კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევების საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად საერთაშორისო კონფერენციას „კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევების პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები“ უმასპინძლა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, კონფერენციის მიზანი იყო, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის ათი წლისთავზე არსებული ვითარების ანალიზი, კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევების პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგების განხილვა და საქართველოს მსგავსი გამოწვევების წინაშე მდგომი აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების, როგორიც არის უკრაინა და მოლდოვას რესპუბლიკა, თვალსაზრისის მოსმენა.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, მომხსენებლებმა ჰუმანიტარული გამოწვევები, საერთაშორისო პარტნიორების როლი, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული და საერთაშორისო მექანიზმები და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზები განიხილეს.

ამასთან, მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარებისთვის 2008 წლის ტრაგიკული მოვლენების დამანგრეველ შედეგებზე და გადაუჭრელი კონფლიქტის პირობებში ქვეყნის წინაშე მდგარ სირთულეებზე ისაუბრა. ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების, მათ შორის სახალხო დამცველის აპარატისა და სამოქალაქო საზოგადოების მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას ძალადობრივი კონფლიქტების თავიდან აცილებისა და გადაწყვეტის საქმეში.

„კონფლიქტების მოგვარების საუკეთესო საშუალება მათი თავიდან აცილებაა. ამას შეიძლება მივაღწიოთ სიძულვილის, შეუწყნარებლობის და დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლით, ღირსების, თანასწორობისა და პატივისცემის უზრუნველყოფით, გადაწყვეტილებების მიღებაში საზოგადოების ჩართვით და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების შექმნით. მე ვადასტურებ, რომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მზად არის დარჩეს საიმედო და სანდო პარტნიორი ამ მიზნის მიღწევის პროცეში“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

როგორც სახალახო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კონფერენციის ფარგლებში გამართულ სესიაზე გამოსვლისას ნინო ლომჯარიამ ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის როლს კონფლიქტისა და მის შემდგომ პერიოდში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების დოკუმენტრების პროცესში, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლების დაცვის პრიორიტეტულობას; მოკლედ მიმოიხილა მოლაპარაკებების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვის მნიშვნელობა; ისაუბრა საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების არარასებობაზე და მათი სიცოცხლის უფლების დარღვევის შემთხვევაშიც კი დამნაშავეთა დაუსჯელობაზე. ასევე, სახალხო დამცველმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრებთათვის რეფერალური ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე და ამ თვალსაზრისით საქართველოს სახალხო დამცველისა და სამოქალქო საზოგადოების ერთობლივ ძალისხმევაზე. ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, რომ თვალყურს მიადევნებს ხელისუფლების ინიციატივების შესრულების პროცესს.

ღონისძიებაში მონაწილეობა უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა ვადიმ ჩერნიშიმ, მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა რეინტეგრაციის საკითხებში კრისტინა ლესნიკიმ, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების და აკადემიური წრეების, ასევე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელებმა მიიღეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა