ქართული პრესის მიმოხილვა 26.12.2018

"ოცნების" 60-მდე დეპუტატი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შეთავაზებამ აღაშფოთა

ნავთობის ბაზარი ჩამოიშალა, 1 დღეში ფასი ელვისებურად დაეცა

***

"ოცნების" 60-მდე დეპუტატი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შეთავაზებამ აღაშფოთა

“უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნ მოსამართლეთა კანდიდატურების გამო "ოცნების" დეპუტატების ნაწილში დიდი უკმაყოფილებაა. აღშფოთება გამოიწვია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისათვის ნაუცბათევად წარდგენილ 10-კაციან სიაში 2 მოსამართლის - მიხეილ ჩინჩალაძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის შეყვანამ და ლევან მურუსიძის მომწონებელი "ოცნების" დეპუტატების ნაწილი ახლა ამ 2 მოსამართლის მიუღებლობას იმით ხსნის, რომ ისინი სააკაშვილის ეპოქის მოსამართლეები არიან, რომლებსაც ადეიშვილის დაკვეთით უსამართლო განაჩენები გამოჰქონდათ და სასამართლოში მათი უვადოდ გამწესება დაუშვებელია - ეს სააკაშვილის ეპოქის დაბრუნებას ნიშნავს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "ოცნების" 60-მდე დეპუტატი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შეთავაზებამ აღაშფოთა / საპარლამენტო უმრავლესობის განსაკუთრებულ უკმაყოფილებას უვადოდ დასანიშნ მოსამართლეთა სიაში მიხეილ ჩინჩალაძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის ყოფნა იწვევს

"რეზონანსთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ იუსტიციის საბჭოს მიერ პარლამენტისათვის დასამტკიცებლად წარდგენილი კანდიდატების ნაწილით უკმაყოფილოა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების უმრავლესობა, დაახლოებით 50-60 პარლამენტარი მაინც და იმედი აქვს, რომ პარლამენტი ამ მოსამართლეებს უვადოდ დამტკიცებაზე უარს ეტყვის. უფრო მეტიც, ფოფხაძის თქმით, ამ სიაში რამდენიმე ისეთი პერსონაცაა, რომლებიც გასაუბრებაზეც კი არ უნდა მივიდნენ. "არის რამდენიმე პერსონა, რომლებზეც ხმის მიცემა გამორიცხულია, იმდენად წყალგამყოფია. ახლა გვარებს არ ვასახელებ, ჯერ მინდა, ეს ხალხი კომიტეტზე მოვიდეს... მე მესმის, რომ თანამდებობა და სტატუსი ყველას უნდა, მაგრამ თუ რეალობას დაუფიქრდებიან, ყველაზე ჭკვიანურს იზამენ, თუ ეს ადამიანები გასაუბრებაზე არ მოვლენ", - აცხადებს ფოფხაძე. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი 10 მოსამართლის კანდიდატურა 24 დეკემბერს წარადგინა საბჭოს სხდომაზე და იმავე დღეს გადაუგზავნა პარლამენტს დასამტკიცებლად, თუმცა კანდიდატების გვარები დიდი კრიტიკის საგანი გახდა ჯერ არასამთავრობოების, ოპოზიციისა და საბჭოს 2 არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის მხრიდან, შემდეგ კი ამ საერთო აღშფოთებას, ცოტა უფრო მორიდებით, "ოცნების" დეპუტატების ნაწილიც შეუერთდა. უვადო მოსამართლეობის კანდიდატები არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე“, - აღნიშნავს გამოცემა.

"საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ეპოქის მოსამართლეების დანიშვნით "სააკაშვილის ეპოქა დაბრუნდება" და როდესაც იურიდიულ კომიტეტში კანდიდატებთან გასაუბრება მოხდება, საკუთარ კრიტიკას მაშინ მკაფიოდ დააფიქსირებს. თავშეკავებული იყო განცხადებისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია. მან თქვა, რომ მისთვის, ვინც წლების განმავლობაში სასამართლოს დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა, უვადო მოსამართლეების შერჩევა არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი და საკითხი მოითხოვს გააზრებულ და პასუხისმგებლიან გადაწყვეტილებას. ასევე საპარლამენტო უმრავლესობას მიმართა დაჩი ცაგურიამაც, ვინც წინა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლისას ოპოზიციის ერთ-ერთი აქტიური ფიგურა იყო და "ოცნების" ხელისუფლებაში რკინიგზაში მაღალ თანამდებობაზეა დანიშნული. "გვრიტიშვილმა სრულიად უდანაშაულო გამიშვა ციხეში... უმორჩილესად გთხოვთ, არ დაამტკიცოთ ეს სირცხვილი სასამართლოში", - მოუწოდა "ოცნებას" ცაგურიამ“, - განაგრძობს გამოცემა.

"იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ კი პრეზიდენტსაც მიმართა, რომ "მცდელობაა, კლანმა თავი ჩაიცემენტოს სასამართლოს სისტემის სათავეში" და "ამ საშიშ ფენომენზე" პრეზიდენტმა პოზიცია უნდა დააფიქსიროს. უვადო მოსამართლეთა პრეტენდენტების მიმართ უკმაყოფილება ოპოზიციამაც გამოთქვა და გაკეთდა განცხადებები, რომ ჩინჩალაძე - ეს არის ძველი კორუფციული კლანის წარმომადგენელი. კრიტიკა თავად "ნაციონალების" დროინდელმა ხელისუფლების წევრებმაც გამოთქვეს. "ადეიშვილი დაბრუნდა მთავრობაში? რამე გამომრჩა? თუ ეს ხალხი დაამტკიცა პარლამენტმა, თანაც უვადოდ, სასამართლო მონსტრების კორპორაციად საბოლოოდ გაფორმდება... "ოცნება", ძველი გვარდია, გაიღვიძეთ, დეპოში ხართ!" - "ფეისბუკში" დაწერა გიგი უგულავამ. ვინ არიან ის მოსამართლები, რომელთა უვადოდ დანიშვნა "ოცნების" ნაწილისათვის მიუღებელია? "ოცნების" კულუარებში საუბრობენ იმაზე, რომ ამ 10-კაციან სიაში ყველაზე დიდი მიუღებლობა 2 კანდიდატის გამოა - მიხეილ ჩინჩალაძე და დიმიტრი გვრიტიშვილი“, - დასძენს გამოცემა.

"დიმიტრი გვრიტიშვილი 10 წელია, სასამართლოში მუშაობს და მისი ქმედებები განხილვის საგანი 2012 წელს გახდა, როცა წინასაარჩევნოდ არაერთი უკანონო გადაწყვეტილება მიიღო. მაგალითად, ის იყო დაჩი ცაგურიას მოსამართლე 2012 წლის სექტემბერში, როცა პოლიციელების ნაცემ ცაგურიასა და კიდევ ერთ აქტივისტს 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა. მაშინ ცაგურიას დამცველმა საია-ის იურისტმა პროტესტის ნიშნად სასამართლო სხდომაც დატოვა. მაშინ გვრიტიშვილს უკანონო გადაწყვეტილებების გამო მწვავედ აკრიტიკებდა დღევანდელი პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილიც. მას 22 სექტემბერს "ფეისუკზე" გამოქვეყნებული აქვს გვიტიშვილის ფოტო და სტატუსი: "იცნობდეთ მოსამართლე გვრიტიშვილს! 90 დღემდე უკანონო პატიმრობაში უპრობლემოდ აგზავნის ადამიანებს". გვრიტიშვილი იყო ის მოსამართლე, ვინც ასევე 2012 წელს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია 5 მილიონი ლარით დააჯარიმა. რაც შეეხება მიხეილ ჩინჩალაძეს, ის 2017 წლის მაისიდან სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ კი 2007 წლიდან მუშაობდა და სააკაშვილმა ის კარგი სამსახურისათვის "ღირსების ორდენითაც" დააჯილდოვა. არასამთავრობოები აცხადებენ, რომ ჩინჩალაძე უზენაეს სასამართლოში მუშაობის 10 წლის განმავლობაში ფაქტობრივად არ ასრულებდა სამოსამართლო ფუნქციას, ვინაიდან მას მხოლოდ 250 საქმის განხილვაში აქვს მონაწილეობა მიღებული, რაც თვეში დაახლოებით 2 საქმეს შეადგენს, მაშინ, როცა სხვა მოსამართლეების მიერ განხილულ საქმეთა რაოდენობა გაცილებით მეტია“, - წერს გამოცემა.

"იმავე ინფორმაციის მიხედვით, 2010-2013 წლებში, ასევე 2015 წელს ჩინჩალაძეს არც ერთი საქმე არ განუხილავს. გარდა ამისა, ამ 10-წლიანი მუშაობისას მას 1 მილიონ ლარზე მეტი სარგო და პრემია-დანამატი აქვს აღებული. ჩინჩალაძის სახელთან არის დაკავშირებული ერთი კურიოზული შემთხვევა, როდესაც მან სასამართლო სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებლის სტატუსით მონაწილეობის დროს განაცხადა, რომ "დუმილის უფლებას იყენებს". "რეგინფო" წერს, რომ ჩინჩალაძეს პარლამენტარი ვანო ზარდიაშვილი მფარველობს, ისინი მეგობრები და ნათელმირონები არიან და სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ვანო ზარდიაშვილის პირველ მოადგილედ მუშაობის პერიოდში, მიხეილ ჩინჩალაძის ოჯახის ყველა წევრი მნიშვნელოვან თანამდებობებზე დაინიშნა. გედევან ფოფხაძე "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ კონკრეტულ გვარებს ამ ეტაპზე არ დაასახელებს და ყველაფერს ღიად და მოურიდებლად თავად ამ კანდიდატებს ეტყვის მაშინ, როდესაც იურიდიულ კომიტეტზე გასაუბრება იქნება. ფოფხაძის თქმით, უპირველესად მისთვის მიუღებელი იყო ის, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე ნაუცბათევად წარადგინა 10 კანდიდატი, რაც არასწორია და თავიდანვე უნდობლობას იწვევს. გარდა ამისა, სიაში არიან ადამიანები, რომელთა საქმიანობის მიმართ საზოგადოებაში კითხვებია. "უზენაეს სასამართლოში იმ მოსამართლეების მიყვანა, რომლებიც თავისი მორალური ღირებულებებით არიან საეჭვო, არასწორია. პიროვნულად არავისზე არ მინდა ლაპარაკი, ყველამ ყველაფერი ვიცით. ვიცით, რა ხდებოდა სააკაშვილის რეჟიმის პირობებში და სასამართლო ხელისუფლებას რომ ამ ყველაფერში ხელი არ შეეწყო, უსამართლობა ვერ მოხდებოდა. ამიტომ საუბარია ძალიან მარტივ რაღაცაზე - მორალურ პასუხისმგებლობაზე, რომელიც ამ ხალხმა თვითონ უნდა იგრძნოს. "როცა კომიტეტზე მოვლენ და კითხვებზე პასუხების გაცემას დაიწყებენ, მორალურად ხომ უნდა ჰქონდეთ იმის განცდა, რომ ეკუთვნის, ვიღაცამ ხმა მისცეს?! კენჭისყრები იქნება თავისუფალი და ყველა დეპუტატი თავის სინდისთან მარტო დარჩება, როცა გადაწყვეტილებას მიიღებს და შესაბამისად, ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება. "ჩემი ინფორმაციით, უმრავლესობის უმრავლესობა ამ კანდიდატებით უკმაყოფილოა. სავარაუდოდ, საუბარია 50-60 დეპუტატზე. ისინი აფიქსირებენ თავიანთ უარყოფით პოზიციას და კანდიდატების ნაწილს მხარს არ დაუჭერენ", - აცხადებს ფოფხაძე. ჯერ უცნობია, როდის მოუსმენს ამ 10 კანდიდატს იურიდიული კომიტეტი, ვარაუდია, რომ ეს თებერვალში მოხდება, როცა საგაზაფხულო სესია გაიხსნება“, - წერს სტატიის ავტორი.

ნავთობის ბაზარი ჩამოიშალა, 1 დღეში ფასი ელვისებურად დაეცა

"ბოლო 2 თვეა, საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობი იაფდება, მაგრამ გუშინ ბაზარი ერთბაშად ჩამოიშალა. ერთ დღე-ღამეში ბარელი ნავთობის ფასი 10%-ით დაეცა და ამ ეტაპზე "შავი ოქრო" 49 დოლარს ჩამოსცდა. გაიაფების ტალღა იმდენად მძლავრია, რომ ოპეკ-ი და ნავთობის ექსპორტიორები ფასების დაბალანსებას ვერაფრით ახერხებენ. ფასების ვარდნის ფაქტორები კვლავ გაძლიერდება. როგორც უცხოელი ანალიტიკოსები აღნიშნავენ, პირველ რიგში ეს უკავშირდება ფიქლის ნავთობის ბუმს. ამ მიმართულებით 2018 წელს მოპოვება თავბრუდამხვევი სისწრაფით გაიზარდა და პირველ ადგილზე გადავიდა. გარდა ამისა, სახეზეა გლობალური ეკონომიკის ზრდის ტემპის შემცირება და, შესაბამისად, საწვავზე მოთხოვნის ვარდნა“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ნავთობის ბაზარი ჩამოიშალა, 1 დღეში ფასი ელვისებურად დაეცა / "საქართველოში საწვავის ღირებულება კიდევ უნდა შემცირდეს, საახალწლოდ ეს საჩუქარი გაუკეთონ მოსახლეობას"

"მართალია, 2-3 კვირის წინ ოპეკ-ისა და მასთან შეთანხმებულად მოქმედი ქვეყნების გადაწყვეტილებამ ნავთობმოპოვების შემცირების თაობაზე დროებით შეუწყო ხელი ფასების ზრდას, თუმცა ნავთობის ფასი მხოლოდ ცოტა ხნით გაიზარდა 60 დოლარამდე, შემდეგ კი დაღმავალი ტრენდი განახლდა. განსაკუთრებით დიდი ვარდნა აღინიშნა სამშაბათ დილით, როდესაც "შავი ოქრო" ერთბაშად 10%-ით გაიაფდა და 1 ბარელის ფასი 47 დოლარამდე დაეცა. მოგვინებით იგი 49 დოლარის ფარგლებში გაჩერდა. ნავთობმომპოვებლებისათვის ვითარება მეტად არასახარბიელოა, ამიტომ "ოპეკი პლუსმა" შესაძლოა, გააგრძელოს შეთანხმება მოპოვების შემცირების თაობაზე. ერაყის ნავთობის მინისტრმა თამერ ალ-გადბანმა განაცხადა, რომ გარიგება, რომელიც მიზნად ისახავს 2019 წლის პირველ ნახევარში ნავთობის მოპოვების შემცირებას, შესაძლებელია, გახანგრძლივდეს წლის ბოლომდე. მინისტრი დაეთანხმა საუდის არაბეთის პოზიციას, რომ შეთანხმება ნავთობის მოპოვების შემცირებაზე უნდა გაგრძელდეს მთელი მომავალი წელი“, - აღნიშნავს გამოცემა.

"ქართველი ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ უცხოურ ბაზრებზე მიმდინარე ტრენდი მომდევნო რამდენიმე დღის განმავლოაბში შენარჩუნდება, თუმცა სიტუაციის შეცვლა ნებისმიერ მომენტში შესაძლებელია. ანალიტიკოსი ბექა კემულარია ელოდება, რომ ფასების კლების ტენდენცია ადგილობრივ ბაზარზეც გაგრძელდება. "საწვავის ფასი არ არის მხოლოდ მოთხოვნა-მიწოდებაზე დამოკიდებული. სხვადასხვა ფაქტორი განსაზღვრავს მას, მათ შორისაა პოლიტიკური ვითარება. პოლიტიკური მდგომარეობა სტაბილურდება ნავთობმომპოვებელ ქვეყნებში, პარალელურად არ მცირდება მიწოდება. ამჯერად გამოკვეთილად დადებით ტენდენციასთან გვაქვს საქმე, რადგან ფასი დიდი ხანია, ეცემა. უცხოელი ექსპერტები ამ პროცესს მეტ-ნაკლებად გლობალური ეკონომიკის ზრდის შემცირებას უკავშირებენ. არსებული ტენდენცია ქართული ბაზრისათვის აშკარად ხელსაყრელია და ამით მომხმარებელმაც უნდა იხეიროს. ცხადია, მომხმარებლებისათვის ცვლილება ვერ იქნება მყისიერი, მაგრამ ამ ეტაპზე ნამდვილად არის შესაძლებლობა, რომ საწვავი გაიაფდეს. კლების ტრენდი შეინიშნება და უნდა ველოდოთ ამ პროცესის გაგრძელებას შემდეგშიც. ბოლო პერიოდში დაახლოებით 10 თეთრით შემცირდა ფასი და ერთი ამდენით კიდევ უნდა გაიაფდეს", - ამბობს კემულარია“, - დასძენს გამოცემა.

"კომპანია "სენტას" დამფუძნებელი, იმპორტიორი ზაალ იაკობიძე ვარაუდობს, რომ კომპანიები საახალწლოდ ფასს კიდევ ერთხელ შეამცირებენ. "საერთაშორისო ბაზრებზე ფასების კლების ტემპი ბოლო პერიოდში ფაქტობრივად არ შენელებულა. ველოდები, რომ რამდენიმე დღეში ადგილობრივი ბაზარი ამ ტენდენციას გაითვალისწინებს და ფასების კორექტირებას მოახდენს. 3-4 დღის წინ 540 დოლარი ღირდა 1 ტონა ბენზინი და დღეს 450 დოლარია. დიდი ვარდნაა და იმპორტზე დამოკიდებული ქვეყნისათვის ეს საგრძნობი შეღავათია. მით უმეტეს, ლარი სტაბილურობას მეტ-ნაკლებად ინარჩუნებს და ამანაც უნდა მოახდინოს საწვავის ფასზე ზეგავლენა. ორივე ფაქტორი მომხმარებლის სასიკეთოდაა და ქმნის პირობას, რომ ავტოგასამართ სადგურებზე ფასი კიდევ შემცირდეს. საახალწლოდ ეს საჩუქარი უნდა გაუკეთონ მოსახლეობას, ნამდვილად არის ეს შესაძლებლობა", - ამბობს იაკობიძე“, - წერს სტატიის ავტორი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა