ზურაბ აბაშიძე - რუსეთის უწყებებისა და მედიის გავრცელებული ახალ-ახალი “ფაქტები”, ლუგარის ლაბორატორიაში ე.წ. დახურული თუ საიდუმლო ცდების შესახებ, აბსურდის თეატრის ჟანრსაც კი სცდება

რუსეთის სახელმწიფო უწყებებისა და მედიის მიერ გავრცელებული ახალ-ახალი “ფაქტები”, ლუგარის ლაბორატორიაში ე.წ. დახურული თუ საიდუმლო ცდების შესახებ, უკვე აბსურდის თეატრის ჟანრსაც კი სცდება, - ასე ეხმაურება რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრეგორი კარასინის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი კვლავ ელის ვაშინგტონისა და თბილისისგან განმარტებებს, რა საქმიანობას ეწევა ლუგარის ლაბორატორია.

როგორც ზურა აბაშიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, უკვე საყოველთაოდ ცნობილია, რომ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით რუსეთი ცდილობს გამოიწვიოს უარყოფითი საერთაშორისო რეზონანსი.

„რუსეთის სახელმწიფო უწყებებისა და მედიის მიერ გავრცელებული ახალ-ახალი “ფაქტები”, ამ ლაბორატორიაში ე.წ. დახურული თუ საიდუმლო ცდების შესახებ, უკვე აბსურდის თეატრის ჟანრსაც კი სცდება. ნათელია, რომ მსგავსი განცხადებებით მოსკოვი ცდილობს, დასავლეთთან ურთიერთობის კონტექსტში, საკუთარი საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევას, თუნდაც მეზობელი ქვეყნის ავტორიტეტის შელახვის ფასად, რაც ჯერჯერობით მას ნამდვილად არ გამოსდის. ჩვენ არაერთხელ გვაქვს გაცხადებული და კვლავაც ვიმეორებთ - ლუგარის ცენტრი აწარმოებს სამეცნიერო საქმიანობას სრული ტრანსფარენტულობის რეჟიმში, ამ ლაბორატორიის კარი ღიაა ყველასათვის, ყველა ქვეყნის მეცნიერისათვის“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

აბაშიძე იმედოვნებს, რომ რუსეთი მისი საერთაშორისო იმიჯისათვის დამაზიანებელ პროპაგანდისტულ კამპანიას შეწყვეტს.

„14-15 ნოემბერს, ლუგარის სახელობის კვლევითი ცენტრი მასპინძლობდა „ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ“ კონვენციასთან შესაბამისობის საკითხებზე საერთაშორისო ექსპერტთა წარმომადგენლობითი ჯგუფის შეხვედრას. სამწუხაროდ, მიუხედავად შესაბამისი მოწვევისა, კონფერენციას არ დაესწრნენ რუსი სპეციალისტები. ექსპერტებმა წარადგინეს დასკვნა, რომლის მიხედვითაც ცენტრი სრულ შესაბამისობაშია „ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ“ კონვენციის მოთხოვნებთან, წარმოადგენს ღია დაწესებულებას და აკმაყოფილებს ბიოუსაფრთხოების ყველა საერთაშორისო სტანდარტს. 4-7 დეკემბერს, გაერო-ს ჟენევის ოფისში, ბიოლოგიური იარაღის კონვენციის წევრი სახელმწიფოების მიერ გამართული შეხვედრის ფარგლებში, ლუგარის კვლევითი ცენტრის შესახებ საერთაშორისო ექსპერტთა დასკვნამ სრული მოწონება და მხარდაჭერა დაიმსახურა. სრულ გაუგებრობას იწვევს ის გარემოება, რომ გაეროს ფარგლებში ჩატარებული ამ სამუშაოს შედეგები რუსეთისათვის მიუღებელი აღმოჩნდა. ვიტოვებთ იმედს, რომ რუსეთი შეწყვეტს მისი საერთაშორისო იმიჯისათვის დამაზიანებელ პროპაგანდისტულ კამპანიას“, - განაცხადა აბაშიძემ.

საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, კვლავ ელიან ვაშინგტონისა და თბილისისგან განმარტებებს „ლუგარის ბიოლაბორატორიის საქმიანობის ჭეშმარიტ ხასიათთან დაკავშირებით“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო