ია მეტრეველი - როგორც ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, სააკაშვილმა და ოქრუაშვილმა ერთად გასცეს ბრძანება, რომ პატრულის იმიჯი არ უნდა შელახულიყო

როგორც ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, სააკაშვილმა და ოქრუაშვილმა ერთად გასცეს ბრძანება, რომ პატრული არაფრით არ უნდა დაზარებულიყო და პატრულის იმიჯი არ უნდა შელახულიყო, - ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ბუტა რობაქიძის საქმეზე გუშინ დამდგარ განაჩენს გამოეხმაურა. ია მეტრეველმა აღნიშნა, რომ უკვე დაწყებულია მეორე საქმე, რომელიც ეხება არა შემსრულებლებს, არამედ იმ მაღალჩინოსნებს, ვინც ბრძანება გასცა.

მისი თქმით, ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება საქართველოში სამართლიანობის დადგომას.

„ჩემთვის მთავარი იყო საზოგადოება დარწმუნებულიყო იმაში, რომ ჩემი შვილი აბსოლუტურად უდანაშაულო იყო. დამნაშავეებს უნდოდათ ეს ყველაფერი იმ ბიჭებისთვის გადაებრალებინათ, რომლებიც ბანდიტებად გამოაცხადეს. ამ ბავშვების უდანაშაულობა რომ დამტკიცდა, ეს იყო მნიშვნელოვანი. ამით არ დასრულებულა ეს საქმე. სახელმწიფოში იყო დამკვიდრებული ბოროტი სისტემა, რომელიც სააკაშვილმა შექმნა. ამ საქმეში მთლიანი სახელმწიფო მანქანა იყო ჩართული თავის მაღალჩინოსნებით. უკვე დაწებულია მეორე - მაღალჩინოსნების საქმე, რომელშიც შედიან, როგორც ოქრუაშვილი, ასევე სხვა მაღალჩინოსნები, ანუ ვინც გასცა ბრძანება“, - განაცხადა ია მეტრეველმა.

ია მეტრეველი ფიქრობს, რომ იმ პატრულების საკითხიც დადგება, რომლებიც კადრებში ჩანან და განსაკუთრებული სისატიკით გამოირჩევიან.

„მე გუშინ მოვითხოვე ბატონი გახარიასგან, რომ აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ ამ პატრულებით და ისინი არ უნდა მუშაობდნენ ძალოვან სტრუქტურებში. ისინი დღესაც განაგრძობენ ადგილებზე მუშაობას და ზოგიერთი დაწინაურებულიც არის“, - განაცხადა ია მეტრეველმა.

მისივე თქმით, მაშინ ოქრუაშვილი იყო მინისტრი და ახლა ცდილობს პასუხისმგებლობას გაექცეს.

„როგორც ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, სააკაშვილმა და ოქრუაშვილმა ერთად გასცეს ბრძანება, რომ პატრული არაფრით არ უნდა დაზარებულიყო და პატრულის იმიჯი არ უნდა შელახულიყო, რადგან სააკაშვილის საამაყო რეფორმა იყო სწორედ პატრული“, - განაცხადა ია მეტრეველმა.

მისივე თქმით, პირველივე დღიდან მიაჩნია, რომ ყველაზე დიდი დამნაშავე არის მიხეილ სააკაშვილი.

„პირველივე დღიდან ყველაზე დიდ დამნაშავედ მიხეილ სააკაშვილი მიმაჩნია, რადგან მან გასცა ბრძანება ნულოვანი ტოლერანტობის შესახებ. ის არის თავი ყველა იმ უბედურების, რაც ჩვენს ქვეყანაში დატრიალდა და დღემდე გრძელდება. ის არის ყველა გეგმის ავტორი. დღესაც კარგად ვისმენდით, როგორ მოუწოდებს სახელმწიფო გადატრიალებისკენ. ის არის ძალიან დიდი ბოროტება, მან შექმნა ის სისტემა“, - განაცხადა ია მეტრეველმა.

ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები: ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო.

უფრო კონკრეტულად: გურამ დონაძეს სასჯელის სახით 5 წლით და 3 თვით ვადით პატიმრობა მიესაჯა და აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლით და 3 თვის ვადით; დავით იაშვილს სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლით 3 თვის ვადით პატიმრობა და აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლითა და 3 თვის ვადით; ზურა მიქაძეს სასჯელის სახით 6 წლით და 3 თვის თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, თანამდებობის დაკავება კი 2 წლით და 3 თვის ვადით აეკრძალა; ირაკლი ფირცხალავას სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 5 წლით და 3 თვის ვადით, ხოლო 2 წლით და 3 თვის ვადით სახელმწიფო თანამდებობის დაკავება აეკრძალა.

ზაზა ბაქრაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და მას სასჯელის სახით განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 4 წლითა და 6 თვის ვადით, ასევე ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და 2 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა