„თიბისი ბანკი“ 200 ბავშვს ერთი წლის განმავლობაში ყველთვიურად 100-ლარიან სტიპენდიას  მისცემს

„თიბისი ბანკის“ გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით 200 ბავშვი ერთი წლის განმავლობაში, ყველთვიურ სტიპენდიას 100 ლარის ოდეობით მიიღებს. ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ ღონისძიებაზე გახდა ცნობილი, სადაც „თიბისიმ“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ანგარიში გამოაქვეყნა.

როგორც ჟურნალისტებს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განუცხადა, აღნიშნულით ბანკი შეეცდება 200 ნიჭიერ ბავშვს, საქართველოს მასშტაბით შეუქმნას ის ელემენტარული პირობები, რაც მათ საყვარელი საქმიანობის კეთებასა და სამომავლოდ მიზნების მიღწევაში დაეხმარება.

„საზოგადოებას ჩავაბარეთ 2018 წელს არასაბანკო საქმიანობის შესახებ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია. ეს არის ქველმოქმედება, სპონსორობა, ჩვენი თანადგომა კულტურის, მწერლობის, ზოგადად, ხელოვნებისა და ახალგაზრდების მიმართ. დღემდე 1000-მდე სტიპენდიანტი ჰყავს „თიბისი ჯგუფს“, მაგრამ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა, ბავშვი, უნიჭიერესი ახალგაზრდები, მოკლებულნი მხარდაჭერას, დაფინანსდებიან მთელი წლის განმავლობაში და შევქმნათ პრეცედენტი, რომ იმ საქმის კეთების საშუალება ჰქონდეთ, რომელიც მათ გულით უყვართ, აქვთ მიზნები და შევუწყოთ ამ მიზნების ასრულებაში ხელი“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ღონისძიებას, რომელიც „თიბისი ბანკის“ სათავო ოფისში გაიმართა, ბიზნესსექტორის, კულტურის სფეროს და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებას ესწრებოდა ასევე გაეროს მშვიდობის ელჩი, პიანისტი, ელისო ბოლქვაძე. როგორც ელისო ბოლქვაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, „თიბისი ბანკი“ წლებია ეროვნულ საქმეს აკეთებს, რომლის მეშვეობითაც უამრავი ადამიანი, განსაკუთრებით ახალგაზრდები გრძნობენ ხელშეწყობას, რაც ქართულ საზოგადოებას აძლიერებს.

„თიბისი ჯგუფის“ ეს აქტივობები, მხარდაჭერა ყველა მიმართულებით, არის უდიდესი ეროვნული საქმე, რომელსაც აქვს დიდი მუხტი, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, რადგან ისინი გრძნობენ მხარდაჭერას და აქვთ იმედი, რომ მათი ყველა კარგი წამოწყება შესაძლოა იყოს მხარდაჭერილი „თიბისის“ მიერ. ეს არის ძალიან დიდი მოვლენა და მადლობა მათ ამ ყველაფრისთვის.

მე ამ ადამიანებთან შეხება მაქვს იმ დღიდან, როდესაც დავაარსე ფონდი „ლირა“ და პირადად მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ მამუკა ხაზარაძეს, მთელ მენეჯმენტს იმ ღირებულებების დაცვისთვის, რაზეც დგას ქართული საზოგადოება და სოციუმი“, - აღნიშნა ელისო ბოლქვაძემ.

ღონისძიებაზე, სადაც სტუმრებმა ბანკის მიერ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ანგარიში მოისმინეს, წარმოდგენილი იყო CSR-ის პროექტები, რომელიც 5 სხვადასხვა მიმართულებით ერთიანდება. ესენია: ბიზნესის მხარდაჭერა, მემკვიდრეობა, კულტურა, თიბისის გუნდი, მომავალი თაობა. ეს უკანასკნელი ბანკისთვის განსაკუთრებულ ნიშად გამოცხადაა, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდა 200 ბავშვი, პროექტი კი საქმიანობას სახელით „თიბისის სტიპენდიანტები“ გააგრძელებს. ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში კი უკვე სამი წელია ტარდება ბიზნესდაჯილდოება, რომელიც ბიზნესდაჯილდოების ყველაზე დიდი ღონისძიებაა საქართველოში. მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის შექმნილია საგანმანათლებლო და ინფორმაციული პლატფორმა tbcbusiness.ge, რომელზეც შესაძლებელია ბიზნესისთვის სასარგებლო ინიციატივებისა და პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიღება. პროგრამა „სტარტაპერი“ თითქმის ორწლიან ისტორიას, 410 სტარტაპსა და 83 მილიონ ლარზე მეტ დაფინანსებას ითვლის.

მემკვიდრეობის შენარჩუნება კი „თიბისის“ არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. #წერექართულად კი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტია, რომელიც აერთიანებს ქართული ანბანის ციფრულ სამყაროში პოპულარიზაციის ინიციატივას, მათ შორის მაიკროსოფტთან ერთად შექმნილ პირველ ქართულენოვან პლატფორმას Kartulad.ge, რომლის მიზანია კომპიუტერულ პროგრამებში ქართული ენის დანერგვა.

აღნიშნულის გარდა, ბანკისთვის მნიშვნელოვანია მომავალი თაობის მხარდაჭერა, რისთვისაც შეიქმნა საქველმოქმედო ონლაინპლატფორმა Statusdonates.ge, რომელიც თიბისი სტატუსისა და მისი მომხმარებლების სახელით, ხელს უწყობს ახალი თაობის განვითარებასა და წარმატებას. თიბისი პარტნიორია ისეთი პროექტების, როგორიცაა: გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი - ლეონარდო და ვინჩი და ათასწლეულის ინოვაციების კონკურსი.

წლებია „თიბისი“ ბანკისთვის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს კულტურის მხარდაჭერა, რომლის მაგალითია ლიტერატურული პრემია „საბა“, რომლის რიგით მე-16 საზეიმო ღონისძიება ფრანკფურტში გაიმართა, ელექტრონული და ხმოვანი წიგნების ყველაზე დიდი ქართული პლატფორმა www.saba.com.ge, „არტარეა“ - პირველი ქართული არხი კულტურაზე, მრავალი ღონისძიება თიბისი გალერეასა და თიბისი არტ გალერიში, პროექტი 12, ქოლგა თბილისი ფოტო, თბილისის არქიტექტურული ბიენალე და სხვა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს