მფლობელებს არასწორად განთავსებული ჯიხურების აღება მოუწევთ

თბილისი არ უნდა იყოს და არ იქნება ჯიხურების ქალაქი, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, მფლობელებს, რომლებსაც ჯიხურები არასწორ ადგილზე აქვთ განთავსებული, 3-დან 6-თვემდე ვადა მიეცემათ, რომ ობიექტების ადგილმდებარეობა გაასწორონ, წინააღმდეგ შემთვევაში, მათ ობიექტების აღება მოუწევთ.

„დაახლოებით 6 წლის წინ, თბილისის მაშინდელმა მთავრობამ კიდევ ერთი არასწორი გადაწყვეტილება მიიღო: ქალაქში დაახლოებით 2500 ჯიხური განთავსდა. ყველაზე ცუდი ამ ყველაფერში არის ის, რომ მათი დიდი ნაწილი ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით არასწორ და ზოგ შემთხვევაში, კანონმდებლობით დაუშვებელ ადგილებშია განთავსებული, რაც გარკვეული პრობლემების მიზეზი ხდება. მაგალითად, გზისპირას განთავსებული ჯიხურები, რის გამოც მუდმივად ფერხდება სატრანსპორტო მოძრაობა, ზოგ შემთხვევაში ტროტუარზე განთავსებული ჯიხური პრაქტიკულად არ ტოვებს ქვეითის გასავლელ ადგილს და ა.შ.

ხსენებული ჯიხურების უმრავლესობას სულ ახლახან გაუვიდა იჯარის ვადა და შესაბამისად, დღეს, იმ გარემოებაში გვიწევს გადაწყვეტილებების მიღება, როდესაც ეს 2500 ჯიხური დაახლოებით ამდენივე და ალბათ კიდევ უფრო მეტი ადამიანის ერთადერთი შემოსავლის წყაროა. მე კარგად მესმის ამ ადამიანების, რომ ასე მარტივად ვერ მოხდებოდა ამ ჯიხურების აღება, მაგრამ გარკვეულ პრინციპულ მიდგომებზე აუცილებლად უნდა შევთანხმდეთ.

თბილისი არ უნდა იყოს და არ იქნება ჯიხურების ქალაქი. ყველა ის ჯიხური, რომელიც მდებარეობიდან გამომდინარე არ არის პრობლემური, დარჩება, ამ ადგილებზე ხელახლა გამოცხადდება აუქციონები და მათ მიეცემათ შესაძლებლობა ახალი ვადით აიღონ საიჯარო უფლება.

ჩვენ დეტალურად გვაქვს აღრიცხული ყველა ის ობიექტი, რომელიც ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით არასწორ ადგილზეა განთავსებული. ასეთ ჯიხურებს მერია დამატებით ვადას განუსაზღვრავს 3-დან 6-თვემდე, მოხდება იჯარის ვადის გადაცილებიდან დღემდე უკანონოდ ყოფნის პერიოდის ლეგალიზება და მიეცემათ დამატებითი ვადა, რა დროსაც მათ ექნებათ ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა. როცა დამატებითი ვადის ამოიწურება, მაშინვე უნდა აიღონ მფლობელებმა ასეთი ჯიხურები. მერია მზადაა, თითოეულ ასეთ ობიექტთან მჭიდროდ ითანამშრომლოს, რომ მოიძებნოს სხვა ალტერნატიული, ქალაქისთვის უპრობლემო ადგილები",- განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო: "თბილისი არ უნდა იყოს და არ იქნება ჯიხურების ქალაქი" - რა ცვლილებებს გეგმავს თბილისის მერია

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს