ექსპერტი დავით ლომიძე - დაგროვებითი საპენსიო სისტემა უალტერნატივოა

დამოუკიდებელი ექსპერტი სოციალურ საკითხებში დავით ლომიძე მიიჩნევს, რომ დაგროვებით საპენსიო რეფორმას მხარდაჭერა სჭირდება, რადგან დაგროვებითი საპენსიო სისტემა უალტერნატივოა.

ყველა ქვეყანაში საპენსიო პოლიტიკის მთავარი ამოცანაა მოსახლეობის ღირსეული პენსიით უზრუნველყოფა და საპენსიო ხარჯების ფისკალური მდგრადობა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 15 წელში პენსიის ოდენობა 10-ჯერ გაიზარდა, ე.წ. ღირსეული პენსია, როგორც ნომინალში (180 ლარი ანუ 68 აშშ დოლარამდე), ისე ჩანაცვლების კოეფიციენტი (პენსიისა და ხელფასის თანაფარდობა) - 18,1%, ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია რეგიონშიც და მსოფლიოშიც.

საპენსიო ხარჯების ფისკალურ მდგრადობასთან დაკავშირებით, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლების განმავლობაში საპენსიო ხარჯები მნიშვნელოვნად იზრდება. თუ, 2006 წელს ასაკით პენსიონერთა ხარჯი შეადგენდა 268 მილიონ ლარს, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის 1.95%-ს, 2019 წელს აღნიშნული ხარჯი 1.9 მილიარდ ლარს გადააჭარბებს, რაც პროგნოზირებული მშპ-ის 4.29%-ს გაუტოლდება. საპენსიო ხარჯების ზრდის ტენდენცია აუცილებლად გაგრძელდება და მძიმე ტვირთად დააწვება სახელმწიფო ბიუჯეტს, მხოლოდ პენსიონერთა რაოდენობის (2018 წლის დეკემბერში 745 ათასია და მნიშვნელოვნად იზრდება, რაც იგივე ზრდის ტემპის შენარჩუნებით 2030 წლისათვის 950 ათასს ანუ მთლიანი მოსახლეობის ერთ მეოთხედს გადააჭარბებს) ზრდითა და ინდექსაციით, საპენსიო ხარჯებმა შესაძლოა, მშპ-ს 10%-იან ზღვარს გადააჭარბოს 2060 წლისთვის, რაც საბიუჯეტო ხარჯის 33%-ს მიუახლოვდება.

დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვა აუცილებელია გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მაღალი პენსიის, ჩანაცვლების კოეფიციენტისა და ფისკალური მდგრადობის მისაღწევად. სისტემა აგრეთვე უზრუნველყოფს სამართლიანობის პრინციპის დანერგვას, რომლის თანახმადაც დაგროვებითი პენსია ინდივიდუალურად განისაზღვრება პიროვნების მიერ წლების განმავლობაში მიღებული შემოსავლისა და ფონდში განხორციელებული შენატანების მიხედვით. გრძელვადიანი საპენსიო დანაზოგების დანერგვა, კაპიტალის ბაზრის განვითარების მეშვეობით, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას. დანაზოგების ზრდა, რაც ნიშნავს ადგილობრივ ვალუტაში გრძელვადიანი ფინანსური რესურსის შექმნას, გააუმჯობესებს მაკროეკონომიკურ პარამეტრებს.

საქართველოში, სადაც მოსახლეობის ფინანსური განათლების და შემოსავლების დონე დაბალია და 90-იან წლებში დანაზოგების დაკარგვის ფაქტი ჯერ კიდევ ნათლად ახსოვს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს, წმინდა ნებაყოფლობითი მიდგომა საკმარისი არ იქნება დასაქმებული მოქალაქეების დიდი ნაწილის სისტემაში გასაწევრიანებლად. სისტემის მიზანია წარმოქმნას ყოველწლიური ამონაგები, რომელიც ინფლაციის დონეზე მაღალი იქნება. რაც უფრო მაღალ რეალურ მოგებას წარმოქმნის სისტემა მით უფრო მაღალი ჩანაცვლების კოეფიციენტი მიიღწევა.

საკუთარ საპენსიო ანგარიშზე ხელფასის ყოველი 100 ლარიდან დაქირავებული გადაიხდის მხოლოდ 2 ლარს, რაც მის ანგარიშზე 6 ლარით აისახება, რაც მუშაობის ხანგრძლივობის გათვალისწინებით გაიზრდება საპენსიო შენატანებისა და ფონდის მოგების მიხედვით. დაგროვებითი სისტემის მონაწილეები იმავდროულად მიიღებენ არსებულ სახელმწიფო პენსიას, რაც გაზრდის პენსიის ნომინალურ ოდენობას და გააორმაგებს ჩანაცვლების კოეფიციენტს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა