ალექსეი მალაშენკო -  ახლა რუსეთში ყველაფერს ძალოვნები აკონტროლებენ

თუ რა შედეგებით დასრულდა 2018 წელი რუსეთისთვის და სავარაუდოდ როგორია ამ ქვეყნის პერსპექტივები 2019 წელს, ”ინტერპრესნიუსი” მოსკოვის კარნეგის ცენტრის წამყვან სპეციალისტს, აღმოსავლეთმცოდნე ალექსეი მალაშენკოს ესაუბრა.

- ბატონო ალექსეი, რა შედეგებით დასრულდა 2018 წელი რუსეთისთვის? იმის გათვალისწინებით, რომ პრაქტიკულად ყველაფერს ეკონომიკური მდგომარეობა განსაზღვრავს, რამდენადაც შესაძლებელია ჯერ ეკონომიკით დავიწყოთ და შემდეგ გადავიდეთ სხვა საკითხებზე.

- შედეგებზე, მათ შორის ეკონომიკაში საუბარი ძნელია, ვინაიდან 2018 წელსაც გრძელდებოდა ის პროცესები, რომელიც დიდი ხნის წინაა დაწყებული. უნდა ითქვას, რომ ეს ყველაზე საუკეთესო პროცესები არაა.

გრძელდება ქვეყანაში ეკონომიკური ვითარების გაუარესება… რუსეთი ცხოვრობს იმ ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებში, რომლებიც ქვეყნის მდგომარეობაზე უფრო ნეგატიურად აისახება, ვიდრე პოზიტიურად

გრძელდება ქვეყანაში ეკონომიკური ვითარების გაუარესება. მიიღება არაპოპულარული გადაწყვეტილებები, რომელიც საპენსიო რეფორმას უკავშირდებოდა. შეუძლებელია იმაზე საუბარი, რომ 2018 წელი რუსეთის ეკონომიკისთვის გარკვეულწილად საეტაპო იყო. არსებულ ვითარებაში ეკონომიკური თვალსაზრისით შედეგების შეჯამება და წერტლის დასმა პრაქტიკულად შეუძლებელია.

რუსეთი ცხოვრობს იმ ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებში, რომლებიც ქვეყნის მდგომარეობაზე უფრო ნეგატიურად აისახება, ვიდრე პოზიტიურად.

- ბრძანეთ, რომ ადრე დაწყებული ტენდენციები ეკონომიკაში ნარჩუნდება და გრძელდება. შეგიძლიათ დააზუსტოთ, რა ტენდენციებზეა საუბარი?

- ინფლაცია იზრდება, ფასები თითქმის ყველა საქონელზე მატულობს. რაც ყველაზე მთავარია, აშკარაა, რომ ადამიანების მატერიალური მდგომარეობა წლითი წლობით უარესდება და ისინი შარშან უარესად ცხოვრობდნენ, ვიდრე იგივე 2017 წელს.

- 2018 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა, რომ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 1%-ს არ აღემატება, რომ მსოფლიო ეკონომიკაში რუსეთი წილიც 1%-ზე ოდნავ მეტია. ასეა კარგა ხანია, მაგრამ თქვენი აზრით, ამ თვალსაზრისით რომ რუსეთის ეკონომიკაში არაფერი იცვლება, სავარაუდოდ რას უკავშირდება?

- ეკონომიკაში ვითარება იმის გამო არ იცვლება, რომ არ იცვლება ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სისტემა. იგი ისეთივედ რჩება, როგორიც იყო. იგი ორიენტირებულია ნავთობისა და გაზის ექსპორტზე, გრძელდება უმსხვილესი სფეროების მონოპოლიზაცია.

ეკონომიკაში ვითარება იმის გამო არ იცვლება, რომ არ იცვლება ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სისტემა... ასეა კარგა ხანია და როგორც ჩანს, ამგვარად კიდევ კარგა ხანს დარჩება

ასეთ ვითარებაში ვერანაირ გამოსავალს ვერ ვხედავ ბაზრის გაუმჯობესებისა და მეტად განვითარებისთვის. ასეა კარგა ხანია და როგორც ჩანს, ამგვარად კიდევ კარგა ხანს დარჩება.

ახლა ყველა კი ცდილობს შედეგების შეჯამებას, მაგრამ რუსეთის ეკონომიკის რეალური შედეგების შეჯამება შესაძლებელი იქნება 5-6 წლის შემდეგ. ანუ მაშინ, როცა გაირკვევა სავარაუდოდ, თუ როგორ დასრულდება ის ეკონომიკური პროცესი, რომელიც დიდი ხნის წინაა დაწყებული და მის უზრუნველსაყოფად უმაღლეს დონეზე მიიღება გადაწყვეტილებები.

- თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რა შედეგით შეიძლება დასრულდეს ის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც რუსეთში, როგორც თქვით, დიდი ხანია ხორცილდება?

- ძნელი სათქმელია, მე არ ვიცი. დღეს რუსეთი წლიური მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩველებლით მსოფლიოში მე-12 ადგილზეა. ახლა ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ 2019 წელს რუსეთის ეკონომიკა უნდა შევიდეს მსოფლიოს 5 წამყვანი ქვეყნის ეკონომიკებში.

პუტინის ოპტიმიზმის მიუხედავად, რუსეთში 1%-ზე ნაკლებია მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა. ანუ, ისევ ისეთ მაჩვენებელზეა, როგორც ეს 2017 წლის ბოლოს იყო

ეს ხომ შეუძლებელია. მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით ჩვენ მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით წამყვანი ქვეყნების ეკონომიკებს.

მართალია, ჩინეთში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი 6 თუ 8%-ით დაეცა, მაგრამ მაინც 6%-ს შეადგენს. ჩვენთან კი საერთოდ გაუგებარია საერთოდ გვაქვს თუ არა ზრდა. ვიღაც ამბობს, რომ ზრდა გვაქვს, ზოგი ამბობს, რომ არ გვაქვს.

რეალურად კი, პუტინის ოპტიმიზმის მიუხედავად, რუსეთში 1%-ზე ნაკლებია მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა. ანუ, ისევ ისეთ მაჩვენებელზეა როგორც ეს 2017 წლის ბოლოს იყო.

- როგორ შეაფასებდით 2019 წლის დასაწყისისთვის რუსეთის საშინაო პოლიტიკაში არსებულ ვითარებას?

- საშინაო პოლიტიკაშიც იგივე ვითარებაა, როგორიც იყო, ანუ გრძელდება ის, რაც ადრე იყო. ერთმნიშვნელოვნად უფრო შესამჩნევი და ხელშესახები ხდება ჭანჭიკების მოჭერა. გაუგებარია თუ რა ხდება თავად მმართველ ელიტაში. ელიტა არა იმდენად გახლეჩილია რამდენადაც უფრო შეშინებული.

საშინაო პოლიტიკაშიც იგივე ვითარებაა, როგორიც იყო ანუ გრძელდება ის, რაც ადრე იყო. ერთმნიშვნელოვნად უფრო შესამჩნევი და ხელშესახები ხდება ჭანჭიკების მოჭერა. ელიტა არა იმდენად გახლეჩილია, რამდენადაც უფრო შეშინებული

ხელმძღვანელობა იღებს იმგვარ გადაწყეტილებებს, რომელიც აბსოლუტურად გაუგებარია. ამ პროცესში გაუგებარია თავად პრეზიდენტ პუტინის როლი. იგი თავიდან ასრულებდა შუამავლის როლს, შემდეგ იყო ლიდერიც და იმავდროულად ბელადიც. ახლა კი ასეთი ვითარებაა - ოლიგარქებმა, რომლებიც პუტინთან არიან დაკავშირებული, არ იციან, უახლოეს მომავალში თუ რას შეიძლება ელოდნენ პუტინისგან. მათ შორის, თუ როგორი ურთიერთობა ექნება მას მათთან.

ასეა, იმის გამო, რომ ახლა ყველაფერს ძალოვნები აკონტროლებენ. ეს კი ქვეყნისთვის ყველაზე საუკეთესო გამოსავალი სულაც არაა. საერთოდ, როცა ქვეყანაში ბევრია გენერლები, ეს ცუდია. კიდევ უფრო ცუდია, როცა გადაწყეტილებების მიმღებებს შორისაც რომ გენერლები ჭარბობენ.

- ამას წინათ პოლიტოლოგმა გლებ პავლოვსკიმ განაცხადა - „2019 წლის მთავარი შედეგი ასეთია - ჩვენ ნამდვილად შევედით პუტინთან დამშვიდობების, პუტინის ტრანზიტისა და თუ პოსტპუტინური ტრანზიტის ფაზაში“. თქვენი აზრით, რუსეთი მართლაც შევიდა პუტინთან დამშვიდობების გარკვეულ ფაზაში?

- ვერ გეტყვით რა ტრანზიტსა და რა დამშვიდობებაზე საუბარობენ პოლიტოლოგები. ცხადია ის, რომ პოლიტიკური სისტემა, რომელიც ახლა რუსეთში არსებობს, დამსხვრევას არ ექვემდებარება.

ახლა ყველაფერს ძალოვნები აკონტროლებენ. ეს კი ქვეყნისთვის ყველაზე საუკეთესო გამოსავალი სულაც არაა. საერთოდ, როცა ქვეყანაში გენერლები ბევრია, ეს ცუდია

მიუხედავად იმისა, რომ გაუგებარია ვინ შეცვლის პუტინს, პუტინი იქნება თუ არა ზედა ეშელონებში და რით დასრულდება ურთიერთგარჩევები, რუსული ისტებლიშმენტისთვის უცვლელი რჩება არა ქვეყნის ინტერესები, არამედ საკუთარი ინტერესები, რომლებსაც ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესებად ასაღებენ.

ზედა ეშელონებში აზრთა სხვადასხვაობა განისაზღვრება არა სახელმწიფოებრივი ინტერესების სხვადასხვაგვარად ხედვაში, არამედ კერძო ინტერესებით.

- ბრძანეთ, რომ რუსეთის პოლიტიკურ სისტემაში რაიმე სახის ცვლილებები მოსალოდნელი არ იქნება...

- დიახ, ასეა, მე ვერ ვხედავ წინაპირობებს, რომ რუსეთის პოლიტიკურ სისტემაში რაიმე სახით ცვლილებები მოხდეს.

- „ეხო მოსკვის“ მთავარმა რედაქტორმა ამას წინათ განაცხადა - „უნდა გვესმოდეს, რომ პუტინი ხელისუფლებაში დარჩენას 2024 წლის შემდეგაც აპირებს“. თქვენც ასეთი შთაბეჭდილება გრჩებათ?

- ვენედიქტოვისაგან განსხვავებით, მე პუტინს პირადად არ ვიცნობ. ამიტომ, ამაზე ვერც ვერაფერს გეტყვით.

პოლიტიკური სისტემა, რომელიც ახლა რუსეთში არსებობს, დამსხვრევას არ ექვემდებარება... რუსული ისტებლიშმენტისთვის უცვლელი რჩება არა ქვეყნის ინტერესები, არამედ საკუთარი ინტერესები, რომლებსაც ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესებად ასაღებენ

როცა პუტინზე ვსაუბრობთ, ძნელია გარკვევით ვისაუბროთ რუსეთის ნაციონალურ-სახელმწიფოებრივ ინტერესებზე, ამიტომ, ალბათ უმჯობესი იქნებოდა გვესაუბრა იმაზე, თუ რაშია კონკრეტული რუსი პოლიტიკოსების კონკრეტული ინტერესი და თავად პუტინის ინტერესი.

დღეისათვის, რუსულ პოლიტელიტას პუტინი აწყობს, მაგრამ, როგორც ვთქვი, ზედა ეშელონებში შეიმჩნევა პუტინის მიმართ გაღიზიანება, ვინაიდან იგი მეტად არაპროგნოზირებადი ხდება.

ახლა ამაზე არა მარტო ბევრს საუბრობენ კულუარებში, არამედ წერენ კიდეც რუსულ პრესაში. ადამიანები, ვინც მას იცნობს, თან კარგად, ხელებს შლიან და აცხადებენ, რომ საინტერესოა, ვინ იქნება შემდეგი, ვისაც პუტინი დაეტაკება.

- შეგიძლიათ დაასახელოთ ის გადაწყვეტილებები, რომელთა მიღების გამო მისივე გარემოცვა ხელებს შლის და მათთვისაც ბევრი რამ გაუგებარია?

- მაგალითად, გაუგებარია საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებულ ინიციატივებზე მიღებული გადაწყვეტილებები, რომელმაც საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილში უკმაყოფილება და გაღიზიანება გამოიწვია.

ვიმეორებ, მიღებულია რიგი გადაწყვეტილებები, რომელიც მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს - ზედა ეშელონებში გავლენის სფეროების გადანაწილებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს.

ამ ბრძოლას ქვეყნისა და ნაციონალურ ინტერესებთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს ეხება იგივე სეჩინს, დერიპასკას ანდაც სხვას, ვინც პუტინის უახლოეს გარემოცვას წარმოადგენს.

ვერ ვხედავ წინაპირობებს, რომ რუსეთის პოლიტიკურ სისტემაში რაიმე სახით ცვლილებები მოხდეს... ზედა ეშელონებში შეიმჩნევა პუტინის მიმართ გაღიზიანება, ვინაიდან იგი მეტად არაპროგნოზირებადი ხდება

ამის გათვალისწინებით, 2019 წელს რუსეთისთვის კარგ პერსპექტივებზე საუბარი მიჭირს, თან ძალიან. ახლა ჩვენთან საკმაოდ მოდური სიტყვაა უძრაობა. ბრეჟნევის დროს არავის არ ჰქონია ცვლილებების, თან დიდი ცვლილებების მოლოდინი.

ახლა რაც ჩვენთან ხდება, ბრეჟნევის პერიოდის უძრაობას ნამდვილად ჰგავს. ხელისუფლებაშიც არაა არავინ ისეთი, რომელიც გორბაჩოვის ტიპისა და წონის პოლიტიკოსი იქნებოდა და რომელიც ხმამაღლა იტყოდა - „ჩვენ არ ვიცით, საით მივდივართ. ასე ცხოვრება არ შეიძლება! მოდით შევცვალოთ, ის ტრენდი, რომელიც უძრაობაში გვამყოფებს“! არადა, სამწუხაროა, რომ სწორედ ზედა ეშელონებში არაა არავინ, ვინც კარგად ხედავს, რომ გაუგებარია თუ საით მიდის ქვეყანა.

- შარშან „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ამბობდით, რომ 2018 წელს ხელისუფლების მთავარი ამოცანა იქნებოდა არსებული პოლიტიკური სისტემის შენარჩუნება. თქვენ ისაუბრეთ იმაზე, რომ ამ ამოცანის შესრულება ხელისუფლებამ შეძლო, მაგრამ ახლა სფეროების გადანაწილებითაა დაკავებული. თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ რამდენ ხანს გაგრძელდება ზედა ეშელონებში სფეროების გადანაწილება და რა შედეგით დასრულდება იგი?

- ახლა ამის პროგნოზირება შეუძლებელია. ასეა იმიტომ, რომ თავად ზედა ეშელონის წევრები გამოთქვამენ გაკვირვებას იმის გამო თუ რატომ დააკავეს ესეა თუ ის პიროვნება, რომელიც პუტინის საახლობლო წრეში იყო. ანაც რატომ არ დააკავეს ვიღაც, რომელიც იმავე წრის წევრი იყო და იმაზე უარესები გააკეთა, ვიდრე იმან, რომელიც დაკავებულია. ასეთი ფაქტები საკმაოდ ბევრია. მარტო ძმები მაგომედოვების გაუჩინარების ფაქტი რად ღირს?

- თქვენი ნებართვით ახლა საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებზე მინდა გადავიდეთ, რომელშიც რუსეთი აქტიურად მონაწილეობს. რუსი პოლიტიკოსები და ექსპერტები ახლა ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთმა გაიუმჯობესა თავისი პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე. თქვენც ასე ფიქრობთ?

- ასეა, მაგრამ მთლად ასეც არაა. ერთმნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ყველას ეშინია იმის გამო, რომ მისი საგარეო პოლიტიკა არაპროგნოზირებადია. თუ ეს შეიძლება ჩაითვალოს საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციების გაძლიერებად, კი ბატონო, მაგრამ რუსეთს, რა მიმართულებაზეც არ უნდა დავიწყოთ საუბარი და მივაპყროთ ყურადღება, ყველგან პრობლემები აქვს. სხვათა შორის, იმავე ბელორუსთან.

2019 წელს რუსეთისათვის კარგ პერსპექტივებზე საუბარი მიჭირს, თან ძალიან... ახლა რაც ჩვენთან ხდება, ბრეჟნევის პერიოდის უძრაობას ნამდვილად ჰგავს

ეს რომ ასეა, საკმარისია პუტინ-ლუკაშენკოს შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებები გავიხსენოთ. სამი წლის წინ ლუკაშენკო ისე დამოუკიდებლად და თამამად არ იქცეოდა, როგორც ახლა. პუტინს ახლა ისღა დარჩენია, გაუგებრობისგან თავად შალოს ხელები. ეს ბელორუსიაზეა საუბარი და არა ვინმე სხვაზე.

სხვასთან კარგ ურთიერთობებზე საუბარი საერთოდაც არ ღირს. აღარაფერს ვამბობ რუსეთის მიმართ აშშ-ს და დასავლეთის, ანაც ჩინეთის დამოკიდებულებაზე. ვერ დაასახელებთ ვერც ერთ სახელმწიფოს, რომელთანაც ურთიერთობებში რუსეთს პრობლემები არ ჰქონდეს.

- ლუკაშენკომ ამას წინათ მართლაც ბევრი გააკვირვა როცა განაცხადა, რომ ბელორუსისთვის რუსეთზე ახლობელი ხალხი ლატვიელები და ლიტველები არიან.

- ცხადია, რომ ლუკაშენკო თავის საკუთარ თამაშს თამაშობს. მას კარგად ესმის, რომ ახლა რუსეთი ევროპაში სულ ნაკლებად და ნაკლებად უყვართ. ასეთ ფონზე მას არ უნდა იგი ასოცირდებოდეს რუსეთთან, როგორც რუსეთის უმცროსი ძმა.

რუსეთის ყველას ეშინია იმის გამო, რომ მისი საგარეო პოლიტიკა არაპროგნოზირებადია. თუ ეს შეიძლება ჩაითვალოს საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციების გაძლიერებად, კი ბატონო, მაგრამ ვერ დაასახელებთ ვერც ერთ სახელმწიფოს, რომელთანაც ურთიერთობებში რუსეთს პრობლემები არ ჰქონდეს

ის ახლა ცდილობს ისარგებლოს არსებული ვითარებით და მიიღოს სუფთა ეკონომიკური სარგებელი. ამით იგი თავიდან იცილებს ბელორუსში კიევის მაიდანის მსგავსი მოვლენების განვითარებას.

ბელორუსსაც რომ თავი დავანებოთ, ხომ გეუბნებით, ვერ დაასახელებთ ვერც ერთ ქვეყანას, რომელთანაც რუსეთს მოწესრიგებული აქვს ურთიერთობები ან კარგი ურთიერთობები აქვს.

- ვაშინგტონმა სირიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო. რუსი ექსპერტების უმრავლესობა ამას ახლო აღმოსავლეთში მოსკოვის უდავო გამარჯვებად აფასებს. ქალაქ მადჯიბში ამერიკელების გასვლის შემდეგ ასადის ძალები შევიდნენ. არადა, მადჯიბზე კონტროლის დამყარებაზე პრეტენზიებს ანკარა აცხადებდა. ფაქტობრივად, ცხადად ჩანს, რომ სირიაში სხვადასხვა ინტერესები აქვთ ანკარასა და მოსკოვს.

- მას შემდეგ, რაც სირიიდან ამერიკელები გავიდნენ, რუსეთს აღარავინ აღარ ეყოლება საგინებელი. ახლა მეტი პასუხისმგებლობა რუსეთზეა, მაგრამ ერთმნიშვნელოვანია, რომ თურქეთი-ირანი-რუსეთის სამკუთხედში ყველა შეეცდება თავის მხარეზე მეტად გადაქაჩოს საბანი.

მანამდე ყველას - ანკარას, თეირანსა და მოსკოვს შეეძლო აშშ-სთვის ყველაფრის დაბრალება. ცოტა ხანში სირიიდან ამერიკელები რომ გავლენ, ისინი ერთმანეთის თუ მოწინააღმდეგები არა, კონკურენტები იქნებიან.

ხომ გეუბნებით, ვერ დაასახელებთ ვერც ერთ ქვეყანას, რომელთანაც რუსეთს მოწესრიგებული აქვს ურთიერთობები ან კარგი ურთიერთობები აქვს

თუ ამერიკელები სირიიდან მართლა გავლენ, თურქეთ-რუსეთ-ირანის სამკუთხედში ურთიერთობები გაცილებით მეტად რთული იქნება, ვიდრე აქამდე იყო. ვთვლი, რომ რუსეთისთვის, ამერიკელების სირიიდან გასვლა არც სასურველი იყო და არც სასარგებლო.

არ ვიცი ამ თემაზე რას წერენ ჩემი რუსი კოლეგები, თუ ვინმე თვლის, რომ ეს რუსეთის გამარჯვებაა, მე ასე არ ვფიქრობ. ეს გახლდათ პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება, რომელმაც ახლო აღმოსავლეთში ერთმანეთის კონკურენტები ერთმანეთის პირისპირ დატოვა.

თუ ამერიკელები სირიიდან მართლა გავლენ, თურქეთ-რუსეთ-ირანის სამკუთხედში ურთიერთობები გაცილებით მეტად რთული იქნება, ვიდრე აქამდე იყო. ვთვლი, რომ რუსეთისთვის ამერიკელების სირიიდან გასვლა არც სასურველი იყო და არც სასარგებლო

ტრამპმა მისი ქვეყნისთვის რაციონალური გადაწყვეტილება მიიღო, რადგან სირიაში ყოფნისაგან აშშ არანაირ დივიდენდებს არ იღებდა. ვაშინგტონმა ჩათვალა, რომ სირიის კონფლიქტი, რომელშიც რუსეთის გარდა თურქეთი და ირანიც არიან ჩართული, მისთვის საინტერესო აღარაა.

- თქვენი აზრით, სირიიდან აშშ-ს გასვლის შემდეგ სავარაუდოდ როგორ განვითარდება პროცესები? შეიძლება ასეც ითქვას - ანკარა, ირანი და მოსკოვი სირიას გავლენის ზონებად დაყოფენ?

- ეს ყველაზე საინტერესოა. ვგულისხმობ იმას, თუ როგორ გაინაწილებენ თურქეთი, ირანი და რუსეთის სირიას. ლავროვმა ამის შესახებ უკვე გააკეთა განცხადებები. ანუ, მხარეები შეეცდებიან განსაზღვრონ, რომლის კონტროლის ქვეშ სირიის რომელი ზონა იქნება.

- მოგეხსენებათ, არც ისრაელი აპირებს თავისი პოზიციების დათმობას. ისრაელმა რამდენიმე და მეტად მგრძნობიარე საჰაერო დარტყმა განახორციელა არა მარტო სირიის ტერიტორიაზე.

- ისრაელი იმის გამო ვერ დათმობს პოზიციებს, რომ 1948 წლიდან დენთით სავსე კასრზე ზის და საფრთხეებიც ბევრი აქვს. ამის გარდა, არსებობს ისრაელის საშინაო პოლიტიკა და ვინც მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ სისუსტეს გამოიჩენს, მას ქვეყნის შიგნით არ ექნება მხარდაჭერა და არჩევნებს ყოველთვის წააგებს.

თურქეთი, ირანი და რუსეთი შეეცდებიან, განსაზღვრონ რომლის კონტროლის ქვეშ სირიის რომელი ზონა იქნება

რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ისრაელის უსაფრთხოების გარანტად ახლა რუსეთი გვევლინება. ახლა ეს აშკარად შესამჩნევია. და ეს ხდება იმის ფონზე თუ რა განცხადებები გააკეთა ისრაელზე თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა მას შემდეგ, რაც მას არც ისე მშვიდი შეხვედრა ჰქონდა პრეზიდენტ პუტინთან.

- ამერიკელებმა ასევე განაცხადეს, რომ ავღანეთიდანაც გავლენ, მაგრამ იქ ჯერ მათი მცირერიცხოვანი კონტინგენტი დარჩება. ბევრი თვლის, რომ თუ ასე მოხდა, რუსეთს საფრთხეეები შუა აზიის ქვეყნებიდან გაეზრდება. თქვენ ასე არ ფიქრობთ?

- იმ შემთხვევაში თუ ამერიკელები ავღანეთიდან გავლენ, ავღანეთში სრული ქაოსი დაიწყება. ეს იქნება იმ დონის უსასტიკესი ბარდაკი, რომ ახლა წარმოდგენაც მიჭირს.

რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ისრაელის უსაფრთხოების გარანტად ახლა რუსეთი გვევლინება. ახლა ეს აშკარად შესამჩნევია

ავღანეთში ქაოსის დროს იქაური ძალები მოინდომებენ ერთმანეთთან ურთიერთობების გარკვევას.

ამიტომ მიმაჩნია, რომ აშშ-ს ავღანეთიდან გასვლის შემთხვევაში შუა აზიიდან რუსეთს საფრთხეები არ გაეზრდება. შესაძლოა, ეს შუა აზიის ქვეყნებისთვის კარგიც აღმოჩნდეს, მათთვის ავღანეთში არავის არ ეცლება.

- რუსეთ-უკრაინის ურთიერთობები, უფრო სწორად ის გარემოება, რომ რუსეთს უკრაინის საზღვრებთან საკმაოდ დიდი ძალები ჰყავს მობილიზებული, ბევრს აფიქრებინებს, რომ უკრაინა-რუსეთს შორის ომის დაწყება გამორიცხული არაა. თქვენი აზრით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ 2019 წელს უკრაინასა და რუსეთს შორის ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები დაიწყება?

- მიმაჩნია, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის არანაირი ომი არ იქნება. ადრე კონფლიქტი უკრაინასთან რუსეთს აწყობდა, მაგრამ ახლა ნამდვილად არ აწყობს. მიუხედავად ამისა, უკრაინის საკითხის გადაწყვეტას ჯერ ვერ ვხედავ.

- რუსეთის ცენტრალური არხები უკრაინის მიმართ ისეთ აგრესიულ საინფორმაციო ომს აწარმოებენ, რომ რჩება შთაბეჭდილება თითქოს რუსეთსა და უკრაინას შორის საბრძოლო მოქმედებები ეს-ესაა დაიწყება...

- ეს კრემლის ჩვეულებრივი პოლიტიკაა, რომლის მიზანია ხალხი დაარწმუნონ იმაში, რომ რუსეთის ირგვლივ მხოლოდ მტრები არიან და აუცილებელია პრეზიდენტ პუტინის ირგვლივ კონსოლიდირება.

თუ ამერიკელები ავღანეთიდან გავლენ, ავღანეთში სრული ქაოსი დაიწყება, იქაური ძალები მოინდომებენ ერთმანეთთან ურთიერთობების გარკვევას

ჩემი დაკვირვებით, უკრაინის მიმართ მოსკოვის მიერ წარმოებული საინფორმაციო პოლიტიკის მიზანია საზოგადოების ყურადღება საშინაო პოლიტიკიდან საგარეო პოლიტიკაზე გადაიტანონ. ლოგიკა მარტივია - ხომ ხედავთ რა ხდება უკრაინაში, ამიტომ დაივიწყეთ პენსიების მომატება და სხვა შიდა პრობლემები.

- დამკვირვებელთა ერთი ნაწილი არ გამორიცხავს, რომ უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციისათვის მოსკოვი რელიგიურ თემას გააქტიურებს და უკრაინაში სამოქალაქო დაპირისპირების ინსპირირებისთვის ეკლესიურ თემას უფრო სწორად მორწმუნეთა შორის დაპირისპირებას გამოიყენებს. მოვლენათა ამგვარი სცენარით განვითარება რამდენად რეალისტურად გამოიყურება?

- ის, რაც ახლა ეკლესიასთან დაკავშირებით უკრაინაში ხდება, ორივე მხრიდან დიდი სიბრიყვეა. იმით, რაც ახლა უკრაინის ეკლესიაში ხდება, ზარალდება მთელი მართლმადიდებლური სამყარო.

უკრაინის მიმართ მოსკოვის მიერ წარმოებული საინფორმაციო პოლიტიკის მიზანია საზოგადოების ყურადღება საშინაო პოლიტიკიდან საგარეო პოლიტიკაზე გადაიტანონ. ლოგიკა მარტივია - ხომ ხედავთ რა ხდება უკრაინაში, ამიტომ დაივიწყეთ პენსიების მომატება და სხვა შიდა პრობლემები

განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ მართლმადიდებლობა ბრძოლის იარაღია როგორც კიეველი, ისე მოსკოველი პოლიტიკოსებისთვის. ჩემი აზრით, 2019 წელი რუსეთ-უკრაინის ურთიერთობაში ისეთივე იქნება, როგორც 2018 წელი იყო. რუსეთის მხრიდან ომს უკრაინის წინააღმდეგ, ისევე როგორც რუსეთის მხრიდან ატომური იარაღის გამოყენებას, რომელზედაც რუსეთში ბევრი ექსპერტი ხმამაღლა საუბრობს, გამოვრიცხავ.

- რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს რუსეთისაგან 2019 წელს?

- განსაკუთრებულს არაფერს ველი. საქმე ისაა, რომ რუსეთს საქართველოსთვის აბსოლუტურად არ სცალია. იმისათვის, რომ რუსეთი საქართველოში დაბრუნდეს, ამისთვის ძალიან სერიოზული საბაბი უნდა არსებობდეს. ანუ ისეთი რამ უნდა მოხდეს, რაც ყველაფერს რადიკალურად შეცვლიდა.

განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ მართლმადიდებლობა ბრძოლის იარაღია როგორც კიეველი, ისე მოსკოველი პოლიტიკოსებისთვის

სხვათა შორის, საქართველოზე რუსულ პრესაში არც არაფერი იწერება. ამას წინათ, როცა თქვენთან საპრეზიდენტო არჩევნები იყო, რამდენიმე პუბლიკაციას კიდევ შეხვდებოდა კაცი. ახლა კი პრაქტიკულად საქართველოსთვის არც არავის სცალია.

უნდა გესმოდეთ, რომ უკრაინის საკითხთან შედარებით, საქართველო კრემლისთვის დიდი პერიფერიული თემაა. ის, რომ მე ვერ ვხედავ რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გამწვავების და არც ურთიერთობების დალაგების ვერანაირ პერსპექტივას, ვფიქრობ, ეს კარგია.

ახლა მხარეებს შორის „უდროობის“ პერიოდია. მხარეები ერთმანეთს არ აღიზიანებენ. ყველას ყველაფერი კარგად ესმის, რომ ურთიერთობებში კარდინალურად რაიმეს შეცვლა შეუძლებელია.

რუსეთს საქართველოსთვის აბსოლუტურად არ სცალია... ახლა მხარეებს შორის „უდროობის“ პერიოდია. მხარეები ერთმანეთს არ აღიზიანებენ. ყველას ყველაფერი კარგად ესმის, რომ ურთიერთობებში კარდინალურად რაიმეს შეცვლა შეუძლებელია

ჩემი აზრით, მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობები ბევრწილად გაუმჯობესდება, მაგრამ მხარეები ამის აფიშირებას არ მოახდენენ. არ გამოვრიცხავ, რომ ურთიერთობები საკმაოდაც გაუმჯობესდეს. არ ვგულისხმობ იმას, რომ მხარეებს შორის დიდი სიყვარული და ურთიერთგაგება დაისადგურებს.

კარგია, როცა ყველას ესმის, რომ არსებული ვითარების შეცვლა შეუძლებელია. ჩემი აზრით, სწორედ ამ კონტექსტში გაუმჯობესდება მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობები.

კობა ბენდელიანი

”ინტერპრესნიუსი”

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა