ქართული პრესის მიმოხილვა 25.12.2018

საქართველოზე განრისხებული ირანი: წლეულს საზღვარზე 2 ათასამდე ირანელი არ შემოუშვეს

ზურაბიშვილმა დაიწყო - ახალი გუნდი და ახალი სიმბოლო

"ეპიდემია იქნება, თუ 100 ათას მოსახლეზე 500 შემთხვევა დაფიქსირდება,“ - გრიპის გამო ჯანდაცვის დაწესებულებები შესაძლოა 24-საათიან რეჟიმში გადავიდეს

***

საქართველოზე განრისხებული ირანი: წლეულს საზღვარზე 2 ათასამდე ირანელი არ შემოუშვეს

“ირანიდან ოფიციალური თბილისის მიმართ უკმაყოფილება არ ცხრება. თეირანი საქართველოდან ირანელების უკან გაბრუნების მომატებული სტატისტიკის გამო ისევ გაბრაზებულია და არავინ იცის, სადამდე შეიძლება მივიდეს ეს უკმაყოფილება. ამჯერად ირანის პარლამენტში განიხილეს საქართველოში ირანელი მოქალაქეების არშეშვების საკითხი და ითქვა, რომ თეირანი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას გადახედავს, თუ თბილისი არ მოაგვარებს ირანის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლაზე გახშირებული უარის თქმის საკითხს."თუ საქართველო არ შეასრულებს 2010 წლის უვიზო მიმოსვლის შეთანხმების პირობებს და უარს იტყვის მათ განხორციელებაზე, ჩვენმა ქვეყანამ შესაძლოა, გადახედოს ამ შეთანხმებას", - განაცხადა ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომისიის წევრმა ალირეზა რაჰიმიმ”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, საქართველოზე განრისხებული ირანი: წლეულს საზღვარზე 2 ათასამდე ირანელი არ შემოუშვეს

"ირანიდან პრეტენზიები თავდაპირველად ჯერ კიდევ აგვისტოში გაისმა, როდესაც აეროპორტში გამშვებ პუნქტზე საბუთების შემოწმების დროს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ირანელ ქალბატონებს ჩადრის მოხსნა და სახის ჩვენება მოსთხოვეს. მაშინ თეირანმა განაცხადა, რომ ეს დისკრიმინაციული, შეუსაბამო მოპყრობაა, რის გამოც თბილისს საპროტესტო ნოტაც გამოუგზავნეს და მოითხოვეს, რომ მომავალში ირანელი ქალბატონების პირად ცხოვრებას პატივისცემით მოეპყრონ. მაშინ ეს სკანდალი არ გამწვავებულა, თუმცა უკვე დეკემბერში თეირანის უკმაყოფილებამ პიკს მიაღწია. 3 დეკემბერს ირანულმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ ირანის მოქალაქეებს პრობლემები ექმნებათ საქართველოს საზღვარზე. მარტო ნოემბერში საქართველოს სახმელეთო და საჰაერო საზღვრიდან ირანის 200-მდე მოქალაქეა დეპორტირებული, მათ შორის ისეთი პირებიც, რომლებსაც საბუთები წესრიგში ჰქონდათ“, - აღნიშნავს გამოცემა.

"10 დეკემბერს კი ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკუთარ მოქალაქეებს მტკიცე რეკომენდაცია მისცა, რომ უარი თქვან საქართველოში სტუმრობაზე, თუკი ეს აუცილებელი არ არის. სამინისტროს სპიკერის განცხადებით, ირანის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება საქართველოში ზოგიერთი ირანელის მიმართ გამოხატული უპატივცემულო დამოკიდებულების გამო მიიღო და რომ "თეირანი გაკვირვებულია საქართველოს მხარის დამოკიდებულებით ირანის მოქალაქეების მიმართ". თეირანმა თბილისიდან პასუხებიც მოითხოვა. ამ საკითხზე მალევე კომენტარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გააკეთა. მან თქვა, რომ მცდარია ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ირანის 200 მოქალაქე საზღვარზე არ შემოუშვეს. ზალკალიანმა მაშინ ასევე თქვა, რომ თეირანთან კომუნიკაციის შემდეგ პრობლემა მოგვარდებოდა. რამდენიმე დღეში შეხვედრაც შედგა ირანის ელჩთან საქართველოში, რის შემდეგაც უკვე 17 დეკემბერს ირანის ელჩმა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში ამ კუთხით პრობლემამ ორგანიზებული ხასიათი მიიღო, მაგრამ სავიზო რეჟიმის აღდგენა დღის წესრიგში არ დგას და საუბარია იმაზე, რომ მიმოსვლის წესებში ცვლილება უნდა შევიდეს“, - განაგრძობს გამოცემა.

"ირანის ელჩ სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდის თქმით, საქართველოსა და მის ქვეყანას აქვს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ირანის მოქალაქეებს 45 დღით ქვეყანაში უვიზოდ დარჩენის უფლება აქვთ. ამასთან, არ არსებობს შეზღუდვა განმეორებით სტუმრობაზე. დოკუმენტი არ ითვალისწინებს განსხვავებას ტურისტულ და საქმიან ვიზიტებს შორის. "ბოლო პერიოდში აღინიშნა შეთანხმებაში ჩადებული პირობებისაგან სხვაგვარი პირობები. ამიტომ თუ რეგულაციებში რამე დასახვეწია, ეს არ უნდა გახდეს მიზეზი, რომ უცხოელი ტურისტები გაანაწყენონ", - თქვა ელჩმა. საგულისხმოა ის, რომ ირანის მოქალაქეების საქართველოში არშემოშვების რიცხვი ნოემბერში მართლაც გაზრდილია. შს სამინისტროს სტატისტიკით, 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს 12 513 პირს. მათგან უარის თქმის მაჩვენებლით პირველ ადგილზე ირანია - საქართველოში 10 თვის განმავლობაში ირანის 1 949 მოქალაქე არ შემოუშვეს და მარტივად რომ ვთქვათ, თვეში საშუალოდ 195 ირანელს უთხრეს უარი. თუმცა, შს სამინისტროს მონაცემებითვე, ბევრად გაზრდილია ირანის მოქალაქეებისათვის უარის თქმის რიცხვი ნოემბერში - ირანის 434 მოქალაქეს უთხრეს შემოშვებაზე უარი“, - დასძენს გამოცემა.

"საქართველოს ელჩი ირანში არ მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სტატისტიკა ირანის იმ მოქალაქეებისა, რომლებსაც საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვათ. თუმცა, იოსებ ჩახვაშვილის თქმით, არის გარკვეული ხარვეზები, რომლებიც ორმხრივ ფორმატში მოლაპარაკებების შედეგად აღმოიფხვრება. მისი თქმით, ნოემბერში დაახლოებით 17 000 ირანელი შემოვიდა საქართველოში და მათგან მხოლოდ 434-ს ეთქვა უარი და ეს პროცენტულად მაღალი არ არის. მისივე თქმით, ირანელებისათვის უარის თქმა და პრობლემების ნაწილი ირანიდან საქართველოში ნარკოტიკების შემოტანასთან იყო დაკავშირებული. უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ ყველა ქვეყნის სუვერენული უფლებაა, განახორციელოს ის ზომები, რომლებსაც ის თვლის თავისი ეროვნული უსაფრთხოების გარემოს გასაუმჯობესებლად, თუმცა ამავე დროს თვლის, რომ ირანთან დაკავშირებით ეს ბოლოდროინდელი სიტუაცია რამდენიმე თემას უკავშირდება. "შეიძლება, იყოს პოლიტიკური მომენტიც. ირანსა და აშშ-ს შორს უკიდურესად დაიძაბა სიტუაცია. ტრამპს სირიიდან ამერიკული კონტინგენტი მთლიანად გაჰყავს, სპარსეთის ყურეში სიტუაცია იძაბება და ირანის სამხედრო გემებმა დემონსტრაციული ცეცხლი გაუხსნეს აშშ-ის საზღვაო ხომალდებს. "ამის ფონზე, აშშ-საქართველოს ურთიერთობები ძლიერდება, ამიტომაც შესაძლებელია, ამ გეოსტრატეგიული გამოწვევის კუთხიდან გამომდინარე, ეს იყოს ერთგვარი გამოხმაურება. "როგორც ჩანს, იმის გამო, რომ საქართველო აშშ-ის სტრატეგიული მოკავშირეა, ირანი ამ პრეტენზიების წამოყენებით გამოხატავს თავის პროტესტს ამ პროცესში. "როგორც ჩანს, თეირანში ელოდებიან, რომ შეიძლება, საქართველო გახდეს პლაცდარმი ირანის წინააღმდეგ ამერიკული ძალების გამოყენებისა. ამასაც არ გამოვრიცხავდი", - ამბობს მაისაია“, - წერს სტატიის ავტორი.

ზურაბიშვილმა დაიწყო - ახალი გუნდი და ახალი სიმბოლო

"საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას მრჩევლები და საკუთარი გუნდის ჯერ მხოლოდ ნაწილი წარუდგინა. როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, გუნდი საბოლოოდ მას შემდეგ დაკომპლექტდება, რაც სრული რეორგანიზაცია მოხდება და კონკურსი ჩატარდება. როგორც უკვე წინასწარ იყო გაცხადებული, პრეზიდენტის ადმინისტრაციას ლაშა ჟვანია უხელმძღვანელებს. „ქალთა მოძრაობის" დიდი პროტესტის მიუხედავად ზურაბიშვილმა საპარლამენტო მდივნად მაინც დანიშნა ადვოკატი დიმიტრი გაბუნია“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ზურაბიშვილმა დაიწყო - ახალი გუნდი და ახალი სიმბოლო

"გარდა ამისა, ადმინისტრაციის უფროსის, ლაშა ჟვანიას მოადგილე იქნება ქეთევან მახარაშვილი, რომელსაც ეთნიკურ უმცირესობებთან და გენდერულ საკითხებში პრეზიდენტის საქმიანობის კოორდინაცია დაევალება. ის ასევე დროებით შეითავსებს პრესსპიკერის ფუნქციებს; პრეზიდენტის მრჩევლები კი იქნებიან: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საკითხებში - სიმონ პეტრიდისი; დიასპორის და მოქალაქეობის საკითხებში - ნათია სულავა; სამხედრო საკითხებში - აკია ბარბაქაძე; ბარბაქაძე მარგველაშვილის დროსაც ადმინისტრაციაში მუშაობდა, ის ბოლოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე იყო, ასევე იყო მარგვლაშვილის მრჩეველი ვეტერანთა საკითხებში. საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი იქნება ირინა შენგელია; კულტურის, განათლებისა და მეცნიერების საკითხებში - კოტე ნაცვლიშვილი“, - აღნიშნავს გამოცემა.

"ახალი გუნდი სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე თავად წარადგინა. „დღეს წარმოგიდგენთ ჩემი გუნდის ნაწილს, რომელიც დღესდღეობით ინიშნება. როგორც იცით, საკმაოდ შეზღუდული ვართ ამ მომენტში და სანამ არ ჩატარდება სრული რეორგანიზაცია და კონკურსი, რომ დავაკომპლექტოთ ადგილები, რაც შტატით გვეკუთვნის, ჩვენ ვიწყებთ ამ ფორმატში მუშაობას", - განაცხადა ზურაბიშვილმა. პრეზიდენტმა განაცხადა ისიც, რომ მის ადმინისტრაციაში ემიგრანტების შთამომავალი იმუშავებს, პიერ ალექსანდრე კრევო, რომელიც ქართულ-ფრანგულ ოჯახშია დაბადებული და ამერიკაში ცხოვრობდა. მისი თქმით, კრევო ჯერ მხოლოდ სტაჟიორად იმუშავებს, ხოლო შემდეგ გუნდის წევრიც გახდება და ემიგრანტის გუნდში შეყვანა მისთვის სიმბოლურია. „მინდა, ამით განაცხადი გავაკეთო, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია არის ღია ყველასთვის, ვისაც ექნება სურვილი და კომპეტენცია, რომ შემოგვიერთდეს და დაბრუნდეს ქვეყანაში. მინდა, ეს სიმბოლო ხაზგასმული იყოს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა“, - განაგრძობს გამოცემა.

"ადმინისტრაციის ახალ გუნდს მედიასთან კომენტარები არ გაუკეთებიათ. სალომე ზურაბიშვილი ათონელზე მდებარე რეზიდენციაში 18 დეკემბერს შევიდა. მაშინ მან განაცხადა, რომ გუნდს შემდეგ კვირაში დაასახელებდა. 18 დეკემბერს ითქვა, რომ გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსმა სოფო ჯაჯანაშვილმა შესაძლოა სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაშიც გააგრძელოს მუშაობა. ჯაჯანაშვილი წლების წინ ზურაბიშვილის პარტიის „საქართველოს გზის" პრესსამსახურის უფროსი იყო. ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ განაცხადა, რომ მან მარგველაშვილის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს კობა ედილაშვილს და საფინანსო სამსახურის უფროსს თამარ გოდერძიაშვილს მუშაობა ახალ ადმინისტრაციაში შესთავაზა. ჯერჯერობით მხოლოდ აკია ბარბაქაძეა წინა ადმინისტრაციიდან ახალი პრეზიდენტის გუნდში და უცნობია, კიდევ ვინ დარჩება ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში“, - წერს სტატიის ავტორი.

"ეპიდემია იქნება, თუ 100 ათას მოსახლეზე 500 შემთხვევა დაფიქსირდება,“ - გრიპის გამო ჯანდაცვის დაწესებულებები შესაძლოა 24-საათიან რეჟიმში გადავიდეს

"ეპიდემიასთან გვექნება საქმე, თუკი 100 ათას მოსახლეზე 450-დან 500 შემთხვევა იქნება დაფიქსირებული. ახლა კი, 221 შემთხვევა გვაქვს 100 ათას მოსახლეზე. ეს არის ორჯერ მეტი, რაც შარშან იყო და ზუსტად იმდენი, რაც შარშანწინ," - აღნიშნა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „რეზონანსთან" საუბრისას. იმნაძე საზოგადოებას მოუწოდებს: "თავის დროზე ამისთვის ვაქცინაცია იყო შეთავაზებული. ახლა კი, ხელები ხშირად უნდა დავიბანოთ. ავადმყოფი უნდა დარჩეს სახლში, ჯანმრთელმა უნდა იაროს სკოლაში და სამსახურში," - აცხადებს იმნაძე“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "ეპიდემია იქნება, თუ 100 ათას მოსახლეზე 500 შემთხვევა დაფიქსირდება,“ - გრიპის გამო ჯანდაცვის დაწესებულებები შესაძლოა 24-საათიან რეჟიმში გადავიდეს

"საჭიროების შემთხვევაში, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები 24-საათიან რეჟიმში გადავა, ოჯახის ექიმებს კი ავტომობილებით უზრუნველყოფენ, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა და მოსახლეობას მოუწოდა, გრიპის სიმპტომების შემთხვევაში, ექიმს მიმართონ. „ეპიდემიაზე საუბარი არ არის, როგორც წინა წლებში, წელსაც გაიზარდა ავადობისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადების გამოძახების რაოდენობა. „ჩვენ გვაქვს გაწერილი ბოლო 3 წლის პროტოკოლი, რომლითაც მონიტორინგს ვაკეთებთ. საჭიროების შემთხვევაში, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს 24-საათიან რეჟიმში გადავიყვანთ და ოჯახის ექიმებს ავტომობილებით უზრუნველვყოფთ. "თუმცა, მოსახლეობას მინდა, მივმართო, რომ თუკი სიმპტომები სწრაფად იწყება, არის მაღალი ტემპერატურა, აუცილებელია, რომ არა თვითმკურნალობას, არამედ ექიმს მიმართონ," - განაცხადა დავით სერგეენკომ“, - აღნიშნავს გამოცემა.

"ექიმი-ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს: „გრიპის ეპიდემია ყოველწლიურად გვაქვს, ახალი არაფერია. სეზონური გრიპის ახალი შტამპის ეპიდემია გვაქვს და მათ შორის ახლაც," - აღნიშნა მან. ინფექციონისტი ვირუსის თავიდან არიდების მიზნით საზოგადოებას მოუწოდა. "ახლა უკვე დაგვიანებულია, მაგრამ ჩვენ მოვუწოდებდით მოსახლეობას და კარგი იქნებოდა, რომ შემოდგომაზე აცრები ჩაეტარებინათ გრიპის საწინააღმდეგოდ, რადგან აცრის შემთხვევაში გართულებების რისკი მკვეთრად მცირდება. „დღეის მდგომარეობით თავის დაცვა მდგომარეობს იმაში, რომ მაქსიმალურად მოვერიდოთ თავშეყრის ადგილებს, ხშირად დავიბანოთ ხელები. ვინც ავად არის, გარშემომყოფები, რომ დაიცვან, ეცადონ ნუ მივლენ სამსახურში, სკოლაში. ნუ მიიღებენ თვითნებურად ანტიბიოტიკებს და ისეთი სიმპტომების შემთხვევაში, როგორიც არის ძლიერი ხველა, რამდენიმე დღე ძალიან მაღალი ტემპერატურა, ძლიერი სისუსტე, თავის ძლიერი ტკივილი, აუცილებლად მიმართონ ექიმს," - განაცხადა მაია ბუწაშვილმა. შეგახსენებთ, დღეს აჭარაში გრიპის ვირუსით 53 წლის ქალი გარდაიცვალა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, ამ დროისათვის აჭარაში გრიპის H1N1 ვირუსის სამი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა“, - წერს სტატიის ავტორი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა