სერგო მეთოფიშვილი - სიის გაწვევას არ დავეთანხმები! - არასამთავრობოებს არ აინტერესებთ კონსტიტუცია და შევარდნაძის წარსულში გვაბრუნებენ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი უსაფუძვლოს უწოდებს არასამთავრობო სექტორის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ისინი პარლამენტისგან მოსამართლეთა შერჩევის წესზე მუშაობის დაუყოვნებლივ დაწყებას ითხოვენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სერგო მეთოფიშვილმა განუცხადა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, რომ უზენაესი სასამარლოს მოსამართლეები არჩეულნი უნდა იყვნენ სწორედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, ხოლო მესამე სექტორის მოთხოვნა ვენეციის კომისიის რეკომენდაციას ეწინააღმდეგება.

„ყველა თანამედროვე ქვეყნის პრაქტიკაც ასეა. მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში ადიან კარიერული კიბით, გარედან პირდაპირ იქ მოხვედრა, პრაქტიკულად, გამორიცხულია. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენს არასამთავრობო ორგანიზაციებს არ აინტერესებთ უცხოური ქვეყნების თანამედროვე დემოკრატიული პრაქტიკა. არ აინტერესებთ თავიანთი ქვეყნის კონსტიტუცია. სამწუხაროა, რომ მათ არ აინტერესებთ ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელიც ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები არჩეულები და დანიშნულები უნდა იყვნენ მხოლოდ და მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ. სწორედ ამაში გამოიხატება სასამართლოს დამოუკიდებლობა. ახლა კი, რა არის არასამთავრობოების მოთხოვნა?! უკან გადადგმული ნაბიჯია, რომლითაც შევარდნაძის წარსულში გვაბრუნებენ ანუ პოლიტიკურმა გუნდმა უნდა დანიშნოს მოსამართლეები. კანონში ცვლილებას ითხოვენ, სადაც შემუშავდება კრიტერიუმები, რომელიც ალბათ, მათ აწყობთ და სადაც საბჭოს ხელ-ფეხი, პრაქტიკულად, შეკრული ექნება. თორემ, რა კრიტერიუმი უნდა არსებობდეს ისეთი, რომელსაც სიაში წარმოდგენილი 10 კაცი არ შეესაბამება?! თუ ყველა მომდევნო პოლიტიკურმა ჯგუფმა პოლიტიკური ნიშნით მოინდომა მისთვის სასურველი მოსართლეები ჩააჩოჩოს და დანიშნოს მხოლოდ ისინი, ვინც მათ სჭირდებათ ( და ამავე დროს, ჩვენ ხომ ვიცით, რომ მთავრობები იცვლებიან) მაშინ მსვლელობის პრინციპი სად არის?! NGO-ების პრონციპი ეწინააღმდეგება ვენეციის რეკომენდაციას და შესაბამისად უსაფუძვლოა“, - განაცხადა მეთოფიშვილმა.

რაც შეეხება ცალკეული პოლიტიკოსებისა და ასევე მესამე სექტორის მოთხოვნას, რომ საბჭოს მიერ პარლამენტისადმი წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სია უკან უნდა გაიწვიონ, სერგო მეთოფიშვილი აცხადებს, რომ მოსამართლეთა სია იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კანონის სრული დაცვით წარადგინა და პარლამენტი ვალდებულია, რომ მასზე იმსჯელოს. მისი თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მოსამართლეთა სიის პარლამენტიდან გამოწვევის საკითხი თუ დადგება დღის წესრიგში, ამის წინააღმდეგ წავა და გამოწვევის საკითხს მხარს არ დაუჭერს.

„არ დავეთახმები არცერთ შემთხვევაში სიის გამოწვევას. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კანონი არ დაურღვევია“, - განაცხადა სერგო მეთოფიშვიოლმა.

ამასთან, მისივე თქმით, განახლებული კონსტიტუციის ძალაში შესვლამდე უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა კანდიდატებს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე წარუდგენდა საზოგადოებას და პარლამენტს. მისივე თქმით, საინტერესოა, რატომ არ ჰქონდათ ამაზე არასამთავრობოებს იგივე პროტესტი, როგორიც დღეს აქვთ.

„მარგველაშვილი ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე მოიწვევდა ბრიფინგს და პირდაპირ წარუდგენდა ხოლმე საზოგადოებას, პარლამენტს უზენაესი სასამართლოს კანდიდატს. იქვე დაუდგებოდა ის კანდიდატიც და ასე წარუდგენდა. კანდიდატს კი საერთაოდ არ ჰქონდა მოსამართლეობის გამოცდილება. მაგალითად, ასე წარადგინა ანა დოლიძე. მართალია, კანდიდატურა პარლამენტში ჩავარდა, მაგრამ ხომ წარადგინა?! საინტერესოა, რატომ არ ამოიღეს ხმა?! რა კრიტერიუმებს შეესაბამება ანა დოლიძე, გამოცდილება აქვს, ავტორიტეტი აქვს განსაკუთრებული, თუ კითხვის ნიშნები არ არსებობს დოლიძესთან მიმართებაში?! რატომ იყვნენ ჩუმად. არანაირი გამოცდილება არ აქვს არც სისხლის სამართალში და არც სამოქალაქო სამართალში. პირველად რომ ვკითხეთ ანა დოლიძეს, თუ ვინ ბრძანდებოდა განათლებით, საერთაშორისო სამართლის პროფესორი ვარო, თქვა. როგორ უნდა გამოიყენოს თავისი საერთაშორისო სამართალი დოლიძემ უზენაეს სასამართლოში, მითხარით. დოლიძე კი არ მაქვს ამოჩემებული, უბრალოდ შედარებას ვაკეთებ“, - განაცხადა სერგო მეთოფიშვილმა.

როგორც ცნობილია, არასამთავრობო სექტორი პარლამენტისგან მოსამართლეთა შერჩევის წესზე მუშაობის დაუყოვნებლივ დაწყებას ითხოვს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა