ქართული პრესის მიმოხილვა 24.12.2018

გია ხუხაშვილი - “2019 წელს ივანიშვილი პრემიერად უნდა დაბრუნდეს”

“ოცნება” 5 წლით ისევ თამარ ჟვანიას არჩევას გეგმავს

მერაბ კოკოჩაშვილი - “ღმერთმა ნუ ქნას, ხალხს მოთმინების ფიალა აევსოს”

* * *

გია ხუხაშვილი - “2019 წელს ივანიშვილი პრემიერად უნდა დაბრუნდეს”

“ივანიშვილის დაბრუნება მნიშვნელოვანი იყო პარტიის სტაბილურობისთვის, შიდაპარტიული დისციპლინის აღდგენისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, მეორე ნაბიჯი აღარ გადადგა. ამას უნდა მოჰყოლოდა ინსტიტუციური წესრიგის აღდგენა, ამასთან, მას სისტემური ცვლილებები არ დაუწყია. მმართველობითი კრიზისიდან გამოყვანის პროცესს ჯერჯერობით ვერ ვხედავ. თუმცა, როგორც ჩანს, არჩევნებზე დაინახა, რომ სერიოზული პრობლემის წინაშე დგას, ამიტომ მწირი იმედი კიდევ არსებობს...”, - აცხადებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “2019 წელს ივანიშვილი პრემიერად უნდა დაბრუნდეს” / “ხელისუფლება ჰუმანური უნდა იყოს, მაგრამ ასეთი ტიპის სამართლებრივი ქმედებები გამართლებულად მიმაჩნია. სხვა შემთხვევაში პოლიტიკურ ოპოზიციას შეიძლება გაუჩნდეს დაუსჯელობის განცდა. კირკიტაძე უნდა დაისაჯოს” / “გახარია რაც უნდა ძლიერი იყოს, ის ვერასოდეს გახდება ივანიშვილზე ძლიერი და ვერც მასზე მაღლა დადგება”.

“წლის მთავარი ნეგატიური შედეგი ის არის, რომ სიძულვილის ესკალაცია ძალიან მაღალი იყო. მივიღეთ მკვეთრი დაპირისპირება არა მარტო პოლიტიკურ ელიტებს შორის, არამედ საზოგადოებაში. ხალხი გაიხლიჩა და უარს აცხადებს დიალოგზე. ქართულ პოლიტიკას დაპირისპირება არასდროს აკლდა, მაგრამ ის, რომ სოციალურ ჯგუფებს ერთმანეთი სძულთ, ასეთი რამ არ ყოფილა... პოზიტიურიც ბევრი იყო, მაგრამ დასამახსოვრებელი ფაქტი რომ უწოდო, ხელისუფლება ისეთს არაფერს აკეთებს, ამიტომაც მიჭირს რაიმე მოვლენის დასახელება - სისტემური არაფერი მომხდარა. პრეზიდენტის არჩევნებიც კი ფარსთან მიახლოებული მოვლენა იყო მხოლოდ ნეგატიური შედეგით - საზოგადოების გახლეჩით. ავირჩიეთ პრეზიდენტი, რომლის ლეგიტიმურობა სუსტია და რაც მთავარია, ავირჩიეთ სიძულვილის ტექნოლოგიების გამოყენებით და არა უკეთესი მომავლის იმედით. ზურაბიშვილმა “ქართული ოცნების” პირველი დავალება შეასრულა. მის გაპრეზიდენტებაში ძალიან მაღალი ფასი გადაიხადეს. რადგან ზურაბიშვილმა ამას ხელი მოაწერა, ვალდებულია “ოცნების” დაკრულზეც იცეკვოს. მას ამ პარტიის იმხელა ვალი აქვს, შეიძლება მთელი ცხოვრება ვერ ამოვიდეს. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ მოჰბეზრდეს მორჩილება და ერთ დღეს ფეხები ააბაკუნოს...”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“2019 წელს ივანიშვილს ერთადერთი შანსი აქვს - სერიოზული რეფორმა გაატაროს, ინსტიტუციური წესრიგი აღადგინოს პრემიერის პოსტზე დაბრუნებით და 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით ჩაატაროს. ამან შეიძლება სახიფათო სპირალიდან გამოგვიყვანოს. რაც შეეხება კულუარულ ინფორმაციას პრემიერის პოსტზე გიორგი გახარიას დანიშვნის შესახებ, ჭორაობას არ დავიწყებ, მაგრამ გავიმეორებ, ინსტიტუციური წესრიგის აღსადგენად სწორი იქნება ივანიშვილის გაპრემიერება. გახარია რაც უნდა ძლიერი იყოს, ის ვერასოდეს გახდება ივანიშვილზე ძლიერი და ვერც მასზე მაღლა დადგება. აქედან გამომდინარე, ხელისუფლება ვერ შეიძენს იმ ეფექტიანობას, რაც აუცილებელია პრობლემების აღმოსაფხვრელად”, - დაასკვნის პოლიტოლოგი.

“რაც შეეხება დავით კირკიტაძის დაკავებას, ხელისუფლება ჰუმანური უნდა იყოს, მაგრამ ასეთი ტიპის სამართლებრივი ქმედებები გამართლებულად მიმაჩნია. სხვა შემთხვევაში პოლიტიკურ ოპოზიციას შეიძლება გაუჩნდეს დაუსჯელობის განცდა. ამიტომ, როცა ხელისუფლება კანონდარღვევაზე ადეკვატურად რეაგირებს, სწორია. ხელისუფლებას ზომები უნდა მიეღო, მაგრამ ეს ანგარიშსწორებად არ უნდა იქცეს. ცუდია განუკითხაობა, მაგრამ ასევე ცუდია ანგარიშსწორება. ამიტომაც მიმაჩნია, რომ დამოკიდებულება უნდა დარბილდეს. კირკიტაძე უნდა დაისაჯოს, მაგრამ არა იმ დოზით, რაზეც დღეს არის ლაპარაკი. გახარია უნდა იყოს მკაცრი, თუმცა არც გადამლაშებას ვურჩევ. დღევანდელი ხელისუფლების ერთადერთი მორალური უპირატესობა წინამორბედთან არის ჰუმანურობა. თუ ესეც დაკარგა, გრძელვადიან პოლიტიკურ თამაშში მძიმე პრობლემა ელოდება - ტენდენციები არის, მაგრამ კირკიტაძის ამბავზე გრძელვადიან დასკვნებს არ გავაკეთებ, მით უმეტეს, რომ პროცესი დასრულებული არ არის. “ნაცმოძრაობის” გააქტიურება მთლიანად არის დამოკიდებული ხელისუფლების შეცდომებზე”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ფაქტია, რომ სისტემურმა შეცდომებმა და ხშირ შემთხვევაში სიბრიყვემ მიიყვანა ხელისუფლება იქამდე, რომ თითქოს თამაშიდან გაყვანილი პარტია 300 000-კაციანი ამომრჩევლიდან 800 000-მდე ავიდა. ეს ელექტორატი “ნაცმოძრაობასთან” იმიტომ კი არ დაბრუნდა, რომ მოსწონს, არამედ იმიტომ, რომ “ქართული ოცნება” უფრო არ მოსწონს. ასე რომ, ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წაიყვანს “ქართული ოცნება” ქვეყნის საქმეს. თუ კვლავ შეცდომები დაუშვა, “ნაციონალები” არათუ შეინარჩუნებენ ელექტორატს, უფრო გაძლიერდებიან. თუ ხელისუფლება მოახერხებს მმართველობითი სისტემის გამართვას და ამომრჩევლის პრობლემების აღმოფხვრას, “ნაცმოძრაობა” ისევ დარჩება ერთ-ერთ რიგით პარტიად”, - დასძენს გია ხუხაშვილი.

“ოცნება” 5 წლით ისევ თამარ ჟვანიას არჩევას გეგმავს

“ამ კვირას უნდა გადაწყდეს, ვინ იქნება მომდევნო 5 წლის განმავლობაში ცესკო-ს ახალი თავმჯდომარე და იქნება თუ არა ისევ თამარ ჟვანია, რომლის მიმართ არასამთავრობოების ნაწილს და ოპოზიციას ბევრი კითხვა აქვს, თუმცა, მმართველი პარტიის მტკიცებით, ჟვანია კარად უძღვებოდა ცესკო-ს და მის დროს “არჩევნები ყველაზე სამართლიან გარემოში მიმდინარეობდა”. ვინ იქნება ცესკო-ს ახალი თავმჯდომარე, დიდი ალბათობით, ამ კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი, თუმცა ოპოზიცია ჯერ კიდევ არჩევნებამდე აცხადებდა, რომ თამარ ჟვანია პოსტს შეინარჩუნებდა, რადგან ის ხელისუფლების დაკვეთების კომფორტული შემსრულებელია. ოპოზიციის გარდა, ასევე, ანალიტიკოსების ნაწილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა “ოცნების"” მიმართ ერთგულების პირველი ტესტი ჩააბარა, მაგრამ ვერ ჩააბარა დემოკრატიის ტესტი, რადგან 21 დეკემბერს წარდგენილი სამივე კანდიდატი ცესკო-სთან თუ “ოცნებასთან” დაკავშირებული ფიგურაა, მათ შორის მთავარი კანდიდატი კი მოქმედი თავმჯდომარე თამარ ჟვანიაცაა, რომლის მიმართ პრეტენზიები ბევრია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ცესკო-ს თავმჯდომარეობის 3 კანდიდატიდან ყველაზე მეტი შანსი ისევ ჟვანიას აქვს / “ოცნება” 5 წლით ისევ თამარ ჟვანიას არჩევას გეგმავს.

“ზურაბიშვილის მიერ წარდგენილი კანდიდატები არიან: ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარე თამარ ჟვანია, ა/ო “სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე და მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომელი მარიამ შელეგია. მარიამ შელეგიაც, გარდა იმისა, რომ ის მთავრობის ადმინისტრაციიდანაა, 2015 წლამდე მერიის ადმინისტრაციის უფროსი იყო და “ოცნების” შემომწირველიცაა. მან პარტიას 2013 წელს 10 ათასი ლარი შესწირა. რაც შეეხება ვლადიმერ ბოჟაძეს, ცესკო მისთვის მნიშვნელოვანი დონორია. მას ცესკო-ს საგრანტო კონკურსებიდან 2017-2018 წლებში 4 გრანტი აქვს მიღებული, ჯამში, 265 055 ლარის ოდენობით. ცნობისათვის, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ პირველი საკითხი, რისი გადაჭრაც სალომე ზურაბიშვილს დაევალა, ცესკო-ს ახალი თავმჯდომარის კანდიდატურების შერჩევა იყო. ზურაბიშვილმა, როგორც ამას კანონი ავალდებულებდა, ჯერ არასამთავრობო სექტორთან გაიარა კონსულტაცია, თუმცა მხოლოდ ნაწილთან. პრეზიდენტთან შეხვედრას ძირითადად იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ, რომლებიც წინასაარჩევნოდ “ოცნებას” ღია მხარდაჭერას უცხადებდნენ. კონსულტაციებში მონაწილეობაზე უარი თქვეს წამყვანმა ავტორიტეტულმა არასამთავრობოებმა - “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ”, საიამ და “სამართლიანმა არჩევნებმა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოდან” ეკა გიგაურმა განაცხადა, რომ ფორმალურ პროცესში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს. “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა კი მიზეზად დაასახელა, რომ პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ მხოლოდ 2 საათით ადრე შეატყობინეს და მას უკვე სხვა შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი. საარჩევნო კოდექსის თანახმად, პრეზიდენტი ვალდებულია, კონსულტაცია გაიაროს სამოქალაქო სექტორთან და ამის შემდეგ სამი კანდიდატურა წარუდგინოს ცესკო-ს წევრებს. 12 წევრისგან შემდგარმა ცესკო-მ 5 დღის ვადაში სამივე კანდიდატს ერთდროულად უნდა უყაროს კენჭი და ხმათა 2/3-ს, ანუ 8 ხმას რომელი კანდიდატიც დააგროვებს, ის ჩაითვლება გამარჯვებულად. თუკი 8 ხმა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა, შემდეგ უკვე პარლამენტი აირჩევს ახალ თავმჯდომარეს მომდევნო 7 დღის ვადაში. ქართულ ოცნებაში” უარყოფენ, რომ პრეზიდენტსა და მათ შორის შეთანხმება შედგა, რომ თამარ ჟვანიას დაუჭერენ მხარს, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის თქმით, ცესკო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ არჩევნები ძალიან კარგად ჩაატარა და მას გუნდში ბევრი მხარდამჭერი ეყოლება”, - განაგრძობს გამოცემა.

აკაკი ზოიძემ განაცხადა, რომ “ნაციონალების” დროს ცესკო-ში გაყალბების სპეციალისტები იყვნენ, თამარ ჟვანიას კი საკმაოდ პრინციპული პოზიცია ეკავა ბევრ საკითხზე. ბექა ნაცვლიშვილის თქმით კი, თამარ ჟვანიამ საკუთარი საქმიანობიდან გამომდინარე დაამტკიცა, რომ ცესკო-ს კარგად უძღვება, საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებითაც, ჟვანიას დროს არჩევნები მიმდინარეობდა ყველაზე მშვიდ გარემოში და ამიტომ ის მისი არჩევის მომხრეა. ოპოზიციის მტკიცებით, ცესკო-ს თავმჯდომარედ შერჩეული კანდიდატურები პირდაპირ მიგვანიშნებს, რომ ხელისუფლება და “ქართული ოცნება” არ არიან მზად, უარი თქვან მორჩილ საარჩევნო ადმინისტრაციაზე. ოპოზიციაში პროგნოზირებენ, რომ “ცესკო-ს თავმჯდომარის საკითხი გადაწყვეტილია” და ეს იქნება ისევ ჟვანია. ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას აზრით, სალომე ზურაბიშვილმა ნაუცბათევად დანიშნა სამოქალაქო სექტორთან აუცილებელი კონსულტაციის დრო, რის გამოც მასთან შეხვედრაზე ძირითადად ის არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ, რომლებიც წლების განმავლობაში ცესკო-ს მიერ გამოცხადებული სხვადასხვა საგრანტო კონკურსის მუდმივი გამარჯვებულები არიან და, აქედან გამომდინარე, კანდიდატების შერჩევის პროცესი თავიდანვე არასწორად ჩატარდა. მისივე თქმით, კანონის მოთხოვნით, სამი კანდიდატი დასახელდა, მაგრამ დარწმუნებულია, რომ თამარ ჟვანიას აირჩევენ”, - დასძენს გამოცემა.

“შენგელია და ბოჟაძე დემოკრატიის ნიღბის გამო არიან წარდგენილები და მათ არავინ არ აირჩევს. ისევ თამარ ჟვანია გახდება თავმჯდომარე. ჟვანიას ძალიან ბევრი ცოდვა აქვს. მიუხედავად ამისა, მას ალტერნატივა არ ჰყავს, რადგან ხელისუფლების წინააღმდეგ უამრავი კომპრომატი აქვს და შეუძლია თქვას, ვინ როდის და როგორ ავალებდა სხვადასხვა დავალების შესრულებას, ნაღმზე კი ფეხს არავინ დააბიჯებს. სალომე ზურაბიშვილმა პირველი ტესტი დემოკრატიულობასა და ობიექტურობაზე ვერ ჩააბარა და ამ კანდიდატების წარდგენით მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ “ქართული ოცნების” პოლიტიკური კლერკების ნების გამტარებელია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას გოჩა მირცხულავა.

მერაბ კოკოჩაშვილი - “ღმერთმა ნუ ქნას, ხალხს მოთმინების ფიალა აევსოს”

“საზოგადოება შეიკრა და ორჯერ მიმართა ხელისუფლებას. ერთხელ მიანიშნა, რომ თუ ასე გაგრძელდება, ხელისუფლება დამარცხდება. ეს გულახდილი და მწვავე განაცხადი იყო. მეორე შემთხვევაში კი მისცა შანსი, დაედგინა საზოგადოების უკმაყოფილების მიზეზები და შეცდომები გამოესწორებინა. საზოგადოებამ მიანიშნა კი არა, შეუძახა ხელისუფლებას - იფიქრე ჩვენზეო! ღმერთმა ნუ ქნას, ხალხს მომავალში ისევ აევსოს მოთმინების ფიალა. ვფიქრობ, ხელისუფლების განცხადებები, რომ ისინი მიხვდნენ, რას მოითხოვს საზოგადოება, ძალიან მნიშვნელოვანია” - აცხადებს კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ღმერთმა ნუ ქნას, ხალხს მოთმინების ფიალა აევსოს” / “ინფლაციის პირობებში ხალხზე ფიქრია საჭირო... ხელფასი აღარავის ჰყოფნის... აი, ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმაა აუცილებელი“ / “ხელისუფლების მთავარი შეცდომა იყო თვითკმაყოფილება და საზოგადოების ინტერესებისადმი უყურადღებო დამოკიდებულება“.

“ინფლაციის პირობებში ხალხზე ფიქრია საჭირო... ხელფასი აღარავის ჰყოფნის... აი, ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმაა აუცილებელი. დასაქმებასთან ერთად, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია განათლება. ყველაფრის საფუძველთა საფუძველი განათლება და კულტურაა. ჩვენს ქვეყანაში ამ თვალსაზრისითაც ძალიან მძიმე მდგომარეობაა. სმარტფონების ეპოქაში განათლება გაცილებით ადრეულ ასაკში უნდა იწყებოდეს. სამწუხაროდ, ხელისუფლება, განათლების სამინისტრო ამისთვის არაფერს აკეთებენ... ბიძინა ივანიშვილის გავლენა იგრძნობა, მაგრამ, ვფიქრობ, ეს ხელს უშლის ჩვენი ხელისუფლების, განსაკუთრებით - მინისტრების თავისუფლებას. ხშირად ისინი ძალიან მარტივ გადაწყვეტილებებსაც კი ვერ იღებენ დროულად და დამოუკიდებლად. მინისტრი, რასაკვირველია, ხელისუფლების სტრატეგიის გამტარებელი უნდა იყოს, ოღონდ თავისუფალი მოქმედება უნდა შეეძლოს. ამას ჩვენ ხშირად ვერ ვხედავთ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მერაბ კოკოჩაშვილი და შეკითხვაზე - “ანანიაშვილის შესახებ გამოთქმულ მოსაზრებასაც მოჰყვა საზოგადოების რეაქცია და ბურჭულაძეც გააკრიტიკეს ოკუპანტ ქვეყანაში სიმღერის გამო...” - პასუხობს:

“პოლიტიკისა და ხელოვნების ერთმანეთში არევა დაუშვებელია. ხელოვნება მშვენიერების გზით ჭეშმარიტების ძიებაა. ნებისმიერი მაყურებლის წინაშე შენი ეროვნული კულტურის წარდგენა მხოლოდ მადლობას უნდა იმსახურებდეს. რა მნიშვნელობა აქვს, ლოჟაში პუტინი ზის თუ ამერიკის პრეზიდენტი... რაც შეეხება ანანიაშვილს... ვის რა უფლება აქვს, ჩაერიოს ოჯახურ ურთიერთობაში?! სირცხვილია ამაზე ლაპარაკი! ნინო ანანიაშვილს მადლობა უნდა გადავუხადოთ, რომ ის შესანიშნავი ხელოვანია და ჩვენს საბალეტო დასს ბევრი სასიკეთო რამ გაუკეთა”.

“მესამე ძალის გამოჩენაზეც ლაპარაკობენ, მე ჯერ ვერ ვხედავ, თუმცა თუ სურვილი იქნება, ეს ძალაც გამოჩნდება. საქართველოს შეუძლია ასეთი ძალის დაბადება, თუმცა ლანძღვა-გინების მორევს როგორმე ყველამ თავი უნდა დააღწიოს... ხელისუფლების ყველაზე დიდი შეცდომა ამ წელს იყო თვითკმაყოფილება და საზოგადოების ინტერესებისადმი უყურადღებო დამოკიდებულება. თუმცა ცვლილებები რომ იქნება, უკვე გამოჩნდა, თუნდაც ვალების განულებით... იმედი მაქვს, მომავალში მეტ სასიკეთო ნაბიჯს გადადგამენ... ყველას ვულოცავ ახალ წელს! ახალგაზრდებს კი გთხოვთ - გამრავლდით, გამრავლდით და გამრავლდით!”- დასძენს რესპონდენტი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა