უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი სოზარ სუბარს შეხვდა

უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი ვადიმ ჩერნიში პრემიერ-მინისტრის მრჩეველს რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა იყო. ასევე, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილი ათასობით ოჯახის მდგომარეობასაც, რომელთა უფლებებიც მუდმივად ირღვევა, ვინაიდან ისინი საკუთარ სახლებში დაბრუნებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობას. დაისახა სამომავლო გეგმები. სამომავლოდ მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობისათვის მზადყოფნა გამოითქვა.

უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი ვადიმ ჩერნიში საქართველოში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის მოწვევით, საგანგებოდ საერთაშორისო კონფერენციისათვის „კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევების პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები“ იმყოფება.