არასრულწლოვნის ადვოკატი - ზვიად კუპრავა ვერაფერს იტყვის ისეთს, რაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას ეხება

ზვიად კუპრავა ვერაფერს იტყვის ისეთს, რაც ამ შემთხვევაში, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას ეხება, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ-ს ადვოკატმა ფრიდონ სიხუაშვილმა ზვიად კუპრავას მოწმის სახით დაკითხვასთან დაკავშირებით განაცხადა.

ადვოკატმა ასევე ისაუბრა „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ ჩანაწერზე, რომელიც საქმეში ერთ-ერთი მტკიცებულებადაა და პროკურატურის მხრიდან მართლმსაჯულების გადატრიალებად შეაფასა ის ფაქტი, რომ ეს ჩანაწერი კანონიერი გახადა.

„ზვიად კუპრავა ვერაფერს იტყვის ისეთს, რაც ამ შემთხვევაში, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას ეხება. ვინაიდან, ის ფაქტის შემსწრე არაა, არ იცის მოვლენები როგორ განვითარდა. მათი მხრიდან გაკეთებული უკანონო ჩანაწერი და შემდეგ ამ ჩანაწერის ასევე მასმედიით გავრცელება არასრულწლოვნის მიმართ პირიქით სხვა რამეზე მეტყველებს. ის ამას ვერ უარყოფს დღევანდელ პროცესზე. ექსპერტიზას დადგენილი არ აქვს თუ როგორ მოხდა ამ ჩანაწერის გადმოტანა, შენახვა და რამდენად შეესაბამება სიმართლეს. ასევე, გამოძიებამ არ ჩაატარა ექსპერტიზა ნამდვილია თუ არა ის ჩანაწერი და ეკუთვნის თუ არა იქ მოსაუბრე პირებს, ხმის ნიმუშები აღებული არ არის. საუბარია ჩანაწერზე, რომელიც „რუსთავი 2“-ზე გავიდა, რომელიც ამოიღო ბრალდებამ და კანონიერი გახადა. ეს მოქმედება პროკურატურის მხრიდან არის მართლმსაჯულების გადატრიალება. როგორ შეიძლება ნებისმიერი ადამიანის უკანონოდ მოპოვებული და გავრცელებული ჩანაწერების კანონიერად ცნობა. ესაა დიდი უკანონობა და ამაზე პასუხისგება აუცილებლად მოუწევს იმ პროკურორებს და გამომძიებლებს ვინც ეს გააკეთა“, - განაცხადა სიხუაშვილმა.

ადვოკატმა ჩანაწერის შინაარსზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს არასდროს უარყვია ზაზა სარალიძესთან შეხვედრის შესახებ.

„ჩანაწერის შინაარსი ასეთია, რომ საუბრობს 4 პირი, მათ შორის სარალიძე, კუპრავა და ორი არასრულწლოვანი. ხორავას ქუჩის 4 ნომერში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით საუბრობენ. ეს არის ბრალში მითითებული ერთ-ერთი მტკიცებულება. თითქოს უარყო დ.ღ.-მ ზაზა სარალიძესთან შეხვედრა. მას არ უარყვია არასოდეს. პირიქით, ეთერში გასვლისთანავე მან გუგუშვილს და ფხაკაძეს მოახსენა. ამის შესახებ იქნა გამოკითხული. ყველა კითხვას უპასუხა ამომწურავად. უბრალოდ სასამართლოზე არ თქვა საუბრის შესახებ, რადგან სარალიძის მხრიდან იყო თხოვნა, რომ მასთან შეხვედრაზე არ ეთქვათ ბავშვებს. ამას ემატება ისიც, რომ ფხაკაძემ და გუგუშვილმა უთხრეს დ.ღ.-ს, რომ ეს საქმესთან შემხებლობაში არაა და ამის თქმა არ იყო აუცილებელი. ამ საუბრის შინაარსი შემხებლობაში არაა წაყენებულ ბრალდებასთან“, - განაცხადა სიხუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვანი დ.ღ. ივლისის თვეში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ღ.-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და მისცა ცრუ ჩვენება. კერძოდ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიებაში მოწმის სახით გამოკითხვისას დ.ღ -მ განაცხადა, რომ გარდაცვლილ დავით სარალიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ კონფლიქტში მონაწილე გ.ჯ და მ.კ, რა დროსაც მ.კ. ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა დავით სარალიძეს, თუმცა, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მ.კ-ს ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა უარყო. გამოძიებით ასევე, დადგინდა, რომ სასამართლო სხდომამდე დ.ღ. შეხვდა გარდაცვლილი დავით სარალიძის მშობელს და ესაუბრა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, თუმცა, სასამართლო განხილვის სტადიაზე მსგავსი შეხვედრა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი უარყო.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო