ზაზა ფირალიშვილი - ივანიშვილის გარემოცვა ახლა ყველანაირად შეეცდება, რომ იგი დაამშვიდონ და კმაყოფილებაში ჩაძირონ, რადგან ფხიზელი ივანიშვილი მათთვის საშიშროებაა

2018 წლის პოლიტიკურ შედეგებსა და 2019 წლ პერსპექტივებზე „ინტერპრესნიუსი” ფილოსოფოსს, ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა.

- ბატონო ზაზა, რადგან 2018 წელი სრულდება ჩვენ არც წელს გვინდა ტრადიცია დავარღვიოთ და წელსაც შევეცადოთ თქვენთან ერთად შევაჯამოთ 2018 წელი. თქვენი დაკვირვებით, შიდა პოლიტიკაში რა ტენდენციები დაგვანახა 2018 საპრეზიდენტო არჩევნებმა?

- მთავარი ტენდენცია, ალბათ, ამომრჩევლის საგრძნობი გაუცხოვებაა პოლიტიკური სპექტრისაგან. დღეს საქართველოში არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც ამომრჩევლის განსაკუთრებული მხარდაჭერით სარგებლობს.

მთავარი ტენდენცია, ალბათ, ამომრჩევლის საგრძნობი გაუცხოვებაა პოლიტიკური სპექტრისაგან. დღეს საქართველოში არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც ამომრჩევლის განსაკუთრებული მხარდაჭერით სარგებლობს

ის, რომ ბოლო არჩევნებზე არჩევანი ვიღაცის რადიკალური უარყოფის ნიშნით გაკეთდა და პოზიტიური იმედების ხვედრითი წილი მინიმალური იყო, ბევრ რამეზეა მიმანიშნებელი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი პოლიტიკური ელიტა თავადაც გრძნობს ამას, მაგრამ, უბრალოდ, ჯერჯერობით, სხვაგვარად ქცევა არ იცის.

მომავალი წელი, ალბათ, ერთდროულად პოლიტიკური დუღილისა და საზოგადოების მხრიდან ამ დუღილის მიმართ განურჩეველი დამოკიდებულების წელი იქნება.

ორივე მხარის აქტივისტები და პროპაგანდისტები შეეცდებიან, პოლიტიკური ქარიშხლებისა თუ შესაძლო სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის შთაბეჭდილება შექმნან, მაგრამ ჯერჯერობით არ ჩანს პოლიტიკური ჯგუფი თუ ცალკეული პოლიტიკოსი, ვისაც ამ გაუცხოვების დაძლევა შეუძლია.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი პოლიტიკური ელიტა თავადაც გრძნობს ამას, მაგრამ, უბრალოდ, ჯერჯერობით, სხვაგვარად ქცევა არ იცის

არ არის გასაკვირი, რომ მუდმივად ახალი ძალის დაბადების მოლოდინში ვართ. ჩვენი პოლიტიკური სისტემა ახალგაზრდაა საიმისოდ, რომ სტაბილური პოლიტიკური რელიეფის იმედი გვქონდეს.

ამას ემატება ისიც, რომ ქართველმა კაცმა არ იცის წასვლა და სხვებისათვის ადგილის დათმობა. თავის პიროვნულ მარცხს კოსმიური მასშტაბების მარცხად აღიქვამს. ეს ხდება ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში და, ცხადია - პოლიტიკაშიც.

შედეგად კი ის, ვინც მოცემულ ეტაპზე თავისი რესურსები ამოწურა, დროებით განზე კი არ დგება, არამედ საქმე იქამდე მიჰყავს, სანამ უმრავლესობისათვის კატეგორიულად მიუღებელი არ გახდება და ამის შემდეგაც, თუნდაც, რადიკალური სამოქალაქო დაპირისპირების ფასად იბრძვის უკან მოსაბრუნებლად.

ჯერჯერობით არ ჩანს პოლიტიკური ჯგუფი თუ ცალკეული პოლიტიკოსი, ვისაც ამ გაუცხოვების დაძლევა შეუძლია

ერთადერთი გამონაკლისი, ვგონებ, შევარდნაძე იყო. ცხადია, ასე სტაბილური და დინამიური პოლიტიკური სისტემა ვერ შეიქმნება და რიგითი ადამიანიც ეჩვევა მობეზრებულის გაგდების პრინციპით მოქმედებას.

- თქვენი აზრით, რა გაკვეთილები მიიღო საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“?

- მთავარი გაკვეთილი ისაა, რომ „ოცნება“ აღარ ფლობს უპირობო მორალურ უპირატესობას. გამოუძიებელ საქმეებთან დაკავშირებულმა სკანდალებმა, მარიხუანას კულტივაციის შესახებ საკითხის დასმამ, ძალიან ბევრისთვის მიუღებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, გაუგებარმა საკადრო პოლიტიკამ, რომლის ნაწილიც იყო კოჰაბიტაციის სახელით ისეთი ადამიანების დაწინაურება, რომელთა მიმართაც საზოგადოების დამოკიდებულება მკვეთრად უარყოფითი იყო, - ცხადია, ამას არაფერი აქვს საერთო იმასთან, რასაც კოჰაბიტაცია ჰქვია ცივილიზებულ სამყაროში, და ა.შ. - „ოცნება“ ეჭვმიტანილის მდგომარეობაში დააყენა იმ ადამიანების თვალშიც კი, ვინც უპირობოდ ენდობოდა მას.

ადრეც ხშირად მითქვამს და ვიმეორებ, რომ ნდობის რესურსი ამოწურვადია და მისი ისეთი ულმობელი ექსპლუატაცია, როგორც ამას „ოცნება“ აკეთებდა, დაუშვებელია. ჩვენს თვალწინ ჩვენი მოქალაქეც უფრო ფრთხილი, რაციონალური და ნაკლებად ემოციური ხდება პოლიტიკურ მოვლენებთან და აქტორებთან დამოკიდებულებაში. მოკლედ, ის „შუა“, რომლის გაკრეფისკენაც მოგვიწოდებდნენ, თანდათან ძალას იკრეფს.

მმართველი გუნდისთვის მთავარი გაკვეთილი ისაა, რომ „ოცნება“ აღარ ფლობს უპირობო მორალურ უპირატესობას... „ოცნება“ ეჭვმიტანილის მდგომარეობაშია იმ ადამიანების თვალშიც კი, ვინც უპირობოდ ენდობოდა მას

სტაბილურ დემოკრატიულ სისტემას სწორედ ეს „შუა“ ქმნის და ამიტომაც არ უყვართ ის პოლიტიკურ აქტორებს. „შუა“ თავშეკავებულია და ეჭვიანი. მისთვის უცხოა ექსტატური დამოკიდებულება პოლიტიკური მოვლენების მიმართ.

რომელი მესამეც არ უნდა შემოვიდეს ახლა პოლიტიკურ ასპარეზზე, „შუას“ მხრიდან თავიდანვე ეჭვს დაექვემდებარება. განვლილმა ოცდაათმა წელმა ის მაინც გვასწავლა, რომ პოლიტიკა არ არის ეგზალტირებული სიყვარულისა და სიძულვილის ადგილი.

ერთ ნიუანსს მინდა ყურადღება მიაქციოთ. ივანიშვილმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გაიაზრა ის, რაც ვერ გაიაზრა სააკაშვილმა 2008 წელს. ის მიხვდა, რომ მის მიმართ ნდობის კაპიტალი კრიტიკულ ნიშნულს მიუახლოვდა და რაღაც უნდა მოემოქმედებინა, რომ სწორედ „შუა“-ს განწყობები ბატონდებოდა. ვნახოთ, რამდენ ხანს შეინარჩუნებს ამ განწყობას.

ივანიშვილს, როგორც ბიზნესმენს, ნაკლებად ესმის იდეური ლოიალურობის ფასი. მას ხშირად არ ესმის, რომ ოპონენტი არ ნიშნავს მტერს და „ფარულ ნაცს“ და რომ ოპონენტი ხშირად უკეთესი თანამშრომელია, ვიდრე ის, ვინც თვალებში შემოგციცინებს და განგადიდებს

ცხადია, ივანიშვილის გარემოცვა ახლა ყველანაირად შეეცდება, რომ იგი დაამშვიდონ და კმაყოფილებაში ჩაძირონ, რადგან ფხიზელი ივანიშვილი მათთვის საშიშროებაა. ფხიზელმა ივანიშვილმა ნათლად შეიძლება დაინახოს თითოეული მათგანის ფასი. სამწუხაროდ, მათ შორის ძალზე ცოტანი არიან იდეურად ლოიალურნი. უმეტესობა ის კატეგორიაა, რომელიც იოლად დაუშვებს მოწინააღმდეგის ბანაკთან ფარული კავშირების გაბმას.

ივანიშვილს, როგორც ბიზნესმენს, ნაკლებად ესმის იდეური ლოიალურობის ფასი. მას ხშირად არ ესმის, რომ ოპონენტი არ ნიშნავს მტერს და „ფარულ ნაცს" და რომ ოპონენტი ხშირად უკეთესი თანამშრომელია, ვიდრე ის, ვინც თვალებში შემოგციცინებს და განგადიდებს.

ბევრს არ მოსწონდა სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა, მაგრამ კიდევ უფრო არ მოგვწონდა მისი ოპონენტი და ის, რომ მის გამარჯვებას პროცესების ზვავისებრი განვითარება შეიძლებოდა მოჰყოლოდა. არჩევნებმა გვიჩვენა, რომ ამ განწყობას უმრავლესობა იზიარებდა.

- თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რა გაკვეთილები მიიღო საპრეზიდენტო არჩევნებზე ოპოზიციამ, მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ „ძალა ერთობაშია“-ნაცმოძრაობამ?

- „ნაცმოძრაობას“ ახალი არაფერი გაუგია. ის ან დაიჯერებს და ან არა, რომ მოსახლეობის კრიტიკულად დიდი ნაწილისათვის გუშინდელი სახით ის სრულიად მიუღებელია, მით უმეტეს, რომ მიხეილ სააკაშვილის აქტიურობამ დიდწილად ის კაპიტალიც კი წაართვა, „ოცნების“ შეცდომების წყალობით რომ ჰქონდა მოპოვებული. ამ რამდენიმე ხნის წინ წავიკითხე, „ნაცმოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის წყალობით არსებობს და მისივე წყალობით იძირებაო. ძალიან ზუსტია.

„ნაცმოძრაობას“ ახალი არაფერი გაუგია. ის ან დაიჯერებს და ან არა, რომ მოსახლეობის კრიტიკულად დიდი ნაწილისათვის გუშინდელი სახით ის სრულიად მიუღებელია

2003-2004 წლების განწყობათა რეანიმირება ისეთივე გულუბრყვილობაა, როგორიც ამ რამდენიმე წლის წინ ახალი ეროვნული მოძრაობის დაწყების მცდელობა იყო. დაუსრულებლად იმეორებენ ქცევისა და საზოგადოებისადმი დამოკიდებულების იმ წესს, რომელიც ჩვენ ყველამ დიდი ხანია მოვინელეთ. როგორც ჩანს, მისი ახლანდელი ლიდერები ძნელად თუ შეცვლიან რამეს.

- დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ნებსით თუ უნებლიეთ “ოცნება“ „ნაციონალებს“ ემსგავსება. თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ „ოცნება“ 2010 წლის „ნაცმოძრაობას“ დაემსგავსოს?

- „ოცნება“ თავის თავში იკეტება ისევე, როგორც ეს „ნაციონალებს“ მოუვიდათ სადღაც 2005-2006 წლებისათვის. აშკარაა, რომ „ოცნებაშიც“ ბევრია ლიდერი, ვინც მიიჩნევს, რომ უკეთ იცის, რა სჭირდება საზოგადოებას, ვიდრე რიგითმა ადამიანმა, ამა თუ იმ დარგის კვალიფიციურმა სპეციალისტმა და ა.შ.

ამასთან, მინდა დავიჯერო, რომ ივანიშვილის საჯარო განცხადება არჩევნების მეორე ტურის წინ რაიმეს შეცვლის, თუმცა კი აქვე მიჩნდება კითხვა: გააჩნია კი "ოცნებას“ საამისო საკადრო გემოვნება?

დაუშვებენ კი „ოცნების“ ახლანდელი ლიდერები განსხვავებული ქცევის წესის ადამიანების წინა პლანზე წამოწევას, თუ ისევ და ისევ ახალი და ახალი „მომხიბლავი ფასადის“ შექმნის გზით ივლიან?

ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად შეძლებს ივანიშვილი თავი დააღწიოს მისი გარემოცვის ბევრი წარმომადგენლის მცდელობას, ჩაკეტილ საინფორმაციო სივრცეში ამყოფონ და რეალობის გრძნობა დაუკარგონ

მათ ხომ არჩევნების პირველი ტური არსებითად წააგეს და რომ არა მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი, იოლად შეიძლებოდა, მეორეც წაეგოთ.

ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად შეძლებს ივანიშვილი თავი დააღწიოს მისი გარემოცვის ბევრი წარმომადგენლის მცდელობას, ჩაკეტილ საინფორმაციო სივრცეში ამყოფონ და რეალობის გრძნობა დაუკარგონ.

მსგავსებას არ ექნება აშკარა ხასიათი. ეს ორი ძალა თავისი ხასიათითა და ტემპერამენტით მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან, თუმცა კი ბევრ საერთო ნიშანს მაინც აღმოვაჩენთ. ერთი ასეთი ნიშანი, თუ გნებავთ, კრიტიკოსების წინააღმდეგ საკადრო პოლიტიკით ბრძოლაა.

- თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ რა გაკვეთილები მიიღო საპრეზიდენტო არჩევნებზე საზოგადოებამ?

ქართულმა საზოგადოებამ პირველად დაადასტურა, რომ მხოლოდ დიდი ფულადი რესურსებით თუ პიარტექნოლოგიების მთელი არსენალის გამოყენებით, მისი მართვა მხოლოდ გარკვეულ ზღვრამდეა შესაძლებელი

- ქართულმა საზოგადოებამ პირველად შეძლო აშკარა უნდობლობა გამოეცხადებინა ორივე მხარისათვის. ესაა ძალზე მნიშვნელოვანი პრეცედენტი. მან დაადასტურა, რომ მხოლოდ დიდი ფულადი რესურსებით თუ პიარტექნოლოგიების მთელი არსენალის გამოყენებით მისი მართვა მხოლოდ გარკვეულ ზღვრამდეა შესაძლებელი.

ჩვენი პროგრესი დაიწყება მაშინ, როდესაც ჩვენი საზოგადოების წევრთა კრიტიკული რაოდენობა აღმოაჩენს, რომ თავად არის პასუხისმგებელი იმ სამყაროს გამო, რომელშიც ვცხოვრობთ და რომ ხელისუფლება მხოლოდ ინსტრუმენტია მისთვის.

მესამე ძალას, რომელზეც ამდენს ლაპარაკობენ, სერიოზული რესურსი აქვს. მაგრამ არ ჩანს ის ნიჭიერი ტრიბუნი, ამ რესურსის მობილიზებას რომ შეძლებდა

მესამე ძალას, რომელზეც ამდენს ლაპარაკობენ, სერიოზული რესურსი აქვს. მაგრამ არ ჩანს ის ნიჭიერი ტრიბუნი, ამ რესურსის მობილიზებას რომ შეძლებდა.

ეს რესურსია თუნდაც ის 48 000-მდე აქტიური მოქალაქე, რომელიც არჩევნებზე მხოლოდ იმიტომ მივიდა, რომ ორივე კანდიდატი გადაეხაზა.

- რას მიიჩნევდით საგარეო ასპარეზზე ქვეყნის ყველაზე დიდ წარმატებად და რას მიიჩნევდით საგარეო პოლიტიკაში ყველაზე დიდ წარუმატებლობად?

- წარმატებებიდან ერთს გამოვყოფდი: ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობითმა პალატამ ერთსულოვნად დააამტკიცა საქართველოს მხარდამჭერი აქტი. ამ ამბის მნიშვნელობა თანდათან უფრო და უფრო ნათელი გახდება.

წარმატებებიდან ერთს გამოვყოფდი: აშშ-ს წარმომადგენლობითმა პალატამ ერთსულოვნად დააამტკიცა საქართველოს მხარდამჭერი აქტი. ამ ამბის მნიშვნელობა თანდათან უფრო და უფრო ნათელი გახდება

წარუმატებლობებს შორის დავასახელებდი პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებულ საერთაშორისო გამოხმაურებებს. ესეც თავის შედეგებს იქონიებს.

- ფაქტია, რომ რუსეთი თავისი საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად სამხედრო ძალასთან ერთად, სულ უფრო აქტიურად იყენებს ჰიბრიდულ მეთოდებს. რაც უფრო მეტად უახლოვდება საქართველო ნატოს და რაც მეტი ნატოა საქართველოში, კრემლი სულ უფრო მეტად გამოთქვამს უკმაყოფილებას. გასაგებია, რომ ახლა მოსკოვის უპირველესი თავის ტკივილი უკრაინაა, მაგრამ ცხადია, რომ იგი საქართველოს მიმართულებასაც თუ სრულად არ აკონტროლებს, ყურადღებით ადევნებს თვალს. თუ კრემლმა 2019 წელს საქართველოს მიმართულებით მეტად გააქტიურების გადაწყვეტილება მიიღო, სავარაუდოდ, რა ნაბიჯებია მისგან მოსალოდნელი?

- ჩვენ უარი ვთქვით ლუსტრაციის კანონის მიღებასა და ყველაფრისათვის თავისი სახელის დარქმევაზე. ამას შედეგად ის მოჰყვა, რომ, დიდი ალბათობით, ძველი აგენტურა ახალმა ჩაანაცვლა.

ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, უცხო ქვეყნისადმი სამსახურის მიმართ ასეთი რელატივისტური და „გამგები“ დამოკიდებულება ჩვენივე საზოგადოებას ანადგურებს.

ჩვენი ცნობილი მომღერალი პოლიტიკოსი, რომელიც ხან დასავლური ორიენტაციის სასარგებლოდ აკეთებს რადიკალურ განცხადებებს და ხან თავისი ქვეყნის უდიდეს მტერს უმღერის მოსკოვში, ამ რელატივიზმის სიმბოლოა

ჩვენი ცნობილი მომღერალი პოლიტიკოსი, რომელიც ხან დასავლური ორიენტაციის სასარგებლოდ აკეთებს რადიკალურ განცხადებებს და ხან თავისი ქვეყნის უდიდეს მტერს უმღერის მოსკოვში, ამ რელატივიზმის სიმბოლოა.

როდესაც ჩვენში ლაპარაკობენ, რომ კულტურა და პოლიტიკა ერთ კონტექსტში არ უნდა განვიხლოთ, სულ მინდა კითხვა დავუსვა: ვცხოვრობთ კი ისეთ სამყაროში, სადაც პოლიტიკა ცალკეა, ხოლო კულტურა, რელიგიური მრწამსი - ცალკე? ჩვენი ჩრდილოელი მეზობლებიც ასე გამოჰყოფენ ერთმანეთისაგან ამ სფეროებს?

როგორც ჩანს, ბევრს არ გაუგია პუტინისეული იდეა „რუსული სამყაროს“ შესახებ, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ პოლიტიკური გავლენების გავრცელებას, არამედ კულტურულისაც, რელიგიურისაც და ა.შ.

საქმე იქამდე მივიდა, რომ ეკლესიები ააგეს ჰავანასა და თეირანში, თუმცა კი იქ მართლმადიდებლები სანთლით არიან საძიებლები.

ამგვარი რელატივიზმის პირობებში რა გასაკვირია, თუკი უბრალო ადამიანი მიიჩნევს, რომ ასეთი ქცევა ნორმა შეიძლება იყოს?

ბოლოს და ბოლოს ჩვენ უნდა გავბედოთ და პოლიტიკური ასპარეზიდან წასვლა უნდა მოვთხოვოთ ადამიანებს, ვინც რუსეთთან მიმართებაში არა მხოლოდ ამგვარ ვითარებას ქმნის, არამედ თავისი ქცევით, ნებსით თუ უნებლიეთ, სხვებსაც მოუწოდებს ამგვარი ქცევისაკენ

ბოლოს და ბოლოს ჩვენ უნდა გავბედოთ და პოლიტიკური ასპარეზიდან წასვლა უნდა მოვთხოვოთ ადამიანებს, ვინც რუსეთთან მიმართებაში არა მხოლოდ ამგვარ ვითარებას ქმნის, არამედ თავისი ქცევით, ნებსით თუ უნებლიეთ, სხვებსაც მოუწოდებს ამგვარი ქცევისაკენ.

აგენტობაში ბრალდება იოლიც გახდა და, სამწუხაროდ, უვნებელიც. თუ ეს ზნეობრივი ეროზია არ შევაჩერეთ, რუსეთს საგანგებო დაძაბვაც არ დასჭირდება. ამგვარი რელატივისტური გარემო თავად შობს ადამიანებს, რომლებიც თავის სამსახურს შესთავაზებენ.

განვლილმა საუკუნეებმა სახელმწიფოებრივი ცხოვრებისათვის აუცილებელი პირობითობათა სისტემა, სახელმწიფოებრივი ინსტიქტები და ქცევის ზნეობრივი მატრიცა შეასუსტა. ყველაფერი ეს აღსადგენი გვაქვს და თანაც სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბასთან ერთად.

რუსეთი ყოველთვის მოძებნის ჩვენს წინააღდეგ საინფორმაციო ომის გამართვის საბაბს - ლავროვმა კიდევ ერთხელ ილაპარაკა ლუგარის ლაბორატორიაზე, ოღონდ ამჯერად აღნიშნა, რომ საქართველოში, სულ მცირე, სამი ასეთი ლაბორატორიაა.

განვლილმა საუკუნეებმა სახელმწიფოებრივი ცხოვრებისათვის აუცილებელი პირობითობათა სისტემა, სახელმწიფოებრივი ინსტიქტები და ქცევის ზნეობრივი მატრიცა შეასუსტა. ყველაფერი ეს აღსადგენი გვაქვს და თანაც სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებასთან ერთად

მისი ბოლო განცხადებიდან განსაკუთრებით ერთმა მონაკვეთმა მომხიბლა, სადაც ლაპარაკობს იმაზე, რომ დღესაც თურმე რუსეთი გვარჩენს თავისი ტურისტებით, რის გამოც უსასრულოდ მადლიერები უნდა ვიყოთ.

რას იზამ?! ასეთია რუსული ლოგიკა. ამ ლოგიკის გამოა, რომ რუსეთთან რაციონალური დიალოგის იმედი ბელორუსებსაც კი არა აქვთ. ამ უკანასკნელებსაც ხომ სულ ამადლიან, ჩვენი ბაზარი რომ არა, თქვენს საქონელს ვერსად გაყიდიდითო. თითქოს ჩვენი და ბელორუსების ხათრით არ პატრონობენ თავის სოფლის მეურნეობას, კურორტებს და ა.შ.

- მიუხედავადი იმისა, რომ ევროპის კონტინენტზე და ევროკავშირში საკმაოდ ურთიერთგამომრიცხავი პროცესები მიმდინარეობს, ბრიუსელი სულ მეტად აღრმავებს ურთიერთობას საქართველოსთან. პარალელურად, ევროპის რიგი ქვეყნები ცდილობენ მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესებას, მაგრამ ევროკავშირი სულ მეტად ამკაცრებს რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების პოლიტიკას. თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ბრიუსელი თავის პოლიტიკას რუსეთის მიმართ არ შეცვლის?

- ჩვენ შეიძლება გვაღიზიანებდეს, რომ რუსეთის მიმართ დასავლური პოლიტიკა ნელა იცვლება. სხვაგვარად შეუძლებელიც იყო. ბოლო ორიოდე წლის განმავლობაში მთავარი მოხდა: პუტინი დასავლელი ობივატელის თვალში უარყოფით პოლიტიკურ სიმბოლოდ იქცა. ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ საკმაოდ დიდი დროა საჭირო საიმისოდ, რომ იმავე დასავლელმა პუტინთან საბოლოო პოლიტიკური დაპირისპირების გადაწყვეტილება მიიღოს.

ბუნებრივია, რომ არსებობს ერთგვარი დასავლური ეგოიზმი, რომელიც ყველა ხერხით უფრთხილდება მშვიდობიან გარემოსაც და ეკონომიკურ კეთილდღეობასაც.

პუტინი დასავლელი ობივატელის თვალში უარყოფით პოლიტიკურ სიმბოლოდ იქცა. ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ საკმაოდ დიდი დროა საჭირო საიმისოდ, რომ იმავე დასავლელმა პუტინთან საბოლოო პოლიტიკური დაპირისპირების გადაწყვეტილება მიიღოს

ამასთან, როგორც ჩანს, პუტინი ამას დასავლეთის სისუსტედ აღიქვამს და ადრე თუ გვიან დადგება მომენტი, როდესაც რუსეთთან დაპირისპირება ზვავისებრად განვითარდება.

სკრიპალების საქმემ პუტინის პირად ავტორიტეტს ძალზე დიდი დარტყმა მიაყენა არა მხოლოდ აშკარა პოლიტიკური ბანდიტიზმის მიზეზით, არამედ იმ სიტლანქის გამოც, რომლითაც ეს ოპერაცია იქნა ჩატარებული. ინგლისელებს ზედმეტი დაძაბვაც კი არ დასჭირვებიათ შემსრულებელთა გამოსათვლელად.

როგორც ჩანს, პუტინი თვალთმაქცურადაც აღარ ცდილობს თავისი მიზნების შენიღბვას. სრულიად დაუფარავად ქმნის რუსი ჯაშუშების კულტს, დასავლეთში მხილებულებს აჯილდოვებს და ა.შ. მოკლედ იქცევა ისე, როგორც ჩრდილო კორეის ლიდერებიც კი იშვიათად იქცევიან.

- საკმაოდ დინამიურად ვითარდება აშშ-საქართველოს ურთიერთობები. აშშ-ს წარმომადგენლობითმა ორგანომ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი მიიღო. ღმერთმა არ ქნას, მაგრამ თუ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაუარესდა, რამდენად შეიძლება ჰქონდეს თბილისს ვაშინგტონის იმედი?

- რუსეთი არასოდეს არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელსაც ამერიკის მხრიდან რადიკალური პასუხი მოჰყვება. პუტინის სტრატეგია სიტუაციის დაძაბულობის ზღვარზე შენარჩუნებაა.

რუსულ მასმედიაში გაბატონებული საომარი რიტორიკა სხვა არაფერია, თუ არა დასავლელი ობივატელის შეშინების მცდელობა. ამასთან, ამგვარ ქცევას თავისი აქილევსის ქუსლი აქვს. შეუძლებელია, ვინმე მუდმივად შიშის ზღვარზე ამყოფო. ერთხელაც ამ ვიღაცას მობეზრდება თავისი შიშები და გიპასუხებს.

ამერიკული პოლიტიკური წრეებისათვის ჩვენი მხარდაჭერა თანდათან სიმბოლურ მნიშვნელობას იძენს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, რომ საქმე გვაქვს მეზობელთან, რომელიც განათლებულ საზოგადოებაში მოხვედრილი თავხედი მდაბიოსავით იქცევა

რუსეთი რომ ამგვარი პასუხისათვის მზად არ არის, ეს 2008 წლის ომის დროსაც გამოჩნდა. მათ მთელი თავისი სამხედრო რესურსების მობილიზება დასჭირდათ საიმისოდ, რომ მათთან შედარებით ძალზე მცირე ქვეყნის მცირე არმია დაემარცხებინათ.

არსებობს მითი იმის შესახებ, რომ ომი რუსული საქმეა და მთელი დღევანდელი რუსული „სამხედრო-პატრიოტული“ პროპაგანდა ამ მითზეა აგებული. დღეს რუსეთში არავინ იხსენებს, რომ მეორე მსოფლიო ომის პირველივე თვის განმავლობაში თითქმის ორ მილიონამდე საბჭოთა ჯარისკაცი წინააღმდეგობის გარეშე ტყვედ ჩაბარდა.

ენკავედეს ნაწილების მიერ უკან დახეულთა დახვრეტა რომ არა, ომი მართლაც რამდენიმე კვირაში დამთავრდებოდა.

ამერიკული პოლიტიკური წრეებისათვის ჩვენი მხარდაჭერა თანდათან სიმბოლურ მნიშვნელობას იძენს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, რომ საქმე გვაქვს მეზობელთან, რომელიც განათლებულ საზოგადოებაში მოხვედრილი თავხედი მდაბიოსავით იქცევა.

„ინტერპრესნიუსი”

კობა ბენდელიანი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო