მამუკა მდინარაძის განმარტებით, მოსამართლეთა სიას პარლამენტი ვერ გაიწვევს და მას არც „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი არ ლობირებს

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10-კაციან სიას, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარადგინა, პარტია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი არ ლობირებს.

როგორც მდინარაძემ კაჭრეთში, ჟურნალისტებს განუცხადა, მსჯელობა მიმდინარეობდა მხოლოდ იმაზე, მომხდარიყო თუ არა საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა, რაზეც უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მას დაჩქარებული წესით არ განიხილავენ. რაც შეეხება სიის გაწვევას, მდინარაძის განმარტებით, ეს არა პარლამენტის, არამედ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადასაწყვეტია.

„კონკრეტული სია იმ გადაწვეტილებასთან რაც რამდენიმე დღის წინ ფრაქციამ მიიღო, არაფერ შუაშია. აქ იყო გუნდურობის პრინციპზე და კონკრეტული პროცედურის - რეგლამენტის წესების დარღვევაზე საუბარი. საზოგადოებას შეუძლია დაიჯეროს სხვა, მაგრამ ფასეულობებზე და ღირებულებებზე როდესაც ვსაუბრობთ, ჯერ უნდა ვთქვათ რა არის სიმართლე და მერე გადავიდეთ სხვა თემებზე სასაუბროდ. რაც შეეხება მოსამართლეების სიას, ჩვენ ვთქვით და პარლამენტმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, რომ დაჩქარებულ რეჟიმში ამ საკითხის განხილვა არ იქნებოდა სწორი და გადაწყვეტილებაც იყო შესაბამისი. არც ერთი სიტყვა, არც ერთი თუნდაც შიდა კამათი არ შეხებია კონკრეტულ პერსონებს. უფრო მეტიც, როგორც პარტიის თავმჯდომარის, ასევე საპარლამენტო ხელმძღვანელობის მხრიდან საუბარი იყო არა იმაზე, რომ ვინმეს დავუჭიროთ თუ არა მხარი, არამედ იმაზე, რომ ეს არის ინდივიდუალურად გადასაწყვეტი. არასწორია იმაზე საუბარი 10-კაციან სიას უჭერს თუ არა ვინმე მხარს. ყველა მათგანთან დაკავშირებით კონკრეტული და ინდივიდუალური გადაწყვეტილებები უნდა გამოვიდეს“, - განაცხადა მდინარაძემ და დასძინა, რომ უმრავლესობამ ჯერ იმაზე უნდა იმსჯელოს, გაიწეროს თუ არა შესაბამისი კრიტერიუმები მოსამართლეების შესარჩევად.

„თუ ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ გაიწეროს შესაბამისი კრიტერიუმები, ამას შესაძლებელია გარკვეული ცვლილება მოყვეს ან არ მოყვეს. აქ საუბარია იმაზე, რამდენად ჩაჯდება რომელიმე კონკრეტული კანდიდატი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ამ კრიტერიუმებში, საერთოდ საჭიროა ეს კრიტერიუმები, არ არის საჭირო თუ ასე შემდეგ. ჩვენ ამისთვის ვადა გვაქვს აღებული საგაზაფხულო სესიამდე და ვიმსჯელებთ. რაც შეეხება კონკრეტული მოსამართლეების მიმართ ჩემს პოზიციას, მაშინ ათივეზე ცალ-ცალკე უნდა გაგცეთ პასუხი რაც ჩემი მხრიდან არ იქნება სწორი. კითხვები არსებობს, რაც არის საზოგადოებაში და ამ კითხვებზე უნდა გაეცეს პასუხი და შესაბამისი გადაწყვეტილებებიც იქნება“, - აღნიშნა მდინარაძემ.

რაც შეეხება სიის გაწვევას ან არგაწვევას, როგორც მდინარაძე ამბობს, ეს არის სასამართლოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრეროგატივა.

„ჩვენი, პარლამენტის პრეროგატივაა, ვიმსჯელოთ ამ სიაზე. საბოლოოდ, დატოვებენ ამ სიას თუ არა, ამის შემდეგ უნდა დავიწყოთ პერსონებზე მსჯელობა. ანუ სია იქნება თუ არა გაწვეული, ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმე. სიაზე და კონკრეტულ პერსონებზე საუბარი არის ძალიან ნაადრევი და ეს თემაც ძალიან ნაადრევად არის წამოწეული წინა პლანზე. არანაირ სიას დამერწმუნეთ, პარტიის ხელმძღვანელი არ ლობირებს. მისი აზრიც იყო, რომ ინდივიდუალურად გადასაწყვეტია კონკრეტული პერსონების მიმართ მსჯელობა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება საქართველოს პარლამენტის მიერ. ეს არის პარლამენტის საქმე და არავინ ამაში არ ჩარეულა, არავითარი მოწოდება არ ყოფილა მხარი დაეჭირათ ან არ დაეჭირათ. საუბარი მხოლოდ და მხოლოდ შეეხებოდა იმას, ეს საკითხი დაჩქარებულ რეჟიმში გაგვევლო თუ არა. დაჩქარებულ რეჟიმში ამ საკითხის გავლა არასწორია, მეორე მხარეს იყო არგუმენტები, რომ უზენაეს სასამართლოში 28 მოსამართლის ნაცვლად არის 10 მოსამართლე და არის კოლაფსი. ვინმეს მხარი დავუჭიროთ თუ არა, ასეთ რამეზე საუბარი დამერწმუნეთ, არ ყოფილა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა. ესენი არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

აღნიშნულ კანდიდატებზე მსჯელობა პარლამენტის საგაზაფხულო სესიისთვის გადაიდო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა