პარლამენტმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ფოტოგამოფენას უმასპინძლა

საქართველოს პარლამენტმა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით ფოტოგამოფენას „საგანძური“ უმასპინძლა, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაბადების დღეს მიეძღვნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს, ფოტოგამოფენაზე შეკრებილ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა მიმართა.

„დღეს ერთად ვმასპინძლობთ საგანმანათლებლო-შემეცნებით ფოტოგამოფენას - „საგანძური“, რომელიც მოიცავს ხელოვნების მუზეუმში დაცული ოქროს ფონდის ოცდაცამეტი უნიკალური ექსპონატის ორიგინალების ზომების ფოტო-ვერსიებს.

აღნიშნული ფოტოგამოფენა შეიქმნა 2008 წელს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით და ეს გახლავთ პირველი მოძრავი ფოტო-ექსპოზიცია, რომელმაც პრაქტიკულად მოიარა საქართველოს სხვადასხვა მხარე და რომლითაც ჩვენი უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა ხდება ბევრად უფრო ხელმისაწვდომი და ცნობადი ჩვენი საზოგადოებისთვის.

დღევანდელი გამოფენა ჩვენ გვინდა სიმბოლურად მივუძღვნათ კათოლიკოს-პატრიარქის დაბადების დღეს, რომელიც ოთხ ათეულ წელზე მეტია ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელია. მას უკავშირდება უაღრესად დიდი წარმატებები არა მხოლოდ მსოფლიო საპატრიარქოს მიერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებასთან, არამედ აღმშენებლობის უაღრესად მნიშვნელოვან პროცესთან დაკავშირებითაც, რომლის მომსწრენიც თითოეული ჩვენთაგანი ვართ“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისივე თქმით, ფოტოგამოფენა „საგანძური“ საქართველოში პირველი მოძრავი ფოტოექსპოზიციაა, რომელიც ეფუძნება უდიდესი ევროპული მუზეუმების გამოცდილებას კულტურული მემკვიდრეობის ხელმისაწვდომობასა და სამუზეუმო კოლექციების მედიაციაში, როდესაც არატრასპორტირებადი კულტურული მემკვიდრეობის ხელმისაწვდომობის, ცნობადობის და პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით იქმნება მისი მაღალმხატვრული და შინაარსობრივად მისადაგებული ალტერნატივა და სწორედ ამ სახით მიეწოდება საზოგადოებას, განსაკუთრებით რეგიონებში.

მათივე ინფორმაციით, სტუმრებს სიტყვით მიმართა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, ზაქარია ქუცნაშვილმა.

„პარლამენტში ახალ კალენდარულ წელს ვხსნით ამ ლამაზი გამოფენით, როგორც ნიშანს იმისა, რაც გვაერთიანებს. ქართველებს და არა მარტო ქართველებს გვაერთიანებს კულტურა და ხელოვნება და მე მადლობელი ვარ მარიამ ჯაშის ამ კარგი ინიციატივისთვის, რომ ახალ წელს სწორედ ასეთი ღონისძიებით ვიწყებთ.

ჩემთვის მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე. მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს ჩვენ ვულოცავთ დაბადების დღეს ქრისტიანულ სამყაროში, მართლმადიდებლურ სამყაროში ყველაზე დღეგრძელ და ყველაზე წარმატებულ პატრიარქს. მე იმედი მაქვს, რომ დღევანდელი ღონისძიება, პროექტის ავტორებთან ერთად, საშუალებას მოგვცემს კიდევ ერთხელ ჩავიხედოთ საქართველოს ისტორიაში, კიდევ ერთხელ ვეზიაროთ ქართველი ადამიანის შექმნილ კულტურულ მიღწევებს და ამავდროულად ხმამაღლა ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ ევროპული ცივილიზაციის არა მარტო ნაწილი, არამედ თავად ევროპული ცივილიზაციის შემოქმედი ერი“, - აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის, დავით ლორთქიფანიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პროექტი გრძელდება, რომლის მიზანიცაა ცოდნის და რწმენის გაერთიანება.

„ჩვენი ქვეყანა ყოველთვის იდგა ქრისტიანულ ფუნდამენტზე. ამ გამოფენის მიზანია ქართულ საზოგადოებას პირველ რიგში ვაჩვენოთ თუ როგორ შეიძლება ცოდნა და რწმენა იყოს ერთად და ამასთანავე ვაჩვენოთ ამ ნიმუშების მეცნიერული მნიშვნელობა“, - აღნიშნა დავით ლორთქიფანიძემ.

ღონისძიებაზე ფოტოგამოფენა „საგანძურის“ ფარგლებში წლების განმავლობაში გაწეული სამუშაოსთვის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს გადაეცათ დიპლომები.ფოტოგამოფენას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, საქართველოს საპატრიარქოს, სამეცნიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა