„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ - პროკურატურამ ლაშა თორდიას ცემის საქმეზე ფარცხალაძესა და ჩოხელს ბრალი არარელევანტური მუხლით წარუდგინა

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განცხადებით, საქართველოს პროკურატურამ არ დააკაყოფილა მათი მოთხოვნა, რომ ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს ყოფილი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემასთან დაკავშირებით წარდგენილი ბრალი გადაკვალიფიცირებოდა.

კერძოდ, საქართველოს პროკურატურამ არ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის მოთხოვნა ყოფილი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას საქმეზე ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძისთვის და ფინანსთა სამინისტროს მაღალჩინოსნის, მიხეილ ჩოხელისთვის წარდგენილი სსსკ-ის 126-ე მუხლით წარდგენილი ბრალი (ცემა), გადაკვალიფიცირებულიყო ამავე კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით (სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმა, მისი საქმიანობიდან გამომდინარე).

„ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, ბრალი, რომელიც წარედგინათ ოთარ ფარცხალაძესა და მიხეილ ჩოხელს, არ შეესაბამება საქმეში არსებულ გარემოებებს. აღნიშნულზე ადამიანის უფლებათა ცენტრმა შუამდგომლობით მიმართა პროკურატურას და მოითხოვა, რომ საქმეზე დაწყებული გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 353-ე პრიმა მუხლზე, რაც გულისხმობს სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმას მისი საქმიანობიდან გამომდინარე.

მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ის გარემოებაც, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა, საქმეზე არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, არ მსჯელობს ჩადენილი დანაშაულის ჯგუფურ ხასიათზე, მიუხედავად იმისა, რომ ოთარ ფარცხალაძესა და მიხეილ ჩოხელს ბრალი წარდგენილი აქვთ ერთსა და იმავე ქმედებაზე და საქმეზე. შესაბამისად, აშკარად იკვეთება ერთსა და იმავე საქმეზე ორი პირის მიერ ერთობლივი დანაშაულებრივი ქმედება, რაც გულისხმობს ჯგუფურად დანაშაულის ჩადენას, რაზეც უნდა დადგეს შესაბამისი სამართლებრივი შედეგი.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას, განიხილოს და იმსჯელოს ადამიანის უფლებათა ცენტრის შუამდგომლობასთან დაკავშირებით და დანაშაულებრივ ქმედებაზე ბრალდებულებს ბრალი წარუდგინოს შესაბამისი მუხლით, კერძოდ სსსკ-ის 353-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმას მისი საქმიანობიდან გამომდინარე. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ჯგუფური დანაშაულებრივი ქმედების იდენტიფიცირება, რაც გაზრდის საქართველოს პროკურატურის კვალიფიციურობის, ობიექტურობის, მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის ხარისხს“, - ნათქვამია ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო