საქართველოს ბიზნეს ასოციაცია „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის არსებული ფორმით ყველა ბიზნეს სუბიექტზე გავრცელებას საგანგაშოდ მიიჩნევს

„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის არსებული ფორმით ყველა ბიზნეს სუბიექტზე გავრცელებას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საგანგაშოდ მიიჩნევს, - ამის შესახებ ბიზნეს ასოციაციის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, დღეს მოქმედი კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ, უკვე ვრცელდება ბიზნესის ყველა იმ სფეროზე, ყველა კომპანიაზე, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია მძიმე, მავნე და საშიშ პირობებთან და ამ გზით უზრუნველყოფილია იმ ადამიანებისათვის უსაფრთხოების გარანტიები, ვინც მსგავს სამუშაოებზე არიან დასაქმებულები.

„დღეისათვის დღის წესრიგში დგას კანონის მოქმედების სფეროს გავრცელება აბსოლუტურად ყველა ტიპის საქმიანობაზე, მათ შორის ისეთებზე, რაც არანაირ არსებით საფრთხესთან არაა დაკავშირებული დასაქმებულებისათვის და ამ გზით იგეგმება ქვეყანაში არსებულ თითოეული კომპანიისათვის, მეწარმე ფიზიკური პირებისათვის და ადმინისტრაციული ორგანოებისთვისაც კი ისეთი სამართლებრივი ტვირთის დაკისრება, რაც დაკავშირებული იქნება მნიშვნელოვან ფინანსურ დანახარჯებთან.

კანონპროექტის მიხედვით, ნებისმიერ კომპანიას, მეწარმე ფიზიკურ პირს, მიკრო თუ მცირე ბიზნესს და ადმინისტრაციულ ორგანოს, მიუხედავად მისი ზომისა და საქმიანობის სფეროსი, მოუწევს ყოველწლიურად ათასობით ლარის გაღება, რათა ისარგებლონ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომსახურებით, სამუშაო ადგილებზე პერიოდულად ზომონ და აკონტროლონ გარემო ზემოქმედების ფაქტორები (ტემპერატურა, ტენიანობა, გამოსხვივება, საწარმოო ხმაური), შეიმუშაონ და შრომის ინსპექციას წარუდგინონ რისკების შეფასების დოკუმენტები, უზრუნველყონ დასაქმებულები ტრენინგებით და ა.შ.

ჩვენი ღრმა რწმენით, მსგავსი დაუსაბუთებელი რეგულაციების შემოღება და ფორმალური ვალდებულებების დაკისრება განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისათვის, პრინციპულად ეწინააღმდეგება ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის ხელშეწყობისა და განვითარების კონცეფციას და ხედვებს; ეს კი განსაკუთრებით საგანგაშოა იმ ფონზე, რომ მხოლოდ თეორიული საფრთხეების პრევენციის გამო, ბიზნეს სექტორს მოუწევს რამდენიმე ასეული მილიონი ლარის დახარჯვა თავის საქმიანობის რეგულაციებთან შესაბამისობაში მოსაყვანად და იმ კანონის შესასრულებლად, რომლის განხილვაც ისე მიმდინარეობს, რომ არაა გაანალიზებული მოსალოდნელი ფინანსური შედეგები ბიზნესისათვის და სახელმწიფო ბიუჯეტისათვის.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მოუწოდებს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას, შესაბამისი ფინანსური ანალიზის გარეშე ნუ მიიღებენ კანონპროექტს არსებული ფორმით“, - ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა