ქართული პრესის მიმოხილვა 31.12.2018

ვახტანგ ძაბირაძე - “დაპირისპირება “ოცნებაში” - რა არჩევანის წინაშე დააყენეს ივანიშვილი “ძველებმა” და “ახლებმა”?!

გია ხუხაშვილი - “ივანიშვილს შანსი აღარ აქვს, რომ არ გამოჩნდეს...”

დავით უსუფაშვილი - “ივანიშვილი აკონტროლებს ყველაფერს და არაფერზე აგებს პასუხს - ეს არის ყველაზე უარესი ვერსია სახელმწიფოებრივი ცხოვრებისა!”

* * *

ვახტანგ ძაბირაძე - “დაპირისპირება “ოცნებაში” - რა არჩევანის წინაშე დააყენეს ივანიშვილი “ძველებმა” და “ახლებმა”?!

ის, რაც “ქართულ ოცნებაში” ხდება, ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. რა თქმა უნდა, ამას არჩევნებამდე არ გააკეთებდნენ, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კი ამ უთანხმოების საჯაროდ გამოტანა შესაძლებლად მიიჩნიეს. ამით “ქართული ოცნებისთვის” ახალი ეტაპი იწყება. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გვიახლოვდება და სწორედ ამისთვის ემზადება “ქართული ოცნების" თითოეული ჯგუფი. საკითხი ასე დგას - ვინ აიღებს ხელში სადავეებს ისე, რომ 2020 წლისთვის “ქართული ოცნების” საპარლამენტო სია განსაზღვროს. ყველაფერი სწორედ ამ კონტექსტით უნდა განვიხილოთ”, - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით დაპირისპირება “ოცნებაში” - რა არჩევანის წინაშე დააყენეს ივანიშვილი “ძველებმა” და “ახლებმა”?! / “საჭიროა, ივანიშვილი დაბრუნდეს პრემიერად. სხვას თეორიული შანსიც კი არა აქვს, ეს ქვეყანა ქვეყანას დაამსგავსოს”.

“ვფიქრობ, ეკა ბესელიამ პარტიაში უთანხმოების საჯაროდ გამოტანისთვის საუკეთესო დრო შეარჩია და პოლიტიკურად ძალიან მომგებიანი ნაბიჯიც გადადგა. მან თავისი გადადგომა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესს დაუკავშირა. არა მგონია, უახლოეს მომავალში რომელიმე საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკოსის გადაწყვეტილება და კარის გაჯახუნება ასე დაემთხვეს საზოგადოებრივ აზრს. ეკა ბესელიას პროტესტი და განცხადება გადადგომის თაობაზე აბსოლუტურად ემთხვევა მოსამართლეებთან დაკავშირებით საზოგადოების ნეგატიურ განწყობას. ირაკლი კობახიძეც და ისინიც კი, ვინც რაღაც-რაღაცების გამო იძულებული არიან, მართვის სადავეების შესანარჩუნებლად მხარი დაუჭირონ მურუსიძესა და მის “კომპანიას”, ძალიან ცუდ პოზიციაში აღმოჩნდნენ. ჩემი აზრით, დღეს საქართველოში, გარდა დაინტერესებული პირების ვიწრო წრისა, არ მოიძებნება ადამიანი, რომელიც არ იტყვის, რომ იუსტიციის საბჭოს მომზადებული სია და მურუსიძის მოსამართლედ უვადოდ გამწესება, საშინელებაა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ქართული ოცნების” ეს ე.წ. ძველების ფრთა მართლაც ვერ იტანს მოსამართლეთა ამ ჯგუფს. დარწმუნებული ვარ, ეს მოსამართლეები არც “ახალგაზრდა გვარდიას” ეპიტნავება მაინცდამაინც, მაგრამ ისინი იძულებული არიან, კონიუნქტურას გაუწიონ ანგარიში. ამას მოჰყვა კობახიძის საინტერესო განცხადება, რომ თურმე “ბესელიასთან დაკავშირებით არის რაღაც მოტივები, რაც გასაჯაროვდება”. არ ვიცი, რას გულისხმობდა პარლამენტის თავმჯდომარე, თუმცა ბესელიაც არ უნდა იყოს “ხელცარიელი”... მან განაცხადა კიდეც, რომ რაღაც-რაღაცების გახმაურებას აპირებს... თუმცა ამ ეტაპზე მაინცდამაინც მკვეთრ დაპირისპირებასა და განცხადებებს აღარ ველი. საქმე ის არის, რომ ეს დაპირისპირება და გამიჯვნა მიმართულია, ერთი მხრივ - საზოგადოებისა და მეორე მხრივ ივანიშვილისადმი. ამ პროცესს უკვე მოჰყვა საზოგადოების შეფასება. რა რეაქცია მოჰყვება ივანიშვილისგან, რთული სათქმელია, თუმცა, როგორც ჩანს, როგორც ძველი, ისე ახალი “გვარდია” ივანიშვილს აყენებს არჩევანის წინაშე: ან ძველ გვარდიას დაუჭიროს მხარი, ან - ახალს. ასეთი მიდგომა სწორედ 2020 წლის არჩევნებს უკავშირდება. ეს ხალხი ეძებს თავის ადგილს "ქართულ ოცნებაში", ისინი ცდილობენ, გაარკვიონ, მომავალში ექნებათ ადგილი "ქართულ ოცნებაში", თუ სხვაგან უნდა გააგრძელონ პოლიტიკური საქმიანობა...”, - განაგრძობს პოლიტოლოგი.

“პარტიაში რომ საქმე კარგად ვერ არის, ეს ივანიშვილმა თქვა, როცა დაბრუნდა, მაგრამ დავინახეთ, მისი დაბრუნებიდან ექვსი თვის შემდეგ, პარტიამ როგორ ჩააფლავა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური. ივანიშვილს იმედი ჰქონდა, რომ ყველაფერს მოაგვარებდა, მაგრამ აშკარაა, რომ მან ეს ვერ შეძლო. პარტიის საქმეების მოგვარებაზე არც ვიდარდებდით, რომ არ ვხედავდეთ, რა რთულადაა საქმე ხელისუფლებასა და მთავრობაში. ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილი ეცდება, გარკვეულ დრომდე მოახერხოს და “ძველებსა” და “ახლებს” შორის ბალანსი დაიცვას, შედეგად კი საკონსტიტუციო უმრავლესობა შეინარჩუნოს. თუ ერთ-ერთმა ჯგუფმა დაინახა, რომ მომავალ პარლამენტს გარეთ რჩება, ვფიქრობ, დაფიქრდებიან, სჭირდებათ კი საერთოდ ბიძინა ივანიშვილი და საკუთარ თამაშს დაიწყებენ. ივანიშვილისთვის ყველაზე კარგი იქნება და ვფიქრობ, ამას ეცდება კიდეც, რომ გუნდის ერთობა ერთი წელი მაინც შეინარჩუნოს. როგორ გამოუვა ეს, არ ვიცი. ველოდები, რომ გაზაფხულზე ის დადგება არჩევანის წინაშე”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“მოსამართლეების დანიშვნა კი გადაიდო, მაგრამ პროცესი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს... ეს კონიუნქტურა შექმნა ივანიშვილმა, როდესაც თქვა, რომ ეს მოსამართლეები იყვნენ სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლნი. რატომ თქვა ეს, ერთი მხრივ, თითქოს რთული ასახსნელია, თუმცა, მეორე მხრივ, არსებობს ახსნის მარტივი ვერსიაც - საქმე ის არის, რომ ეს მოსამართლეები სააკაშვილის მორჩილნი კი არ იყვნენ, არამედ - ხელისუფლების, ამიტომ სააკაშვილი იქნება, ივანიშვილი თუ ვინმე სხვა, ისინი მას დაემორჩილებიან... ეს არის კომუნისტებისგან გამოყოლილი მავნე ტრადიცია, რომელსაც თავს ვერაფრით ვაღწევთ... მე არ ვიცი, რას წარმოადგენს "მურუსიძის კლანი" ან ვინ მფარველობს პარლამენტში ქვეყნისთვის დამღუპველ ამ პროცესებს, მაგრამ ცხადია, რომ ყველაფერი სათავეს იღებს ბიძინა ივანიშვილის განცხადებებიდან, როდესაც მან მოსამართლეები, რომლებიც ყველაფერზე უწერდნენ ხელს სააკაშვილის ხელისუფლებას, მსხვერპლად გამოიყვანა... ვფიქრობ, მურუსიძის უვადო მოსამართლედ გამწესება იუსტიციის საბჭოს მხრიდან არის პარლამენტისა და მთელი საზოგადოების გამოწვევა. მათი გზავნილი დაახლოებით ასეთია - ერთს თუ დაბლოკავთ, სხვას მაინც გავიყვანთ და ჩვენსას გავიტანთო... კიდევ ერთი - ერთ-ერთი მთავარი პასუხისმგებელი სასამართლო სისტემაში შექმნილ მდგომარეობაზე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანია”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.

“... კონსტიტუცია გვეუბნება, რომ ქვეყანაში უმაღლესი აღმასრულებელი პირი არის პრემიერი, რეალურად კი ვხედავთ, რომ პრემიერის ზემდგომი პარტიის თავმჯდომარეა. არ გამოვა ასე! სწორედ ამიტომ ივანიშვილის პირველი ნაბიჯი უნდა იყოს დაბრუნება იქ, სადაც მისი ყოფნა აუცილებელია, ანუ დაიკავოს მთავრობის მეთაურის თანამდებობა. სხვას თეორიული შანსიც კი არა აქვს, ეს ქვეყანა ქვეყანას დაამსგავსოს. პარტიის თავმჯდომარეობით ქვეყნის მართვა რომ არ გამოდის, წესით, კარგად უნდა დაენახა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებით. ყველა ფაქტორი მეტყველებს, რომ დაძაბული და მძიმე წელი გველის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც, რადგან დაწყებულია ურთულესი გეოპოლიტიკური პროცესები და ამ პროცესებით წარმოშობილ გამოწვევებთან გამკლავებაც პრობლემა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის... იმედი მაქვს, ყველაფერი მშვიდობიანად წარიმართება. დამდეგი შობა-ახალი წელი მინდა მივულოცო "კვირის პალიტრის" რედაქციას და თქვენს მკითხველს. ღმერთმა მშვიდობა და სიკეთე მოგცეთ!”, - დასძენს პოლიტოლოგი.

გია ხუხაშვილი - “ივანიშვილს შანსი აღარ აქვს, რომ არ გამოჩნდეს...”

“სამწუხაროდ, გაკვეთილებსა და შეცდომებზე სწავლის მაინც და მაინც დიდი სურვილი არ გვაქვს. მუდმივად სულ ერთ წრეზე ვტრიალებთ. რაც შეეხება 2018 წელს, უფრო ნეგატიურად შეიძლება შეფასდეს, ვიდრე დადებითად. სოციალური რისკები გაიზარდა, მოსახლეობის დიდი ნაწილი გაღარიბდა. ასევე, წინა არჩევნებთან შედარებით, ამ არჩევნების დემოკრატიის ხარისხმა დაიწია. ყველაფერი სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენებმა დააგვირგვინა, რაც 2019 წლისკენ გადაინაცვლებს და საბოლოო ჯამში, შესაძლოა პოლიტიკური პროცესებიც კი განსაზღვროს. ამიტომაც, მოკლედ რომ შევაჯამოთ, საკმაოდ მძიმე წელი იყო და არცთუ ნაკლებად მძიმე წელი გველის”, - აცხადებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ივანიშვილს შანსი აღარ აქვს, რომ არ გამოჩნდეს..” - ხუხაშვილი.

“ყველგან, ყველა სფეროში სრული ქაოსია. არჩევნების პერიოდის შემდეგ მსგავსი ფსიქოზი დამახასიათებელია ხოლმე. ახლა ყველგან გაურკვევლობა და დაბნეულობაა. ეს ყველაფერი მასობრივ ისტერიაშია უკვე გადასული. საზოგადოება გაიხლიჩა და კიდევ უფრო დაქუცმაცდა. მოხდა ხალხის სეგმენტებად დაშლა. მათ შორის ეს პროცესი ყველა ინსტიტუციას მოედო. პარლამენტში შიდა დაპირისპირება დაიწყო, ეკლესიაში ვხედავთ რა სახის განცხადებები კეთდება. ადამიანები ოჯახებშიც კი პოლიტიკურ ნიადაგზე ერთმანეთს გადაეკიდნენ. საზოგადოება მთლიანად დაქუცმაცდა და დაიშალა. საქართველო ამ ნგრევის პროცესში ბაბილონის გოდოლს დაემსგავსა. ეს, რა თქმა უნდა, ერთის მხრივ ტრაგიკულია, მაგრამ როდესაც ასეთი პროცესები იწყება, ეს იმის საშუალებას იძლევა, რომ ამ ქაოსიდან რაღაც კარგი მივიღოთ. ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, თუ შემდეგ წელს ყველა როგორ დავიწყებთ. ახლა ვართ გარდამავალ ეტაპზე, საიდანაც სხვადასხვა სცენარის განვითარების მოლოდინში უნდა ვიყოთ. არ გამოვრიცხავ, რომ ამ დაპირისპირების ფონზე ბევრი ადამიანის თავი დაგორდეს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“მურუსიძე ერთი არ არის - ეს არის პრობლემის დავიწროვება. ეს ადამიანი მანკიერების სიმბოლოდ იქცა და ეპიცენტრში ამიტომ აღმოჩნდა. ბოროტების სათავე ამ შემთხვევაში იუსტიციის საბჭოა, სადაც 11 მურუსიძე ზის. ეს ადამიანები მზად არიან, რომ ხელი ნებისმიერ რაღაცას მოაწერონ. ეს არის მთავარი პრობლემა. ჩვენ თუ სასამართლოში რაღაცის გაკეთება გვინდა, მურუსიძეს კი არ უნდა ვეჭიდაოთ, იუსტიციის საბჭო უნდა დავითხოვოთ. ეს ხალხი დგას და გვიმტკიცებენ მურუსიძეს დანაშაული აქვს თუ არა ჩადენილი. ამ კითხვაზე ლაპარაკსაც აზრი არ აქვს. მოსამართლის რეპუტაცია ყველაფრის განმსაზღვრელია. როდესაც ადამიანს, მიუხედავად იმისა აქვს თუ არა დანაშაული ჩადენილი, მისი რეპუტაცია ნულის ტოლფასია და ის მაინც მოსამართლის მანტიას ეპოტინება, აქ არის მთელი პრობლემა. თუ საზოგადოებისგან მას ეს მანტია არ ერგება, საერთოდ რაზე ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, ხელისუფლება გონს თუ დროზე არ მოეგო, მას ეს პრობლემა სრულიად გადაიყოლებს. აქ რადიკალური სისტემური გადაწყვეტილებებია მისაღები. მურუსიძე თუ არა, მასზე უარეს მოგვიყვანენ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“... რაც შეეხება მეუფე იაკობის სკანდალური განცხადებებს, საერთოდ, ჯანსაღი სისტემის პირობებში, საერო და სასულიერო ცხოვრება ერთმანეთისგან რადიკალურად გამიჯნული უნდა იყოს. რა თქმა უნდა, არ არის კარგი მოსასმენი, როდესაც სასულიერო პირები სრულიად აშკარად, საერო და სახელისუფლებო კომპეტენციაში გადადიან. ისევე, როგორც არ არის სასურველი, როდესაც პირიქით ხდება. იგივე მეუფე იაკობმაც აღნიშნა, რომ ვიღაც ბიზნესმენები ეკლესიის ცხოვრებაში ერევიან. მეუფე იაკობს მგონია, რომ სიტყვა გაექცა და გახარიასთან დაკავშირებით რაღაც ღრმა არ უგულისხმია. აქ ჟურნალისტთან ურთიერთობის გამოუცდელობამ იმუშავა. მან იმაზე მეტი თქვა, ვიდრე უნდოდა. დარწმუნებული ვარ, რომ ის ამას ძალიან ნანობს”, - დასძენს გია ხუხაშვილი და შეკითხვაზე - “რა ფორმით და როგორ უნდა გამოჩნდეს უკვე ახალი წლიდან ივანიშვილი, რა რადიკალური გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს, რათა ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობა შეიცვალოს?” - პასუხობს:

“ივანიშვილი, რომ არ გამოჩნდეს შანსი არა აქვს. ის ახლა დილემის წინაშე დგას. გამოჩნდება თუ არა, პასუხისმგებლობას საზოგადოება მაინც მას დააკისრებს. აქედან გამომდინარე არგამოჩენას რა აზრი აქვს?! ის აქტიური უნდა იყოს, რადგანაც საქმე ძალიან ცუდად არის. მას პოლიტიკურად საქმე ძალიან მძიმედ აქვს. ერთადერთი გამოსავალი ნდობისა და ავტორიტეტის დასაბრუნებლად ისაა, რომ მან ინსტიტუციონალური წესრიგი უნდა აღადგინოს. ამისთვის ის პრემიერი უნდა გახდეს. ეს მას გარკვეულ შანს მისცემს, რომ ის კითხვები, რაც ხელისუფლების და მისი მისამართით ისმის, პასუხგაცემული იქნას. ფაქტობრივად, ჩვენ მისგან სისტემურ პასუხებს ველით - რას შვრება ის ხელისუფლებასთან მიმართებაში, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლოსთან მიმართებაში. რაც შეეხება კონკრეტულად მურუსიძის უდანაშაულებას, მოკლე მეხსიერება არავის აქვს. ამიტომ ვურჩევ ივანიშვილს, რომ ახალი წლიდან ძალიან აქტიურად და სწრაფად პოლიტიკურ პროცესებში ჩაებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა და ყველაფერი დაზიანდება!”

დავით უსუფაშვილი - “ივანიშვილი აკონტროლებს ყველაფერს და არაფერზე აგებს პასუხს - ეს არის ყველაზე უარესი ვერსია სახელმწიფოებრივი ცხოვრებისა!”

“ოცნება” ღრმა კრიზისშია, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კი ეს სახელისუფლებო კრიზისში გადაიზარდა. ამის მიზეზია “ოცნების” ქაოსური მმართველობა. პოლიტოლოგიური ანბანური დარღვევაა, როდესაც პარტიის თავმჯდომარე, ძალაუფლების მფლობელი, არ იმყოფება თანამდებობაზე, ისე მართავს პარტიასა და ქვეყანას, როგორც კომუნისტების დროს პარტიის გენერალური მდივანი. ამიტომ, როდესაც გაზაფხულზე ივანიშვილმა განაცხადა, პოლიტიკაში ვბრუნდებიო, იმ წუთიდან ვამბობ, თუ მართლა ადარდებს სახელმწიფოს ბედი, პრემიერ-მინისტრად უნდა დაბრუნდეს!”, - აცხადებს “შენების მოძრაობის” დამფუძნებელი დავით უსუფაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ივანიშვილი აკონტროლებს ყველაფერს და არაფერზე აგებს პასუხს”.

“სასამართლო სისტემის პრობლემების სათავე ის არის, რომ მართლმსაჯულება ქვეყნის რეალური მმართველის, ივანიშვილის პირდაპირ გავლენაშია მოქცეული. ის, რომ პრემიერ-მინისტრს ხელი არ მიუწვდება იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებაზე, მურუსიძისა და სასამართლოს დამოუკიდებლობას სულაც არ ნიშნავს. სასამართლო სისტემა არის ივანიშვილის ექსკლუზიურ მმართველობას დაქვემდებარებული. დღეს ივანიშვილი აკონტროლებს ყველაფერს, მაგრამ არაფერზე აგებს პასუხს, ყველა სხვა პასუხს აგებს ყველაფერზე, მაგრამ არ ფლობს რეალურ ძალაუფლებას. ეს არის ყველაზე უარესი ვერსია სახელმწიფოებრივი ცხოვრებისა... 2019 წელი უკიდურესად მძიმე იქნება. თუ მმართველი ძალა მიიღებს გადაწყვეტილებას და 2020 წელს არჩევნებს პროპორციული სისტემით ჩაატარებს, პოლიტიკური ძალები, მათ შორის მმართველ პარტიაში აღმოცენებული სხვადასხვა დაჯგუფება, მზადებას დაიწყებენ არჩევნებისთვის. ეს ხელისუფლებასაც მისცემდა საშუალებას, მეტი აღარაფერი გაეფუჭებინა, ვიდრე დღემდე გააფუჭა”, - დაასკვნის დავით უსუფაშვილი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა