ლევან კობერიძე - პატივცემულო მეთოფიშვილო, ხალხისა და პარლამენტის დაცინვა ის არის, რომ იუსტიციის  საბჭომ საახალწლო სუფრის პროდუქტების სიასავით ჩამოწერა მოსამართლეების სია და შემოაგდო დასამტკიცებლად

შევარდნაძისდროინდელ რაიონულ პროკურორს, მეთოფიშვილს შევახსენებ, რომ დამარცვლით და გამოთქმით წაიკითხოს ახალი კონსტიტუცია, რომლის შემუშავებასა და მიღებაშიც, ჩემს კოლეგებთან ერთად, მეც მივიღე მონაწილეობა და ეს კონსტიტუცია მოსამართლეს ავალებს დაიცვას ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, - ამის შესახებ დეპუტატმა ლევან კობერიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისასას განაცხადა.

მისი თქმით, „პატივცემული მეთოფიშვილი პოლიტიკურ პროცესში ღიად ერევა - აკეთებს პოლიტიკურად ანგაჟირებულ განცხადებებს, არღვევს მოსამართლის ეთიკას და უპატივცემულოდ მიმართავს საქართველოს პარლამენტის დეპუტატს“.

„ასეთი ფორმით მიმართვა ნებისმიერი პარლამენტარისადმი, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს უპატივცემულობაცაა. ბატონ მეთოფიშვილს კი, რომელიც პოლიტიკურ დავაში შემოდის და როცა ჩემს პოლიტიკურ განცხადებებს კონსტიტუციის მუხლებით პასუხობს, ვურჩევ, იმ მუხლსაც ჩახედოს, რომლის მიხედვით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესის გადადება 2024 წლამდე შეუძლია. ცვლილებების ამ ნაწილს ვენეციის კომისიაც იწონებს, ვინაიდან სასამართლო სისტემის გაჯანსაღებამდე, ჩვენ შეგვიძლია სამწლიანი გამოსაცდელი ვადის გამოყენება, რომელიც სწორედ 2024 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს. დღევანდელი ვითარებაც აჩვენებს, რომ დასაჩქარებელია სასამართლო სისტემის რეფორმირება და მასში სისტემაში რეპუტაციაშეულახავი პროფესიონალი მოსამართლეების დამატებაა საჭირო, რომელთა მიმართაც მოსახლეობას მეტი ნდობა ექნება.

პატივცემულო მეთოფიშვილო, საკუთარი თავის, ხალხისა და პარლამენტის დაცინვა კი სწორედ ის არის, რომ იუსტიციის საბჭომ, საახალწლო სუფრის პროდუქტების სიასავით ჩამოწერა უვადო მოსამართლეების სიაც და პარლამენტში შემოაგდო დასამტკიცებლად. ეს საბჭო ამ ფორმით და შემადგენლობით დიახ, დასაშლელია ან სულ ცოტა კონფიგურაცია შესაცვლელი, რასაც პროცედურულად, კონსტიტუციის ცვლილება და პარლამენტის შეადგენლობის 3/4 სჭირდება, რათა ამავე პარლამენტმა გაასწოროს საკუთარი და წინამორბედების შეცდომები. სამართლიანი სასამართლო არის ხალხის მოთხოვნა და ხალხის ნება არის უზენაესი!“, - აღნიშნა ლევან კობერიძემ.

შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის დეპუტატმა ლევან კობერიძემ რამდენიმე დღის წინ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ „იმ ფორმით და იმ სახით, როგორითაც დღეს იუსტიციის საბჭო არსებობს, დასაშლელია“. მის ამ განცხადებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი გამოეხმაურა და ლევან კობერიძეს ურჩია კონსტიტუცია წაიკითხოს. მისივე თქმით, კობერიძის ეს განცხადება სასაცილოა.

როგორც ცნობილია, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა. აღნიშნულ კანდიდატებზე მსჯელობა პარლამენტმა საგაზაფხულო სესიისთვის გადადო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო