ნაღდი ანგარიშსწორებისას 1 და 2-თეთრიანებს ხურდად აღარ დააბრუნებენ

2019 წლის პირველი იანვრიდან, ნაღდი ფორმით ანგარიშსწორების 1 თეთრის სიზუსტით განხორციელების პრინციპი “დამრგვალების მეთოდმა“ შეცვალა.

ფასის დამრგვალების მეთოდი მხოლოდ ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გამოიყენება. უნაღდო ანგარიშსწორება უცვლელად - ერთი თეთრის სიზუსტით განხორციელდება.

როგორც ეროვნული ბანკი განმარტავს, ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას დამრგვალების მეთოდის გამოყენება ხდება მაშინ, როდესაც ერთეული პროდუქტის/მომსახურების ფასი ან რამდენიმე პროდუქტის/მომსახურების ჯამური ღირებულება არ მთავრდება 0-ზე ან 5-ზე.

ამ შემთხვევაში ფასის დამრგვალება ხდება მეტობით ან ნაკლებობით უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე შემდეგი პრინციპით: 1 და 2 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება ნაკლებობით 0-მდე; 3 და 4 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება მეტობით 5-მდე; 6 და 7 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება ნაკლებობით 5-მდე; 8 და 9 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება მეტობით შესაბამის ათეულამდე.

დადგენილი წესი არ გულისხმობს თითოეულ პროდუქტზე და სერვისზე ფასების ცვლილებას და დამრგვალების პრინციპი ვრცელდება მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორების პროცესში როგორც ერთეული პროდუქტის შეძენისა და მომსახურების გაწევის შემთხვევაში, ისე რამდენიმე პროდუქტის ან მომსახურების საერთო ჯამურ ღირებულებაზე.

ცვლილებები ასევე ეხება 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევის საკითხსაც. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევაში საგადამხდელო საშუალებად გამოყენების ვადა განისაზღვრა 2020 წლის ბოლომდე.

2021 წლის 1-ლი იანვრიდან ერთი წლის განმავლობაში, აღნიშნული ნომინალის მონეტების გამოცვლა განხორციელდება საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მეშვეობით, ხოლო 2022 წლის 1 იანვრიდან - მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მეშვეობით, უვადოდ.

იხილეთ სტატია

ვიტალი ბალა - დარწმუნებული ვარ, რომ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტთან მიმართებაში ვარდისფერ სათვალეებს მოიხსნის
ქართული პრესის მიმოხილვა 10.12.2019
ბექა ინჯია - მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არბიტრაჟისა და მედიაციის ინტიტუტების სტანდარტები საქართველოში მსხვილ ინვესტორთა მოთხოვნებს პასუხობდეს
"ორიონ ჯგუფმა" ვირტუალური ფული შექმნა - სიახლე სამშენებლო სექტორში
პროკრედიტ ბანკსა და არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ეტაპი „ემბავუდის“ განვითარებაში