ხათუნა ლაგაზიძე - ეკა ბესელიას წინააღმდეგ გაკეთებული ბიძინა ივანიშვილის განცხადება ირაკლი კობახიძის მხარდაჭერას არ ნიშნავს

განცხადებაში ნათლად ჩანს ბიძინა ივანიშვილის დაუფარავი გულისწყრომა იმასთან დაკავშირებით, რომ ვერ მოხერხდა გუნდის ერთიანობის შენარჩუნება და ამას პირდაპირ ამბობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ განუცხადა.

ლაგაზიძე გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან და ეკა ბესელიასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებას და აღნიშნა, რომ ივანიშვილის ასეთი მკვეთრი პოზიცია უკავშირდება იმას, რომ გუნდის ერთიანობის შენარჩუნება ვერ მოხერხდა და ამ შემთხვევაში პრობლემის მთავარი ფიგურანტი აღმოჩნდა ბესელია.

„განცხადებაში ნათლად ჩანს ბიძინა ივანიშვილის დაუფარავი გულისწყრომა იმასთან დაკავშირებით, რომ ვერ მოხერხდა გუნდის ერთიანობის შენარჩუნება და ამას პირდაპირ ამბობს. სწორედ ამას უკავშირდება მისი გულისწყრომა ბესელიას მიმართ, რომ ის აღმოჩნდა ის კატალიზატორი, რომელმაც ამ გუნდის რღვევას დაუდო სათავე. ეს არის მისი გულისწყრომის მთავარი მიზეზი ბესელიასთან დაკავშირებით. ეს გასაგებიც არის, ვინაიდან ადამიანი გამოვიდა პოლიტიკურ ასპარეზზე მეორედ იმისათვის, რომ გუნდის ერთიანობა გადაარჩინოს და ამ დროს ამ თემაზე ბესელია და არა მხოლოდ ის გამოდიან კატალიზატორად, რომ გუნდის ერთიანობა ვერ ნარჩუნდება. ანუ ივანიშვილის ასეთი მკვეთრი პოზიცია უკავშირდება იმას, რომ გუნდის ერთიანობის შენარჩუნება ვერ მოხერხდა და ამ შემთხვევაში პრობლემის მთავარი ფიგურანტი აღმოჩნდა ბესელია. ბესელიას წინააღმდეგ გაკეთებული ეს განცხადება არ ნიშნავს ირაკლი კობახიძის მხარდაჭერას. ეს არის განცხადება, რომელიც ხაზს უსვამს მის გულისწყრომას, რომ ვერ მოხერხდა გუნდის ერთიანობის შენარჩუნება“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

ექსპერტს უჭირს დააკონკრეტოს, თუ რა სანქციები დაუწესდება ეკა ბესელიას და არის თუ არა გამაფრთხილებელი აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების“ სხვა წევრებისთვის, ვინაიდან მისი თქმით, „თუ ადამიანებს გუნდიდან განსხვავებული პოზიციების გამო გარიცხავენ, ეს იქნება არა მათი, არამედ გუნდის პრობლემა“.

ამასთან, ლაგაზიძე გამოეხმაურა ივანიშვილის განცხადების იმ ნაწილს, სადაც ის ამბობს, რომ „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაში დღეს 28-დან მხოლოდ 10 მოსამართლეა წარმოდგენილი, რაც ხელს უშლის სასამართლოს ნორმალურ ფუნქციონირებას, აქედან გამომდინარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სურვილს, სწრაფად წარმოედგინათ მოსამართლეობის კანდიდატები, ჰქონდა ობიექტური საფუძველი“.

„რაც შეეხება მოსამართლეებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის პოზიციას - ცალსახაა, რომ მას არ აქვს ნეგატიური პოზიცია ზოგადად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ და ზოგადად, უწყების იმ გადაწყვეტილების მიმართ, რომ ასე ფორსირებულად შემოვიდა სია, მაგრამ ამავდროულად მე არ ვფიქრობ, რომ ეს განცხადება არის მწვანე შუქის ანთება მოსამართლეების იმ 10- კაციანი სიის მიმართ, რომელიც საბჭომ პარლამენტს წარუდგინა. განცხადება არის გამოძახილი ასევე გუნდში არსებული უარყოფითი დამოკიდებულებისა იმ სიის მიმართ. აქ არის მზაობა ფართო დისკუსიისთვის და გახსნილი მსჯელობისთვის. არც ვადა არის შემოსაზღვრული, რომ ეს სია სასწრაფო წესით იქნას მიღებული“, - აღნიშნა ხათუნა ლაგაზიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა