ქართული პრესის მიმოხილვა 28.12.2018

დიდი განხეთქილება და "ოცნების" ძველი და ახალი სახეების დაპირისპირება იურიდიულ კომიტეტში

32-ე მსხვერპლი - სირიაში დაღუპული პანკისელი ბიჭის მამა ბათირაშვილის დაცვის უფროსი ყოფილა

***

დიდი განხეთქილება და "ოცნების" ძველი და ახალი სახეების დაპირისპირება იურიდიულ კომიტეტში

"ოცნების" შიგნით დიდი განხეთქილებაა. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ეკა ბესელიას გადადგომის შემდეგ მმართველი პარტიის ძველი და ახალი სახეები ერთმანეთს უხეში განცხადებებით, კომპრომატების დაანონსებით თუ ღია და ირიბი საყვედურებით დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების მთავარი ფიგურა ეკა ბესელია იყო, ბრალდებების მთავარი ეპიცენტრი - იურიდიული კომიტეტის სხდომა, თემა კი - პარლამენტში დასამტკიცებლად წარდგენილი იმ 10-კაციანი სიის შემადგენლობა, რომლებიც უზენაეს სასამართლოში უვადოდ უნდა დაინიშნონ”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, დიდი განხეთქილება და "ოცნების" ძველი და ახალი სახეების დაპირისპირება იურიდიულ კომიტეტში

"სწორედ იურიდიულ კომიტეტზე დაწყებულმა ურთიერთლანძღვამ სააშკარაოზე გამოიტანა "ოცნების" შიგნით დაგროვებული ფარული დაპირისპირება და ისიც, ვინ ვის დაჯგუფებაშია. ბესელიას ბანაკში აღმოჩნდნენ გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი და ლევან კობერიძე, რომლებმაც ხმამაღლა განაცხადეს, რომ ბესელიას არგუმენტებს იზიარებენ და ადეიშვილის დაკვეთების შემსრულებელი მოსამართლეების უვადოდ გამწესება მიუღებელია. ბესელიასთან დაპირისპირებულ მეორე დაჯგუფებაში კი ყველაზე აქტიური სოფო კილაძე და ანრი ოხანაშვილი იყვნენ. კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ პარლამენტის სპიკერმა ირაკლი კობახიძემაც ირიბად გააკრიტიკა ბესელია და თქვა, რომ მისი წასვლა შიდა სამზარეულოს უკავშირდება, რაზეც მოგვიანებით ილაპარაკებს, და არამც და არამც მოსამართლეების თემას. ყველაფერი ეკა ბესელიას ხმაურიანი განცხადებით დაიწყო. მან თქვა, რომ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობას ტოვებდა, თუმცა გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც ვანო ზარდიაშვილმა დაწერა განცხადება კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეობიდან წასვლაზე, რადგან "ზარდიაშვილს კომიტეტს ვერ დაუტოვებდა", - აღნიშნავს გამოცემა.

"ბესელიამ ასევე აღნიშნა, რომ მისი წასვლა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განსახილველად წარდგენილი კანდიდატების სიას უკავშირდება, რადგან სიაში არიან მოსამართლეები, რომლებიც მისი შვილისა და ძმის საკითხებს განიხილავდნენ, გადადგომით კი შეძლო, ეს პროცესი შეჩერებულიყო. საგულისხმოა, რომ იურისტებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების - ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის მტკიცებით, სწორედ ვანო ზარდიაშვილი ლობირებს ამ 10-კაციან სიას და პირადად მიხეილ ჩინჩალაძეს, რომელიც მოსამართლეთა კლანის ლიდერად მოიაზრება. არც ბესელია და არც მისი რომელიმე თანამოაზრე ღიად არ საუბრობს, ზარდიაშვილი ლობირებდა თუ არა ამ სიას, თუმცა გედევან ფოფხაძემ ამაზე მიანიშნა. "ეს კითხვები დაუსვით ვანო ზარდიაშვილს... თუმცა მგონია, რომ ბატონი ვანოს დარჩენა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო. ბატონი ვანო ამ ადამიანებთან (უზენაესი სასამართლოს მოსამართლე კანდიდატებთან) დაახლოებული იყო," - განაცხადა ფოფხაძემ“, - განაგრძობს გამოცემა.

"გარდა ბესელიას სკანდალური განცხადებისა, იურიდიულ კომიტეტში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია მის მიერ ზარდიაშვილის ნაცვლად პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძის კანდიდატურის წარდგენამაც. მოლოდინი იყო, რომ ზარდიაშვილის წასვლის შემდეგ პირველი მოადგილეობა ანრი ოხანაშვილს ან დავით მათიკაშვილს დარჩებოდა, ამიტომაც ფოფხაძის დასახელება გააპროტესტა ანრი ოხანაშვილმა, რომელიც ზარდიაშვილის გუნდის წევრად მიიჩნევა. სხდომა ძალიან ხმაურიანი გამოდგა და მას კომიტეტის წევრების გარდა სხვა დეპუტატებიც ესწრებოდნენ, თუნდაც დავით ჭიჭინაძე, სოფო კილაძე, ირმა ინაშვილი, რომლებიც ძალიან აქტიურობდნენ. "ოცნების" ყოფილ დეპუტატ ჭიჭინაძეს შელაპარაკება მოუვიდა ანრი ოხანაშვილთან. ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ "ცვლილებები ეკა ბესელიათი არ უნდა დაწყებულიყო, უნდა დაწყებულიყო პორტირებულების "ნაჩალნიკით", ანუ კობახიძით". ოხანაშვილმა მას სათქმელი გააწყვეტინა შეძახილით - "წესიერად ილაპარაკე, შეურაცხყოფების გარეშე". "ნუ ეკვეხები-მეთქი. რისი უფლება გვაქვს, განახებთ ცოტა ხანში. მოსახლეობა გაგცემთ საკადრის პასუხს, მაგ სიამოვნებას როგორ მოგაკლებთ," - უპასუხა მას ჭიჭინაძემ. სხდომაზე კიდევ არაერთი შელაპარაკება მოხდა "ოცნების" წევრებს შორის. მაგალითად, ეკა ბესელიას დაუპირისპირდა სოფო კილაძეც, რომელმაც ჯერ უსაყვედურა, რომ თავმჯდომარე არ აძლევს ხალხს ლაპარაკის უფლებას რიგის მიხედვით, რის პასუხადაც ბესელიამ თქვა, რომ "დაიქცა ის ქვეყანა, სადაც კილაძე ასწავლის მას ადამიანის უფლებებს". მან კილაძეს ურჩია, დაწყნარებულიყო და გაეარ-გამოეარა. შემდეგ კილაძემ განაცხადა, რომ აბსოლუტური ტყუილია ის, რომ ბესელია კომიტეტის თავმჯდომარეობიდან მოსამართლეთა შერჩევის პროცესის გამო წავიდა და გაუგებარია, რატომ დააკავშირა ეს ორი თემა ერთმანეთთან, რადგან ჯერ კიდევ 2-3 თვის წინ იცოდა მედიამ, რომ მას თანამდებობიდან გაუშვებდნენ, მაშინ კი მოსამართლეების თემა საერთოდ არც არსებობდა. ამის შემდეგ კილაძემ დარბაზი დატოვა, ბესელია კი დაიმუქრა, რომ "რაღაცების მოყოლას დაიწყებდა", - დასძენს გამოცემა.

"ამ დაპირისპირებაში ოპოზიციის მხარდაჭერა ბესელიამ მოიპოვა. "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა ახალ სახეებს შეახსენა, რომ სწორედ ბესელიას, ფოფხაძისა თუ გოგიჩაიშვილის ბრძოლის გამო შეძლეს "ოცნების" იმ წევრებმა პარლამენტში მოხვედრა, რომლებიც დღეს ირაკლი კობახიძის გუნდში არიან. გარდა ამისა, ინაშვილმა განაცხადა, რომ რაც ახლა იურიდიულ კომიტეტში ხდება, ეს "შიდა გადატრიალება და პატარა რევოლუციაა". "ევროპული საქართველოს" წევრებმა კი თქვეს, რომ "ოცნებაში" გავლენის გადანაწილებაზე დიდი ბრძოლაა, ბესელიას გადაყენება კი ივანიშვილის გადაწყვეტილებაა და ამით გამოჩნდა, რომ იმ 10 კანდიდატის უვადო მოსამართლედ დანიშვნა სწორედ მისი სურვილია. სხდომის დასრულების შემდეგ შიდა დაპირისპირებასა და ბესელიას გადადგომაზე ჟურნალისტებთან კომენტარი გამოთქვა პარლამენტის თავმჯდომარემაც. ირაკლი კობახიძის თქმით, ბესელიას თანამდებობიდან წასვლა გუნდის "შიდა სამზარეულოს" უკავშირდება და პირობაც დადო, რომ მიზეზებზე მოგვიანებით ისაუბრებს. მისთვის გაუგებარია, რატომ დაუკავშირა ბესელიამ კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგომა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხს, რადგან მას უკვე ნათქვამი ჰქონდა, რომ მოსამართლეების საკითხზე პარლამენტი მიმდინარე წელს აღარ იმსჯელებდა. გარდა ამისა, კობახიძემ არც ის გამორიცხა, რომ ვიღაცამ შესაძლოა, გუნდი დატოვოს. კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ ბესელიამ დატოვოს "ოცნება", პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ეს დამოკიდებულია გუნდის წევრების მოქმედებებზე. "გუნდი არის მყარი. რაც შეეხება მცირე გადაადგილებებს, როგორც მოხდა დღეს იურიდიული კომიტეტის შემთხვევაში, ასეთი მცირე გადაადგილებები შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს... ვინც თამაშობს, ზოგადად, გუნდურ თამაშს, ის იქნება გუნდის ნაწილი... საკონსტიტუციო უმრავლესობას აღარ აქვს პრინციპული მნიშვნელობა," - განაცხადა კობახიძემ“, - წერს სტატიის ავტორი.

32-ე მსხვერპლი - სირიაში დაღუპული პანკისელი ბიჭის მამა ბათირაშვილის დაცვის უფროსი ყოფილა

"სირიაში 14 წლის მოზარდი, პანკისელი მუხმად ფარეულიძე დაიღუპა, რომლის ოჯახიც სირიაში ჯერ კიდევ 2014 წლიდანაა წასული. ეს უკვე 32 დაღუპულია პანკისიდან სირიის საომარ მოქმედებების დროს. სულ საქართველოს რამდენი მოქალაქეა გარდაცვლილი სირიის ომში ისლამისტების მხარეს ბრძოლისას, ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ არის. სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტის უფროსის მამუკა არეშიძის ინფორმაციით, აჭარიდან დაღუპულია ხუთი ადამიანი. ასევე ცნობილია ქვემო ქართლიდან დაღუპული 4 ეთნიკური აზერბაიჯანელიც, მათ შორის 2 ძმა,თუმცა არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანელებს შორის ბევრად მეტი გარდაცვლილი იყოს, მაგრამ მალავდნენ“, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, 32-ე მსხვერპლი - სირიაში დაღუპული პანკისელი ბიჭის მამა ბათირაშვილის დაცვის უფროსი ყოფილა

"როგორც წესი, ქისტები კარგი მებრძოლები არიან და კარგად ჩანან ბრძოლებში. აჭარიდან და ქვემო ქართლიდანაც არიან საბრძოლველად წასულები და დაღუპულებიც, მაგრამ ვინაობას ოჯახები მალავენ. პანკისელების ამბავსაც ვერ გავიგებდით, რომ არა ის ტრადიცია, რომელიც გარდაცვლილზე საპანაშვიდედ კარების გაღებას და სამძიმრის მიღებას გულისხმობს და ამით ხდება ცნობილი. აჭარლებიდან 5-ია დაღუპული, აზერბაიჯანელებიდან ცნობილია მხოლოდ 4, მაგრამ ზუსტი რიცხვი არავინ იცის,"- ამბობს არეშიძე. პანკისის სათემო „რადიო ვეის" ინფორმაციით, ფარეულიძეების ოჯახი სირიაში 2014 წელს წავიდა, მანამდე ისინი პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში ცხოვრობდნენ. 14 წლის მოზარდის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია კი 27 დეკემბერს გახდა ცნობილი და დილიდან ახლობლები გარდაცვლილის პაპას უსამძიმრებენ. „სირიაში არიან მუხმად ფარეულიძის მამა - ახმადი, დედა და სამი და-ძმა. ახმად ფარეულიძე ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერის, პანკისელი თარხან ბათირაშვილის დაცვის უფროსი იყო", - წერს სათემო რადიო დაღუპულის ნათესავებზე დაყრდნობით“, - აღნიშნავს გამოცემა.

"თარხან ბათირაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 2016 წლის ივლისში გავრცელდა, რაც პანკისში მისმა ძმამ და მამამ დაადასტურეს და სამძიმარი მიიღეს. მაშინ ითქვა, რომ სირიაში დაბომბვის დროს დაიჭრა ახმად ფარეულიძეც, მაგრამ გადარჩა. ის დღემდე „ისლამური სახელმწიფოს" რიგებში იბრძვის. პანკისის სათემო რადიოს მონაცემებით, სირიაში საბრძოლო მოქმედებებს უკვე 32 პანკისელი ემსხვერპლა. მათგან 2018 წელს 6 პანკისელი დაიღუპა, მათ შორის ნოემბერში მოკლეს 44 წლის ადამ გუმაშვილი, რომელიც „ისლამური ხალიფატის" ერთ-ერთი გავლენიანი პირი იყო, ე.წ. იუსტიციის მინისტრი. 2017 წელს დაღუპულია 3 პანკისელი; ყველაზე მეტი დაღუპულია 2016 წელს - 11 პანკისელი, მათ შორის „ხალიფატში" ყველაზე გავლენიანი ფიგურა, 30 წლის თარხან ბათირაშვილი; 2015 წელს - 3 პანკისელი; 2014 წელს - 5 პანკისელი, 2013 წელს - 3 და 2012 წელს - 1 პანკისელი. მამუკა არეშიძის თქმით, დაღუპული მოზარდი წლების წინ მამამ წაიყვანა მთელ ოჯახთან ერთად. „მაშინ პატარა ბავშვი იყო, 10 წლის. ახლა იბრძოდა თუ არა, ვერაფერს გეტყვით. თავისი ასაკიდან გამომდინარე, შესაძლოა, სულ ახლახანს დაიწყო საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობა,"- ამბობს არეშიძე“, - განაგრძობს გამოცემა.

"ექსპერტის ვარაუდით, საქართველოდან, 100-120 ადამიანი იქნება წასული სირიაში საბრძოლველად, თუმცა ზოგიერთ კვლევაში 300-საც ასახელებენ, მაგრამ ამის არ სჯერა, ბოლო წელს კი, მისი ინფორმაციით, არც ერთი საქართველოს მოქალაქე არ წასულა საბრძოლველად და ამის მიზეზი ბევრია - უპირველესი მიზეზი კი ისაა, რომ „ისლამური ხალიფატი" ძალიან დასუსტდა, პოზიციები ბევრგან დათმო და ამის გამო რეკრუტირებას ვეღარ ახერხებს. „ერთ-ერთი ფაქტორი ასევე არის თარხან ბათირაშვილის მკვლელობაც. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს სპეცსამსახურებისა და შესაბამისი სხვა სტრუქტურების მუშაობაც. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ პანკისის ხეობას ის იყო მთავარი ადამიანი, ვინც ახალგაზრდების სირიაში რეკრუტირებას ახდენდა და ასევე ბევრი აქტივობა განხორციელდა სოციალურ ქსელებში. მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ისიც, რომ „ისლამურმა ხალიფატმა" ხიბლი დაკარგა მას შემდეგ, რაც მარცხი მარცხზე განიცადა და ამან ძალიან იმუშავა. ასევე ერთ-ერთი ფაქტორია თურქეთის ხელისუფლების აქტივობაც, რომელიც ადრე ამ ადამიანებს თუ საშუალებას აძლევდა გადაადგილებულიყვნენ სირიის მიმართულებით, ახლა საზღვრები ჩაკეტა,"- აღნიშნავს არეშიძე. კავკასიოლოგი ამბობს, რომ საქართველოდან წლების წინ სირიაში საბრძოლველად წასულთა ნაწილი დღეს სირიასა და ერაყში არ არის, მათ ბრძოლას თავი მიანებეს და საუდის არაბეთში ან სხვა ისლამურ ქვეყანაში წავიდნენ. „გაგიკვირდებათ, მაგრამ ზოგიერთი მათგანი სწავლობს სხვადასხვა რელიგიურ სასწავლებელში. ასევე სწავლობენ იქაურ უნივერსიტეტებში ისტორიულ ფაკულტეტებზეც. საუდის არაბეთში სირიაში მებრძოლს პრობლემები არ ექმნება, იქ მაგგვარი კანონი არ მუშაობს,"- ამბობს არეშიძე“, - დასძენს გამოცემა.

"საგულისხმოა ისიც, რომ სირიიდან დაბრუნებულები არიან საქართველოშიც. მათგან 2015 წელს ორი დააკავეს, თუმცა პანკისში ასევე არიან სხვა დაბრუნებულებიც, მათ შორის ქალებიც, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ამერიკულმა გამოცემა „ვაშინგტონ პოსტმა" დაწერა, რომ „ისლამური ხალიფატის" მებრძოლები და ასევე სამოქალაქო პირის სტატუსით იქ მომუშავე ადამიანები საქართველოში ბრუნდებიან, დაახლოებით 50 ადამიანია დაბრუნებული და სახელმწიფომ არ იცის, რა უყოს მათ. მაშინ ქართველი ექსპერტები საუბრობდნენ, რომ 50 გაბერილი რიცხვი იყო და დაახლოებით 10-15 ადამიანი იყო დაბრუნებული, თუმცა ამ ადამიანთა შესახებ საუბარს საჯაროდ ყველა გაურბის, რადგან მათ საქართველოს სს კოდექსით პატიმრობა ემუქრებათ“, - წერს სტატიის ავტორი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა