დანიის მხარე საქართველოდან დანიაში თავშესაფრის მძებნელთა რაოდენობის შემცირებას პოზიტიურად აფასებს, - ამის შესახებ საუბარია წერილში, რომელიც დანიის სამეფოს მიგრაციისა და ინტეგრაციის მინისტრმა ინგერ სტოიბერგმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს გამოუგზავნა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დანიის მიგრაციისა და ინტეგრაციის მინისტრის წერილში აღნიშნულია, რომ „საქართველოს მთავრობა მთელი სერიოზულობით მოეკიდა ვიზა ლიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ წარმოქმნილ გამოწვევებს“.
საგარეო უწყების ცნობით, დანია მაღალ შეფასებას აძლევს „საქართველოს მიერ განხორციელებულ, თუ მომავალში დაგეგმილ მთელ რიგ ღონისძიებებს, კერძოდ საინფორმაციო კამპანიებს, საკანონმდებლო ცვლილებებსა თუ სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, რომელთა მიზანია შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევის აღკვეთა“.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინგერ სტოიბერგი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს დანიაში უკანონოდ მყოფ საქართველოს მოქალაქეთა დაბრუნების პროცესის დაჩქარების კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ გაწეულ ძალისხმევას.
წერილის მიხედვით, დანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა და საქართველოდან თავშესაფრის მთხოვნელთათვის სწრაფი პროცედურა მოქმედებს. დანიის მიგრაციისა და ინტეგრაციის მინისტრი პოზიტიურად აფასებს დავით ზალკალიანის ვიზიტს დანიაში და იმედს გამოთქვამს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.