პაატა ბურჭულაძე -  იური ტემირკანოვის იუბილეზე მომავალშიც აუცილებლად ჩავალ და თავს დავუკრავ ყველა დიდ ხელოვანს, მით უფრო, ვისაც ასეთი სიკეთე და მეგობრობა აკავშირებს საქართველოსთან

პაატა ბურჭულაძე სანქტ-პეტერბურგში გამართულ კონცერტში მონაწილეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ინტერპრესნიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „ამდენი სიძულვილის დათესვა თუ შეიძლებოდა საქართველოში ვერასდროს ვიფიქრებდი, მაგრამ ის რაც დღეს ააგორეს, 2009 წელს უკვე გამოვიარე. ერის მოღალატედაც ვიყავი გამოცხადებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დასახმარებლად მოსკოვში გამართული საქველმოქმედო კონცერტის გამო. ამჯერად, მსოფლიოს უდიდესი მაესტროსა და ჩემი დიდი ხნის მეგობრის, იური ტემირკანოვის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილ გალა-კონცერტში ვიღებდი მონაწილეობას მისივე პატივსაცემად და მისივე მიწვევით.

აუცილებლად ჩავალ და მივულოცავ დიდ მაესტროს ყველა მომდევნო იუბილესაც. მთელი ცხოვრება მემახსოვება და მისი მხარდაჭერის მადლიერი ვიქნები. ომის შემდეგ, როდესაც ბევრი ჩემი კოლეგა თავს იკავებდა საქართველოში ჩამოსვლისგან, იური ტემირკანოვი 2013-ში მთელი თავისი ორკესტრით ჩამოვიდა თბილისში და საქველმოქმედო კონცერტი გამართა ქართველი ბავშვების დასახმარებლად. 2008 წელსაც იყო ჩამოსული ჩემს იუბილეზე და სხვათა შორის, მაშინდელი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ესწრებოდა კონცერტს, მიუხედავად დაძაბული ვითარებისა, არავის უთქვამს, რომ ტემირკანოვი და მისი ორკესტრი უკრავდა სააკაშვილისთვის. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ისეთ დიდ ხელოვანებს, როგორიც იური ტემირკანოვია, ყველა ქვეყანაში, მათ შორის ქვეყნის პირველი პირები, განსაკუთრებულ პატივს სცემენ.

ბოლო წლებმა დამარწმუნა, რომ ადამიანს ადამიანისთვის არათუ ტალახის სროლა, პირდაპირი გაგებით ხორცის გლეჯვაც შეუძლია. ვეღარაფრით გამაკვირვებს ვერც ერთი „დიდი პატრიოტი“. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იური ტემირკანოვის იუბილეზე მომავალშიც აუცილებლად ჩავალ და თავს დავუკრავ ყველა დიდ ხელოვანს, მით უფრო, ვისაც ასეთი სიკეთე და მეგობრობა აკავშირებს საქართველოსთან.

მთელი ჩემი ცხოვრება როგორც შემეძლო ვემსახურე ჩემს ქვეყანას და იმ თითოეულ ქართველს, ვისაც ჩემი თანადგომა სჭირდებოდა. ბევრი სითბო და სიყვარულიც მიმიღია, რისთვისაც ყოველთვის მადლიერი ვიქნები და ვისაც არ მოვწონვარ ან არ მოსწონს ჩემი ცხოვრების წესი, ვუსურვებ თავად შექმნან უკეთესი. და საერთოდ, ჩემს წინააღმდეგ კამპანიების აგორებაში დახარჯული ფული, დრო და ძალისხმევა, სჯობს ქვეყნის გადარჩენისკენ მიმართოთ, რომელიც თავზე გვენგრევა“, - აცხადებს პაატა ბურჭულაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა