ნინო ბურჯანაძე ივანიშვილის მხარდამჭერებს - მურუსიძის უვადოდ დანიშვნის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის კრიტიკა ისევ ,,ნაციონალების" მხარდაჭერას ნიშნავს?!

„მაინტერესებს, რას ამბობენ ივანიშვილის მხარადმჭერები მურუსიძის დანიშვნის შემდეგ, „ქართული ოცნების“ კრიტიკა მათთვის ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეობას ნიშნავს?!, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

ბურჯანაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში ლევან მურუსიძის მოსამართლედ უვადოდ გამწესება შეაფასა, როგორც ხელისუფლების მიერ საზოგადოებრივი აზრის გადაბიჯება და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას ხალხი ამას არ აპატიებს.

„მინდა გამოვხატო ჩემი ძალიან დიდი აღშფოთება იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ მიუხედავად საზოგადოების აბსოლუტურად ნეგატიური დამოკიდებულებისა, ხელისუფლებამ ფაქტობრივად გადააბიჯა საზოგადოების აზრს და დანიშნა მურუსიძე, რომელიც არის სიმბოლო უსამართლობისა და იმისა, რომ ქართული სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და ხელისუფრების მხრიდან აბსოლუტურად მართულია. ძალიან მაინტერესებს, რა რეაქცია აქვთ ახლა იმ ადამიანებს, განსაკუთრებით „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, რომლებიც პრაქტიკულად ხელისუფლების ნებისმიერ კრიტიკას აფასებდნენ ისე, რომ თუ ხელისუფლებას აკრიტიკებ, აუცილებლად „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრე ხარ. ახლა მაინტერესებს, ეს ადამიანები, რომელთა უმეტესობაც ლამის ბიძინა ივანიშვილის კარზე რიგში დგას, რას ამბობენ მურუსიძის მუდმივად დანიშვნასთან დაკავშირებით?! საინტერესოა, დღესაც ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის კრიტიკა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერას?! ასე მიიჩნევენ ისინი? ტყუილად არავინ თქვას, რომ ახლა ივანიშვილმა არ იცოდა და ვიღაცამ გადაწყვიტა მურუსიძის მუდმივი მოსამართლეობა. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ საზოგადოების აზრის ასეთი უგულვებელყოფა, როგორც ახლა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა გააკეთეს, ძალიან ძვირად დაუჯდება ამ ხელისუფლებას, რადგან ადამიანები ასეთ თავხედობასა და უსამართლობას ნამდვილად არ პატიობენ. თუმცა ესაა პირდაპირი ნიშანი იმისა, რომ ივანიშვილს ნებისმიერ ფასად უნდა, რომ არა მარტო მთავრობა და პარლამენტი, არამედ სასამართლოც აბსოლუტურად მისი კონტროლის ქვეშ იყოს, რათა მუდმივად და სამუდამოდ ჩაიდოს საქართველო ჯიბეში. მას ეს არ გამოუვა, მაგრამ „ოცნების“ მომხრეებისგან ნამდვილად ველოდები პასუხს იმ კითხვაზე, რომელიც დავსვი“, - აღნიშნა დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა.

ბურჯანაძის თქმით, „ქართული ოცნების“ მომხრეები რეალურად მხარს ბიძინა ივანიშვილს უჭერენ, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობა“ გადაარჩინა, რათა იგი მუდმივად საფრთხობელად გამოეყენებინა.

„მთავარი აქ ბიძინა ივანიშვილია და არა - „ქართული ოცნება“, რადგან „ქართულ ოცნებას“ კი არ უჭერენ მომხრეები მხარს, არამედ - ივანიშვილს და მისი მილიარდების იმედი აქვთ. „ქართულ ოცნებაში“ ვისი იმედი უნდა ჰქონდეთ?! პასუხისმგებლობაც, შესაბამისად, ივანიშვილს ეკისრება, ეს სრულიად ნათელი და ერთმნიშვნელოვანია. მურუსიძე კი ამ შემთხვევაში კრებითი სახელია, რომელიც სიმბოლოა იმ მოსამართლეების, რომელთაც წლების განმავლობაში გამოჰქონდათ უსამართლო განაჩენები. მაგრამ აქ მარტო მოსამართლეებზეც არ არის საკითხი, აქაა უამრავი სხვა ადამიანი, მათ შორის პროკურატურის თანამშრომლები, რომელთაც პოლიტპატიმრების საქმეები ჰქონდათ გამოძიებული და ბრალმდებლები იყვნენ, ახლა კი დაწინაურებულები არიან. ანუ ყველა ის ადამიანი, რომელიც უსამართლო სისტემას ემსახურებოდა და რომელმაც ივანიშვილის ხელისუფლების დროს გააგრძელა საქმიანობა და ხშირ შემთხვევაში, დაწინაურდა კიდეც. ასე რომ, ვფიქრობ, პირველ რიგში „ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერებისთვის სწორედ ივანიშვილს უნდა მოეკითხოს პასუხი და ნებისმიერი სხვა ინსინუაციები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს. დიახ, ივანიშვილმა გადაარჩინა „ნაციონალური მოძრაობა“, რომ მუდმივად საფრთხობელად გამოეყენებინა ის“, - განაცხადა დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა