ტვირთბრუნვის მონიტორინგის განხორციელების შეთანხმების აღსრულებაზე რუსეთ-საქართველო-შვეიცარიის კომიტეტის სხდომა, სავარაუდოდ, იანვრის მეორე ნახევარში გაიმართება

შვეიცარიის კონფედერაციის შუამავლობით, ტვირთბრუნვის მონიტორინგის განხორციელების შესახებ შეთანხმების აღსრულებაზე რუსეთ-საქართველო-შვეიცარიის ერთობლივი კომიტეტის სხდომა, სავარაუდოდ, იანვრის მეორე ნახევარში გაიმართება. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელმა, დროებითმა რწმუნებულმა, გიორგი ზაქარაშვილმა განაცხადა.

"შეთანხმების რეალიზაცია დაწყებულია და საუბარი არის კონკრეტულ ტექნიკურ საკითხებზე, რომლებიც უნდა გადაწყდეს როგორც საქართველოში, ისე რუსეთსა და შვეიცარიაში და ასევე ერთობლივად. შეთანხმების ფარგლებში არსებობს ერთობლივი კომიტეტი, რომელიც მოწოდებულია, რომ ტექნიკური საკითხები განიხილოს. იმედი გვაქვს და სავარაუდოდ, ამ კომიტეტის სხდომა იქნება იანვრის მეორე ნახევარში და სწორედ ამის შემდეგ გამოჩნდება, როდის და როგორ განვითარდება მოვლენები. მას შემდეგ, რაც რუსეთმა და საქართველომ გადარიცხეს შესაბამისი თანხები და თავისი ვალდებულებები შეასრულეს, SGS-თან დაკავშირებით და შეიქმნა შესაბამისი ინსტრუმენტები სხვადასხვა ფონდის და სხვა სახით, მას შემდეგ ქართული მხარე აუცილებლად ვთვლით, რომ ჩატარდეს კომიტეტის ერთობლივი სხდომა, რათა განვიხილოთ ის საკითხები, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია მნიშვნელოვნად, შეთანხმების შემდგომი რეალიზებისათვის. ყველაფერი დამოკიდებულია ამ შეხვედრაზე", - განაცხადა გიორგი ზაქარაშვილმა.

მისივე თქმით, შეხვედრა სავარაუდოდ შვეიცარიაში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 9 ნოემბერს, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, შვეიცარიის კონფედერაციის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მთავრობებმა დოკუმენტების პაკეტს მოაწერეს ხელი. პირველი საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ბრუნვის მონიტორინგის მექანიზმის ძირითადი პრინციპების შესახებ ორმხრივი შეთანხმებაა, მეორე - ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც შვეიცარიის, როგორც ნეიტრალური მესამე მხარის როლს განამტკიცებს. მესამე: სამივე მხარემ - საქართველომ, რუსეთმა და შვეიცარიამ გაცვალეს დოკუმენტები იმ საერთაშორისოდ აღიარებული ნეიტრალური კერძო კომპანიის მოქმედების პირობების განსაზღვრის მიზნით, რომელსაც მონიტორინგის განხორციელების მანდატს შვეიცარიის მთავრობა მიანიჭებს. საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ბრუნვის მონიტორინგის მექანიზმი ა) ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის სისტემას (EDES) და ბ) საერთშორისო ზედამხედველობის (IMS) სისტემას მოიცავს. ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის სისტემის საშუალებით ნეიტრალური კერძო კომპანია ტვირთის სავაჭრო დერეფნებში შესვლამდე რისკის მართვის უზრუნველყოფის მიზნით სასაქონლო დეკლარაციებიდან და ტვირთებზე წინასწარი ინფორმაციიდან შესაბამის მონაცემებს მოიპოვებს. ხელშემკვრელი მხარეები ნეიტრალურ კერძო კომპანიას სავაჭრო დერეფნებში შემავალი ან დერეფნებიდან გამავალი ყველა საქონლის შესახებ შემდეგ მონაცემთა ერთობლიობას წარუდგენენ. EDES-ის ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება შვეიცარიის მიერ დაქირავებული ნეიტრალური კერძო კომპანიისთვის.

მოგვიანებით შეირჩა კერძო შვეიცარიული კომპანია SGS, რომელმაც მონიტორინგი უნდა განახორციელოს. აღნიშნულ კომპანიასთან შესაბამისი კონტრაქტი საქართველომ გასული წლის ბოლოს გააფორმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა