იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებას მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის, დაჩქარებული წესით განიხილა კანონპროექტები „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე თანმდევ კანონპროექტებთან ერთად.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ცვლილებები ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ჩამოყალიბების ფარგლებში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლის ვადის გადადებას 2019 წლის 1-ელი იანვრიდან 2019 წლის 1-ელ ივლისამდე.

საკითხის თაობაზე მომხსენებლის, პარლამენტის წევრ ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონი საქართველოს პარლამენტმა 2018 წლის 21 ივლისს მიიღო და ამ კანონის მიღება განპირობებული იყო როგორც საერთაშორისო, ასევე საქართველოს შიდა კანონმდებლობით დამტკიცებული ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებული ვალდებულებებიდან გამომდინარე.

„პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები და ეს იყო ძალიან დიდი კონსესუსის შედეგი და წინგადადგმული ნაბიჯი“,-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კანონის მიღების მიზანს წარმოადგენდა დამოუკიდებელი ინსტიტუციისა და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი გარკვეული კატეგორიის დანაშაულის მიუკერძოებელ და ეფექტურ გამოძიებას.

„ეს კანონი უნდა ამოქმედებულიყო 2019 წლის 1 იანვრიდან, თუმცა ფაქტია, რომ შესაბამისმა უწყებებმა სათანადოდ ვერ უზრუნველყვეს დადგენილ ვადაში, პირველ რიგში, სამართლებრივი რეგულაციების შემუშავება, რომელიც საჭირო იყო ამ კანონის ასამოქმედებლად, რაც ძალიან სამწუხაროა და არ არის კარგი ფაქტი. ასევე, ვერ უზრუნველყვეს ორგანიზაციულ-ტექნიკური გამართულობა და ვერ მოემზადნენ სათანადოდ, რომ ამ კანონის ამოქმედებისთვის ყოფილიყვნენ მომზადებულები და სახელმწიფო ინსპექტორს დაეწყო ამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, თუკი კონკრეტული ფაქტები დადგებოდა“,-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა

მისივე თქმით, იქედან გამომდინარე, რომ პარლამენტმა ძალიან დიდი შრომა ჩადო ამ კანონის მიღებაში და ეს იყო დიდი კონსესუსის შედეგი, მიღებული იქნა გადაწყვეტილება კონონის ამოქმედების 6 თვით გადავადების შესახებ, რათა კონკრეტული უწყებები უკეთესად მოემზადონ ამ კანონის ამოქმედებისთვის.

როგორც ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, ობიექტურობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს უკვე გადაეცა შენობა-ნაგებობა, ასევე 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონი ითვალისწინებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის თანამშრომლების რაოდენობის 11 საშტატო ერთეულით გაზრდას და დამატებით 800 000 ლარის გამოყოფას საბიუჯეტო ასიგნებების სახით.

მისივე თქმით, კანონი მიღებული იყო მიმდინარე წლის 21 აპრილს და წინასაარჩევნო პერიოდის გამო სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა იყო რთული და შეუძლებელი და აქედან გამომდინარე იყო გარკვეული ობიექტური მიზეზები, რის გამოც ვერ მოხდა ბიუჯეტში შესაბამისი თანხების აკუმულირება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის.

კანონპროქტის განხილვის შემდეგ, რაშიც მონაწილეობა პარლამენტის წევრებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც მიიღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ აღნიშნა, შემოთავაზებული ცვლილების მიღების შემდეგ, კომიტეტი საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, თვეში ერთხელ მოისმენს ანგარიშს კანონის აღსრულების პროცესის მიმდინარეობის შესახებ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო