მე არ შევალ მოსამართლეთა გვარების დასახელებაში და ასეთი ტიპის განხილვაში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგებს მოუწოდა, რომ თავი შეიკავონ გვარების განხილვისას.
„მე არ შევალ გვარების დასახელებაში და ასეთი ტიპის განხილვაში, მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ განახლებული სია არის წარმოსადგენი. ყველას მოვუწოდებ, რომ გვარების განხილვაში ამ ეტაპზე არ შევიდნენ. ჯერ ვნახოთ ეს სია და ამის შემდეგ შევუდგეთ გვარების და სახელების განხილვას. რაც შეეხება თავმჯდომარის პოზიციას, მან მოისმინა უმრავლესობის წევრების მოსაზრებები, მათ შორის კონკრეტული კანდიდატურების შესახებ და სწორედ ამას ეფუძნებოდა მისი პოზიცია, რომლის მიხედვითაც დეპუტატებს უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება საკუთარი შინაგანი რწმენის შესაბამისად“, - განაცხადა კობახიძემ.