სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ლევან შონიას შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა დაავალა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის, ლევან შონიას საჩივარი ანა წითლიძისა და მურთაზ ზოდელავას წინააღმდეგ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ლევან შონიას შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა დააკისრა.

კერძოდ, ენმ-ს ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელს ანა წითლიძეს დაევალა, „ლაივპრესში“, „ათინათსა“ და „რუსთავი2“-ზე გავრცელებული ცნობის უარყოფა, სადაც ის ამტკიცებდა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი აფხაზეთიდან კონტრაბანდას მფარველობდა.

რაც შეეხება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს მურთაზ ზოდელავას, მას ასევე მის მიერ „რუსთავი2“-ით გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა დაევალა, სადაც ის საუბრობს, რომ ლევან შონია კავშირშია კონტრაბანდისტ ოკუპანტებთან და სეპარატისტებთან.

მოსამართლის გადაწყვეტილებას არ იზიარებს თავად ანა წითლიძე და მას პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებას უწოდებს. "არც ერთი სიტყვა უკან არ მიმაქვს, რადგან ეს განცხადებები არ არის ცილისწამება. ეს გადაწყვეტილება იყო პოლიტიკური დაკვეთა, რომელიც მოსამართლემ შეასრულა", - აღნიშნა წითლიძემ.

ყოფილი გუბერნატორის ადვოკატი როლანდ შონია მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება სამართლიანია და კიდევ ერთხელ დადასტურდა "ნაციონალური მოძრაობის" დესტრუქციულობა და ცილისმწამებლური განცხადებები.

შონიამ ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელი პირების წინააღმდეგ სარჩელი გუბერნატორის თანამდებობაზე ყოფნისას შეიტანა. გუბერნატორის ადმინისტრაციაში აცხადებდნენ, რომ ოპოზიციური პარტიის მხრიდან გაკეთებული განცხადებები, რომელიც მედიასაშუალების მეშვეობით ვრცელდებოდა, არ შეიცავდა სიმართლეს და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა