ქეთევან ციხელაშვილმა უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა ვადიმ ჩერნიშმა და რეინტეგრაციის საკითხებში მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა კრისტინა ლესნიკმა ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები სურვილს გამოთქვამენ განამტკიცონ და შემდგომში განავითარონ თანამშრომლობა კონფლიქტების მოგვარებისა და მშვიდობის მშენებლობის სფეროში მიღებული გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების თვალსაზრისით. მისი მიზანია სამმხრივი უწყებათაშორისი პლატფორმის შექმნა, სტრატეგიული რეგიონალური თანამშრომლობის დაწყება და ორმხრივი მხარდაჭერისათვის გზების განსაზღვრა.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, სამივე ქვეყანას დღემდე ერთმანეთის მსგავსი პრობლემა აქვს გადაუჭრელი კონფლიქტებისა და ოკუპირებული ტერიტორიების სახით. შესაბამისად, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით ძალისხმევის გაერთიანება კიდევ უფრო ეფექტურს გახდის საქმიანობას, რომელიც პირველ რიგში ადამიანების უფლებრივი და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებას უკავშირდება.

„ჩვენ გუშინ კონფერენციაზე განვიხილეთ არსებული ვითარება და გამოწვევებთან გამკლავების გზები. ასევე მნიშვნელოვანია პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდებზე საუბარი და ინფორმაციის გაცვლა. ჩემს კოლეგებს დავპირდი, რომ კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას მივაწვდი საქართველოს ჩართულობისა და შერიგების პოლიტიკის თაობაზე. მათ შორის ახალი სამშვიდობო ინიციატივის შესახებ, რომელიც მომავალი წლის დასაწყისიდან ფაქტობრივად სრულად ფუნქციონირებადი გახდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორების მხარდაჭერა გვაქვს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებს, რომელთაც ყველაზე კარგად ესმით თუ რა პრობლემებთან გვიწევს გამკლავება, რადგან თავადაც ანალოგიურ მდგომარეობაში არიან, ჰქონდეთ ჩვენი მხარდაჭერა, კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია გავცვალოთ, ერთმანეთს გამოცდილება გავუზიაროთ, რაც დაგვეხმარება ჩვენი პოლიტიკა უფრო ეფექტური იყოს.

ჩვენ მშვიდობისათვის, ხალხის კეთილდღეობისათვის ვმუშაობთ, იმ ადამიანებისათვის, რომლებიც გადაუჭრელი კონფლიქტით არიან დაზარალებულნი. ვმუშაობთ ჩვენი ქვეყნების მშვიდობიანად გაერთიანებისა და ჩვენი ხალხების შერიგებისათვის“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მემორანდუმზე ხელის მოწერამდე სამმხრივი შეხვედრა გაიმართა, სადაც სამი ქვეყნის მინისტრმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია მიმოიხილა. ხაზი გაესვა საერთო პრობლემის მქონე ქვეყნების ურთიერთობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობას. მხარეებმა თანამშრომლობისათვის სრული მზაობა გამოთქვეს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს