განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდის მე-6 სკოლამ მხოლოდ ინსპექტირების შემდეგ დაიწყო წლების განმავლობაში არსებული პრობლემების გამოსწორება.
როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პარლამენტში სიტყვით წარდგენისას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ქოჩიშვილმა ვრცლად ისაუბრა იმ შედეგებზე, რომელიც ინსპექტირების შედეგად სკოლაში განხორცილდა, კერძოდ იმაზე, რომ სწორედ სამინისტროს მიერ განხორციელებულმა შესწავლამ მოიტანა შედეგი და ზუგდიდის მე-6 სკოლამ დარღვევების აღმოფხვრის შესახებ სამინისტროს წერილი თავად გაუგზავნა.
„სკოლის ადმინისტრაციას ყოველთვის ეძლევა გამოსწორების შესაძლებლობა“ - განაცხადა ქოჩიშვილმა.
როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ზუგდიდის მე-6 სკოლამ ინსპექტირების დასკვნაში მითითებული შენიშვნების გათვალისწინებით, ყველა დარღვევა აღიარა და ასევე, აღწერა გატარებული ღონისძიებები.
„ინსპექტირების დასკვნაში მითითებული შენიშვნების გათვალისწინებით სკოლამ სამინისტროს გამოუგზავნა ანგარიში, სადაც ფაქტობრივად აღიარებულია ყველა დარღვევა და აღწერილია სკოლაში გატარებული ღონისძიებები:
სკოლის სარგებლობაში არსებული ტუალეტები და სველი წერტილები (ეზოს ტერიტორიაზე და შენობის პირველ სართულზე (შენობის შიგნით) მთლიანად დასუფთავებულია და სანიტარულ-ჰიგიენური პირობების სრული დაცვით. ჩატარებულია შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები. კაბინებში შეტანილია საპონი და ტუალეტის ქაღალდი. ყველა კაბინაში განთავსებულია ურნები, ხელსაბანი ნიჟარები მოყვანილია წესრიგში. სკოლის მიერ იჯარის წესით გადაცემულ ფართებზე გაფორმებულია ხელშეკრულებები(ასლები თან ახლავს).
შესაბამისი ინფორმაცია მიწოდებულია საქართველოს ქონების ეროვნული სააგენტოსთვის. მოგების დეკლარაციები დაზუსტებულია. შესაბამისი თანხებიც გადახდილია სახელმწიფო ბიუჯეტში. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, სკოლის შესყიდვებში სრულად იქნება გათვალისწინებული შენიშვნები. ინტერესთა კონფლიქტის შესახებ შესაბამისი ოქმების გაკეთება უკვე დაწყებულია 2018 წლის დეკემბრის თვიდან. შედგენილია ადმინისტრაციის თანამშრომელთა სამუშაო დროის აღრიცხვის ტაბელი. 2018 წლიდან მასწავლებელთა და მოსწავლეთა გადაცდომები განხილულია დისციპლინური კომიტეტის მიერ“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.