ნინო ლომჯარია - პროცესი, როგორც შეირჩა და დასახელდა მოსამართლეობის წარდგენილი კანდიდატები, კონსტიტუციასთან შეუსაბამობაშია

პროცესი, როგორც შეირჩა და დასახელდა მოსამართლეობის წარდგენილი კანდიდატები, გარკვეული თვალსაზრისით კონსტიტუციასთან შეუსაბამობაშია, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ომბუდსმენი აქცენტს არ აკეთებს სიაზე, ის აქცენტს აკეთებს შერჩევის პროცესზე.

„სახალხო დამცველი აქცენტს არ აკეთებს სიაზე, დასახელებული მოსამართლეების ვინაობაზე. ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ თავად პროცესზე. მიმაჩნია, რომ პროცესი, როგორც შეირჩა და დასახელდა წარმოდგენილი კანდიდატები, გარკვეული თვალსაზრისით კონსტიტუციასთანაც შეუსაბამობაშია, რადგან ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით ყველა ადამიანს აქვს უფლება დაიკავოს საჯარო სამსახურში თანამდებობა. ამ შემთხვევაში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე კანდიდატები ისე დასახელდნენ, რომ არავის გვაქვს პასუხი რა კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩნენ, რა პროცედურით, რატომ შეირჩნენ ესენი და არა სხვები“, - განაცხადა ლომჯარიამ.

მისივე შეფასებით, იქიდან გამომდინარე, რომ უზენაესი სასამართლო ასრულებს მნიშვნელოვან როლს ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით და ფაქტობრივად მართლმსაჯულების პოლიტიკას განსაზღვრავს ქვეყანაში, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ იქ დანიშნულ მოსამართლეებს ლეგიტიმაცია ჰქონდეთ.

„ამიტომ ჩვენ პარლამენტს მივმართავთ, ნებისმიერი ფორმით შეაჩეროს აღნიშნული პროცესი, ეს იქნება საკანონმდებლო ცვლილების ფორმით თუ იმით, რომ პლენარულ სხდომაზე ამ სიას მხარი არ დაუჭიროს. შეაჩეროს აღნიშნული პროცესი, მიიღოს „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რითაც განისაზღვრება როგორც დასახელების ეტაპზე, ასევე პარლამენტში წარდგენილი კანდიდატების განხილვის ეტაპზე, ამ პროცესის უფრო მეტი ჩართულობა და გამჭვირვალობა, გვეცოდინება რა კრიტერიუმებით შეარჩევს იუსტიციის საბჭო მოსამართლეებს, ამ პროცესის მიმართ გაჩნდება ნდობა და მხოლოდ ამის შემდეგ განიხილოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხი პარლამენტმა", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა. ესენი არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე. საბჭოს აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ საბჭოს არამოსამართლე წევრებში, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ოპოზიციაში უკმაყოფილება გამოიწვია.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს