პრემიერი პატრიარქს - მსურს  მადლობა გადაგიხადოთ მუხლჩაუხრელი მოღვაწეობისთვის - ასეთი აღმშენებლობითი პერიოდი ჩვენს ისტორიას არ ახსოვს

ძლიერი ქართული ეკლესია ნიშნავს ძლიერ ქართულ სახელმწიფოს, ხოლო ძლიერი სახელმწიფო ნიშნავს ძლიერ ქართულ ეკლესიას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს სვეტიცხოველში განაცხადა, სადაც ამბიონიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქს, ილია მეორეს აღსაყდრებიდან 41 წლის იუბილე მიულოცა.

პრემიერ-მინისტრმა უწმინდესის ღვაწლზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში პატრიარქმა თავისი მოღვაწეობით ქვეყანა მრავალ ხიფათსა და განსაცდელს აარიდა.

„უდიდესი მოწიწებით მსურს მოგილოცოთ დღევანდელი დღე, უდიდესი მოწიწებით მსურს გადაგიხადოთ მადლობა იმ ფასდაუდებელი და მუხლჩაუხრელი მოღვაწეობისთვის, რაც თქვენ გაქვთ თქვენი ერის წინაშე. ბოლო 41 წლის განმავლობაში საქართველოში აღდგა და პირველსახე დაიბრუნა, აშენდა უამრავი ეკლესია-მონასტრები. ჩვენ ისტორიას არ ახსოვს ასეთი აღმშენებლობითი პერიოდი. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩვენი ქვეყანა იდგა მრავალი ხიფათისა და განსაცდელის წინაშე და თქვენ თქვენი მოღვაწეობით ააცილეთ ჩვენს სამშობლოს ბევრი ასეთი განსაცდელი. თქვენი ქადაგება შემწყნარებლობაზე სამშობლოს სიყვარულზე, შრომის სიყვარულზე და განათლებაზე არის სწორედ ის, რაც ასე ძალიან სჭირდება ქართველ ერს. მე კიდევ ერთხელ მსურს მადლობა გადაგიხადოთ ყველაფერი ამისთვის და გისურვოთ მრავალჟამიერი, ქართველი ერის და ქვეყნის საკეთილდღეოდ. ძლიერი ქართული ეკლესია ნიშნავს ძლიერ ქართულ სახელმწიფოს, ხოლო ძლიერი სახელმწიფო ნიშნავს ძლიერ ქართულ ეკლესიას. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს!“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერთან ერთად სვეტიცხოველში დღეს პატრიარქის აღსაყდრებიდან 41 წლისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო წირვას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა