საია - ვენეციის კომისიის დასკვნა პროკურატურასა და სასამართლოში ძირეული რეფორმების საჭიროებაზე მიუთითებს

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საპროკურორო საბჭოს მოწყობასა და ფუნქციებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნა გამოქვეყნდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან“ აცნობეს, ვენეციის კომისიის დასკვნამ კიდევ ერთელ დაადასტურა მართლმსაჯულების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმების გატარების საჭიროება, მათ შორის ისეთ საკითხებზე, რაზეც მრავალი წელია საია და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებს აქტიურად მიუთითებდნენ.

„ამასთან, ვენეციის კომისიის დასკვნა შეიცავს არაერთ მნიშვნელოვან რეკომენდაციას რეფორმების გატარების კონკრეტულ გზებთან დაკავშირებით, რაც ყურადსაღებია სასამართლოსა და პროკურატურაში რეალური ცვლილებების მიღწევისთვის.

განსაკუთრებით საყურადღებოა ვენეციის კომისიის დასკვნის ის ნაწილები, რომლებიც მიუთითებენ პროკურატურის სისტემის დეპოლიტიზირების საჭირებასა და გზებზე“, - ნაქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, განცხადებაში, რომელსაც საია ავრცელებს, აღნიშნულია, რომ ვენეციის კომისიის დასკვნით, პროკურატურის მკაცრად ცენტრალიზებული სისტემა და ყველა დონის ინდივიდუალური პროკურორის პირდაპირი დაქვემდებარება გენერალურ პროკურორთან, რომელიც ამჟამად მოქმედებს საქართველოში, მთავარ ხაზად გასდევს ვენეციის კომისიის დასკვნას და რამდენიმე თვალსაზრისით არის დაწუნებული კომისიის მიერ. მათ შორის არის ასეთი სისტემის შეუსაბამობა პროკურატურის როგორც გარე, ისე შიდა დამოუკიდებლობასთან.

„ასევე, აღნიშნულია, რომ პროკურატურის სისტემის არსებული სტრუქტურა ხელშემშლელია ამ სისტემის საქმიანობის მიმართ საზოგადოების ნდობის მოპოვების საქმეში. აღნიშნულ საკითხზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ თავის საჯარო განცხადებაში, რომელიც მოქმედი გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის თანამდებობაზე დანიშვნისთანავე მის მიერ პროკურატურის სისტემაში გამოცხადებულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით გამოქვეყნდა. მაშინ საიამ მოუწოდა შალვა თადუმაძეს პროკურატურის სისტემის სტრუქტურულ ერთეულებში ცვლილებებზე მუშაობა წარემართა უფრო დიდი რეფორმის ფარგლებში, რაც მოემსახურებოდა პროკურატურის სისტემის დეპოლიტიზირების მიზანს, საზოგადოებრივი ჩართულობის უზრუნველყოფით. პროკურატურის სისტემაში აღნიშნული რეორგანიზაციის შედეგების თაობაზე რაიმე ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილი არ გამხდარა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან მიმართებაში ვენეციის კომისიის მოსაზრებები და რეკომენდაციები ასევე ეხება ისეთ საკითხებს, რაზეც საია მრავალი წელია ამახვილებს ყურადღებას თავის განცხადებებსა თუ ანგარიშებში.

„მათ შორის არის, საჭიროება, რომ საბჭოს ყველა გადაწყვეტილება იყოს დასაბუთებული; რომ კანონით დადგინდეს ზოგადი მოთხოვნა საბჭოს სხდომების ღიად გამართვის შესახებ, და სხვა. აღსანიშნავია, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა შეიცავს მითითებებს კომისიის წინა დასკვნებზეც, რაც გასულ წლებში გამოქვეყნდა როგორც პროკურატურის, ისე სასამართლო სისტემის რეფორმის საკითხებთან დაკავშირებით. ამ კუთხით კომისია ხაზს უსვამს იმ რეკომენდაციებს, რომლებიც რეფორმაზე პასუხისმგებელი უწყებების მიერ არ იქნა გათვალისწინებული და კვლავ მოუწესრიგებელია.

მოვუწოდებთ ყველა შესაბამის უწყებას, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოში მართლმსაჯულების სისტემაში რეფორმების განხორციელებაზე, უზრუნველყონ, რომ სასამართლოს და პროკურატურის სისტემების რეფორმის პროცესი გახდეს უფრო ყოვლისმომცველი, რეალურ გამოწვევებსა და პრობლემებზე ორიენტირებული და დროული“, - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო