საქართველოს დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი და პარლამენტის საგარეო მიმართულების კომიტეტის თავმჯდომარეები პარლამენტის სასახლეში მიმდინარე კონფერენციის - „ელჩების კონფერენცია 2018“, ფარგლებში საქართველოს დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელებს შეხვდნენ. პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე კონსტიტუციის ახალი რედაქციის პირობებში ქვეყნის საპარლამენტო მოდელზე გადასვლის შესახებ, ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებზე, ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე, პარლამენტის - როგორც პოლიტიკის განმსაზღვრელი ორგანოს როლზე, მის წინაშე მდგარ ამოცანებზე, დიასპორისა და ემიგრაციის საკითხებზე ასევე, სამეზობლო პოლიტიკაზე ისაუბრეს.

„ეს ღონისძიება არის ერთი შესაძლებლობა წლის განმავლობაში, რომ ის ელჩები რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს ინტერესებს წარმოადგენენ, ჩამოვიდნენ საქართველოში და გაეცნონ თუ რა პროცესები მიდის ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით“, - განაცხადა სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ. თამარ ჩუგოშვილმა სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის მიერ, მომავალი ორი წლის განმავლობაში დაგეგმილ საქმიანობაზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა იმ რეფორმებზე, რომელიც პარლამენტის გაძლიერების კუთხით განხორციელდა. ეს შეეხება როგორც საკონსტიტუციო ცვლილებებს ასევე, ახალი რეგლამენტის მიღებას.

„ეს პანელი იყო შესაძლებლობა იმისა, რომ ელჩებს მეტი გაეგოთ პარლამენტის წევრების და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების საქმიანობაზე“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ სიტყვით გამოსვლისას, საპარლამენტო პერსპექტივიდან საგარეო პრიორიტეტებზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგში არსებულ საფრთხეებზე, გამოწვევებზე და მათი გამკლავების გზებზე.

სოფიო ქაცარავამ ისაუბრა დიპლომატიურ კორპუსთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო კომუნიკაციასა და კოორდინაციაზე.

„მაშინ, როცა პარლამენტი კიდევ უფრო მეტ დატვირთვას იძენს საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერების კუთხით, ელჩებთან და სამინისტროსთან კომუნიკაცია განსაკუთრებით აქტუალურია. მჭიდრო კომუნიკაცია და კოორდინაცია, კიდევ უფრო მეტად ეფექტიანს გახდის საგარეო პოლიტიკის განხორციელების პროცესს“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

სოფიო ქაცარავამ ელჩებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სამოქმედო გეგმა და სტრატეგია გააცნო, რომელიც პირველად შემუშავდა და რომელშიც ასახულია კომიტეტის ხედვა, მიზნები და კონკრეტული ნაბიჯები, თუ როგორ უნდა იქნას მიღწეული ამოცანები.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას შეფასებით, ელჩების კონფერენციაში პარლამენტის წევრების მონაწილეობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ საპარლამენტო ზედამხედველობის ნაწილი იცვლება, არამედ იმიტომაც, რომ სწორედ პარლამენტი განსაზღვრავს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს. „ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს დიპლომატიურ კორპუსთან წლის განმავლობაში, მაგრამ წელიწადში ერთხელ, როდესაც გვაქვს შესაძლებლობა ყველამ ერთად შევაფასოთ გასული წლის მიღწევები და ერთად დავგეგმოთ მომავალი წლის მნიშვნელოვანი აქტივობები, ეს არის ყოველთვის სასარგებლო და ხელს უწყობს ჩვენი მიზნების განხორციელებას“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ. კომიტეტის თავმჯდომარემ ელჩებთან საუბრისას, ყურადღება ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე, ევროპარლამენტთან და ეროვნულ პარლამენტებთან თანამშრომლობაზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე გაამახვილა.

მან მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს და დიპლომატებს საქართველოს ინტერესების წარმოჩენისთვის საერთაშორისო ასპარეზზე და ელჩებს მეტი პროაქტიულობისკენ მოუწოდა.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ზვიად კვაჭანტირაძის თქმით, დღევანდელი შეხვედრისას, კიდევ ერთხელ განისაზღვრა ჩვენი ქვეყნის ის ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებები, რომელიც დასახულია საქართველოს პარლამენტის, როგორც პოლიტიკის განმსაზღვრელი ორგანოს მიერ. ასევე, ის ამოცანები, რომელიც საქართველოს საგარეო სამინისტროსა და დიპლომატიური კორპუსის წინაშე დგას.

კომიტეტის თავმჯდომარემ გამოსვლისას ისაუბრა დიასპორისა და ემიგრაციის საკითხებზე ასევე, სამეზობლო პოლიტიკაზე. მან ყურადღება გაამახვილა დიასპორებთან ურთიერთობის კუთხით საელჩოების განსაკუთრებულ როლზე.

„ახალი რეალობიდან გამომდინარე, საელჩოებს დიასპორებთან ურთიერთობის თვალსაზრისით განსაკუთრებული როლი ეკისრებათ, ვინაიდან კონსტიტუციით, რომელიც ორი დღის წინ შევიდა ძალაში, საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულება ხდება დიასპორასთან და ემიგრაციასთან მჭიდრო ურთიერთკავშირი, მათი კავშირების გაძლიერება და გამყარება სამშობლოსთან“, - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარემ იმ კონკრეტულ ფუნქციებზე ისაუბრა, რომელიც საელჩოებს ამ თვალსაზრისით ეკისრებათ.

საქართველოს პარლამენტი 18-21 დეკემბერს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეხვედრას „ელჩების კონფერენცია 2018 - ქართული დიპლომატია თავისუფლების, კეთილდღეობისა და განვითარებისთვის“ მასპინძლობს. ოთხდღიანი კონფერენციის ფარგლებში განხილული იქნება საკითხთა ფართო სპექტრი, რომელიც მოიცავს საერთაშორისო პოლიტიკის გლობალურ და რეგიონულ გამოწვევებს, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, თავდაცვას და უსაფრთხოებას, დემოკრატიულ განვითარებას, კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვას, დიასპორასთან ურთიერთობას, სტრატეგიულ კომუნიკაციებს და სხვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა