მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის მამა - ჩემი შვილი უკანონოდ არის დაკავებული, ის პოლიტპატიმარია

ჩემი შვილი უკანონოდ არის დაკავებული და პოლიტპატიმარია, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ-ს მამამ, კახა ღლონტმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, მისი არასრულწლოვანი შვილი სხვების დანაშაულის გადასაფარად და აღშფოთებული საზოგადოების გასაჩერებლად დააკავეს.

„ზაზა სარალიძემ პროკურატურის ეზოში შიმშილობა რომ დაიწყო, იმ დროს დააკავეს ჩემი შვილი, რომ საზოგადოებრივი მუხტი და სარალიძე რაღაც დროის მანძილზე გაეჩერებინათ.

პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ, ერთ-ერთი სხდომის შემდეგ თქვა, ოთხმა მოწმემ პირდაპირ დაადასტურა ბრალდებულის ბრალეულობაო. არადა, იმ ოთხ მოწმეს საერთოდ არაფერზე უსაუბრია იქ. ამის ოქმი გვაქვს ეს ჰაერზე მოტანილი ლაპარაკი არ არის. პირდაპირ გამოდიან და იტყუებიან, ამას მოსამართლე ძალიან მშვიდად უყურებს. ყველაფერი გადაწყვეტილია, მოსამართლესაც გადაწყვეტილი აქვს ყველაფერი.

საინტერესოა ერთი ფაქტიც, რომ სხდომის ოქმი სახალხო დამცველსაც გადავეცით, იქიდან წერილი მივიღეთ, აქ არაფერი ისეთი არ მომხდარაო. თითქოს, ყველა შეთანხმებულია, რომ ეს ბავშვი დაისაჯოს. ამით სხვისი დანაშაულის დაფარვას ცდილობენ. ნახევარი პროკურატურა დასაჭერია.

ხომ შეიძლებოდა, გამოეშვათ და პროცესებზე სახლიდან ევლო, მაგრამ არა, იქ უნდა იჯდეს და დაისაჯოს. მთავარი მოწმეები არ მოჰყავთ. საპარლამენტო კომისია ლაპარაკობს, რომ საქმე ცუდად არის წარმოებული.

ნახეს დაბალი ღობე დ.ღ. და აწმენდენ ხელს, ატყუებენ საზოგადოებას", - განაცხადა ღლონტმა.

შეგეხსენებთ, რომ 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვანი დ.ღ. ივლისის თვეში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ღ.-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და მისცა ცრუ ჩვენება.

კერძოდ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიებაში მოწმის სახით გამოკითხვისას დ.ღ -მ განაცხადა, რომ გარდაცვლილ დავით სარალიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ კონფლიქტში მონაწილე გ.ჯ. და მ.კ, რა დროსაც მ.კ. ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა დავით სარალიძეს, თუმცა, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მ.კ-ს ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა უარყო.

გამოძიებით ასევე, დადგინდა, რომ სასამართლო სხდომამდე დ.ღ. შეხვდა გარდაცვლილი დავით სარალიძის მშობელს და ესაუბრა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, თუმცა, სასამართლო განხილვის სტადიაზე მსგავსი შეხვედრა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი უარყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა