ადრეული ქორწინების პრაქტიკის მიმართ მრავალსექტორული რეაგირების საკითხზე გაფართოებული სამუშაო შეხვედრა გაიმართება

19 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამართავს სამუშაო შეხვედრას, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს სექტორთაშორისი თანამშრომლობის გაუმჯობესებას ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების პრაქტიკის პრევენციისათვის.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მიერ მომზადებული ანალიტიკური ანგარიში ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების შემთხვევების და მათზე რეაგირების პრაქტიკის შესახებ.

ამასთანავე, წარდგენილი იქნება ადრეული ქორწინების საზიანო პრაქტიკის შესახებ ქცევის ცვლილებაზე ორიენტირებული საკომუნიკაციო სტრატეგიის (COMBI) ძირითადი მიმართულებები და გაიმართება დისკუსია ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინებაზე მრავალსექტორული კოორდინირებული რეაგირების გაუმჯობესების კონკრეტულ ნაბიჯებზე.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის თაოსნობით, ბოლო 3 წელია მოღვაწეობს ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების საკითხზე მომუშავე სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომლის მისიაა ქვეყანაში არსებული საზიანო პრაქტიკების თავიდან აცილებისა და აღმოფხვრის მიზნით ღონისძიებების სტრატეგიული დაგეგმვა და სხვადასხვა დაინტერესებული მხარის კოორდინირებული მუშაობის ხელშეწყობა.

ჯგუფის შემადგენლობაში შედიან შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები, გაეროს გენდერის თემატური ჯგუფის წევრები (საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციები), სახალხო დამცველის აპარატის და ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ ეტაპზე, დაგროვილი გამოცდილების შეჯამების მიზნით და სამომავლო ნაბიჯების დასაგეგმად, ეწყობა გაფართოებული შეხვედრა, რომელშიც, ჯგუფის წევრებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ აღნიშნულ საკითხებზე თემატურად მომუშავე სამთავრობო უწყებები მინისტრის მოადგილეების დონეზე.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის, ლელა ბაქრაძის თქმით, ადრეული ქორწინება გოგონებისთვის მძიმე შედეგების მომტანია, ხშირ შემთხვევაში, მათ სოციალურ და უფლებრივ გარიყვას იწვევს, ხელს უშლის გოგონებს განათლების დასრულებაში და მათი პოტენციალის სრულ გამოვლენაში.

„მოზარდობის ასაკში ორსულობა და მშობიარობა კი დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებს. ადრეული ქორწინების გამომწვევი მიზეზები კომპლექსურია და, შესაბამისად, ვითარების გასაუმჯობესებლად მრავალმხრივი მუშაობაა საჭირო, როგორც პოლიტიკის და კანონმდებლობის დონეზე, ასევე თემებთან და თვითონ მოზარდებთან მათი დამოკიდებულების შესაცვლელად“, - განაცხადა მან.

შეხვედრის ორგანიზატორები არიან გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია, შინაგან საქმეთა სამინისტრო და UNFPA-ს საქართველოს ოფისი. შეხვედრა ტარდება გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს