მაია ბითაძე - ხეების დაავადების მასშტაბი დედაქალაქში უპრეცენდენტოა - პრაქტიკულად ყველა ფიჭვის კორომი დაავადებულია და განკუნებას არ ექვემდებარება

ხეების დაავადების მასშტაბი დედაქალაქში უპრეცენდენტოა; პრაქტიკულად ყველა ფიჭვის კორომი დაავადებულია და განკუნებას არ ექვემდებარება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ბითაძემ აღნიშნა, საუბარია ათი ათასობით დაავადებულ ხეზე, როგორც ურბანულ გარემოში ასევე თბილისის სატყეო უბნებში.

„ზოგადად, თბილისში ძალიან მძიმე მდგომარეობაა, განსაკუთრებით შავ ფიჭვებთან მიმართებით, რომლებიც მთლიანად ამორტიზირებული და დაავადებულია. მასშტაბი დაავადებების არის ძალიან დიდი, რაც უკვე ვიზუალურად ჩანს. შესაბამისად, როგორც წელს, ასევე მომდევნო წელს დაგეგმილია სანიტარული ჭრა. საუბარია 10 ათასობით ხეზე, რომელიც ურბანულ გარემოში, ასევე თბილისის სატყეო უბნებში იქნება ამოღებული გარემოდან. თუმცა, იმ პროგრამის მიხედვით, რომელსაც მუნციპალიტეტი გეგმავს, თითოეული ხის ნაცვლად დაირგვება ახალი ხე, იმ სტანდარტების მიხედვით, რაც ჩვენ უკვე დავნერგეთ.

დაავადების მასშტაბი დღეს არის უპრეცედენტო და პრაქტიკულად ყველა ფიჭვის კორომი, რომელიც თბილისში გავაქვს არის დაავადებული და სამწუხაროდ, განკუნებას არ ექვემდებარება, რაზედაც გვაქვს რეკომენდაციები ჩვენი ესპანელი პარტნიორებისაგან. ესპანელი პარტნიორები რამდენიმე ხნის წინ იყვნენ ამ მიზნით ჩამოსული და სავალალო რეკომენდაციები დადეს. შესაბამისად, გეგმა არის მწვანე საფარის მთლიანი განახლება, როგორც ფერდობებზე, ასე ურბანულ გარემოში“, - განაცხადა მაია ბითაძემ.