არასრულწლოვნის  ადვოკატი - თადუმაძეს, გახარიას მოვუწოდებ, ნუ ფიქრობენ, რომ ბავშვებს კიდევ დააკავებენ  და ამით საზოგადოებას შეცდომაში შეიყვანენ

თადუმაძეს, გახარიას მოვუწოდებ, ნუ ფიქრობენ, რომ ბავშვებს კიდევ დააკავებენ და ამით საზოგადოებას კიდევ შეცდომაში შეიყვანენ. საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ არასრუწლოვნების დაკავება გაგრძელდება, რათა ის პროკურორები და გამომძიებლები, ვინც გაანადგურა მტკიცებულებები, ხელი დააფარა დანაშაულს და საქმე არ გამოიძია, პასუხისგებაში არ მისცენ, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის დ.ღ-ს ადვოკატმა, ფრიდონ სიხუაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავება ხელისუფლების „ბინძური თამაშია“.

„ეს იყოს ხელისუფლების ბინძური თამაში და დავალება მთავარი პროკურატურისთვის, რომ საზოგადოება შეეყვანათ შეცდომაში, გადაეფარათ პროკურორების და გამომძიებლების დანაშაულებრივი ქმედებები. უდანაშაულო ბავშვი მე-6 თვეა პატიმრობაში იმყოფება.

პროკურორებმა, შოთაძიდან დაწყებული, შაყულაშვილით, გაბოძით, ფხაკაძით დამთავრებული, სავარაუდოდ, სუბელიანთან ერთად, მთლიანად სახელმწიფო მანქანამ იმუშავა იმაზე, რომ საქმე არ გამოძიებულიყო და დავით სარალიძის მკვლელი არ გამოვლენილიყო. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დ.ღ. ხელისუფლების პოლიტპატიმარია. რა სურთ ჩვენგან, რას ითხოვენ არ ვიცით, რადგან ბავშვმა რაც იცოდა, პირველივე დღეს მოყვა“, - აცხადებს სიხუაშვილი.

არასრუწლოვან დ.ღ.-ს 6 თვიანი საპატიმრო ვადა 19 იანვარს ეწურება, ადვოკატის განმარტებით, იმისათვის, რომ პროკურატურა მოცემულ ვადაში ჩაეტიოს, არასრუწლოვნის საქმეს სასამართლო დაჩქარებული წესით განიხილავს.

„ვერ ჩაეტევიან ვადაში. სასამართლო პროკურატურის მსგავსად პოლიტიკურ თამაშში ჩაერთო. ღია რომ იყოს პროცესი, თავად ნახავდით, თუ როგორ ცდილობს პროკურატურა რაც შეიძლება მოკლედ ასაუბროს მოწმე, რაც შეიძლება სწრაფად დაკითხოს და გამოუშვას დარბაზიდან, რომ დაჩქარებულად განიხილონ. წუთებს გვინიშნავენ, რომ 6 თვეში განაჩენის გამოტანა მოასწრონ. მათ გადაწყვეტილი აქვთ, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს, მაგრამ ამის საშუალებას არ მივცემთ.

მოსამართლე შკუბულიანმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა, არ აინტერესებს არასრულწლოვნათა მართლმსაჯულება, ბავშვთა უფლებათა კონვენცია, პეკინური წესები“, - აცხადებს სიხუაშვილი.

შეგეხსენებთ, რომ 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვანი დ.ღ. ივლისის თვეში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ღ.-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და მისცა ცრუ ჩვენება.

კერძოდ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიებაში მოწმის სახით გამოკითხვისას დ.ღ -მ განაცხადა, რომ გარდაცვლილ დავით სარალიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ კონფლიქტში მონაწილე გ.ჯ. და მ.კ, რა დროსაც მ.კ. ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა დავით სარალიძეს, თუმცა, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მ.კ-ს ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა უარყო.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ სასამართლო სხდომამდე დ.ღ. შეხვდა გარდაცვლილი დავით სარალიძის მშობელს და ესაუბრა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, თუმცა, სასამართლო განხილვის სტადიაზე მსგავსი შეხვედრა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი უარყო.

იხილეთ ვიდეო: არასრულწლოვნის ადვოკატი - თადუმაძეს, გახარიას მოვუწოდებ, ნუ ფიქრობენ, რომ ბავშვებს კიდევ დააკავებენ

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა