა თქმა უნდა ადამიანის უფლებების მხრივ მდგომარეობა ძალიან მყიფეა.

დღეს გვინდა, ჩემს უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად განვიხილოთ ეს გამოწვევა უფრო ფართო, რეგიონალურ კონტექსტში, რადგან საუბედუროდ, მათაც იგივე პრობლემა აქვთ გადაუჭრელი კონფლიქტისაგან გამოწვეული მიმდინარე ოკუპაციის სახით. შესაბამისად ყველგან, ადამიანები ამ ხელოვნური ბარიკადების მიღმა, ძალიან მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაში იმყოფებიან“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

კონფერენციაში მონაწილეობას აგრეთვე იღებენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების, საქართველოს მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელები.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს