გედევან ფოფხაძე - მთავარი შეკითხვა იყო, უჭერს თუ არა ბიძინა ივანიშვილი მხარს მოსამართლეობის კანდიდატების სიას და ამ შეკითხვაზე პასუხი გაცემული არ არის

დღევანდელ განცხადებაში მთავარი რაზეც უნდა ყოფილიყო პასუხი გაცემული, ეს პასუხი არ არის - უჭერს თუ არა მხარს ბიძინა ივანიშვილი მოსამართლეობის კანდიდატების წარმოდგენილ სიას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ განუცხადა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ სწორია ამ სიის განხილვის შეჩერება და სწორია, რომ ფორსირებულად არ ხდება საკითხის შესწავლა, რაც მისი, ეკა ბესელიას და მათი თანამოაზრეების პოზიცია იყო.

"ჩვენ გვაინტერესებს ამ სიის მიმართ მისი საჯარო დამოკიდებულება. გუნდში არიან ადამიანები, რომლებიც სიის მიმართ ლოიალურები არიან და არიან ადამიანები, რომლებიც პრინციპულად ეწინააღმდეგებიან. ჩვენი გუნდურობა გამოიხატება იმ ღირებულებებისადმი ერთგულებაში, რითაც ჩვენ მოვიგეთ 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის არჩევნები. ჩემი გუნდი არის ის ხალხი, ვინც ციხეში სანთლით ხელში ლოცულობდა ჩვენი გამარჯვებისთვის. ეს არის ჩვენი გუნდი, რომელსაც არასდროს ვუღალატებ. ამ ადამიანებისთვის სააკაშვილის „ზონდერ მოსამართლეების“ დანიშვნა არის მიუღებელი. ჩემს გუნდს არ წარმოადგენს ვანო ზარდიაშვილი. არაფერი საერთო ზარდიაშვილთან არ მაქვს ღირებულებების დონეზე. ვინც არის ჩემი გუნდი, მასთან ერთად ვიქნები ბოლომდე. თუ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ გედევან ფოფხაძე არ უნდა იყოს "ოცნებაში", ისინი გადადგამენ ნაბიჯს იმათ წინააღმდეგ, ვისთან ერთადაც ვიბრძოდით და ისინი დაშორდებიან გუნდს", - განაცხადა ფოფხაძემ.

მისივე თქმით, აქცენტები გადადის ეკა ბესელიაზე, რომელსაც ადანაშაულებენ თითქოს გუნდურობა დაარღვია.

"ეკა ბესელია დღეს რომ არის გუნდის ერთგული, ასეთი ერთგული შესაძლოა არასდროს ყოფილა. დღეს ეკა ბესელია არის ყველაზე უფრო ახლოს გუნდთან. თუ როდესმე იყო საუბარი მის გაყვანაზე იურიდიული კომიტეტიდან, მოტივაცია იყო ერთადერთი - ეს კომიტეტი „პრახადნოი დვერად" ქცეულიყო ამ სიისთვის, ეკა ბესელიას პირობებში კი ეს შეუძლებელი იქნებოდა. ვინც ხელს უწყობდა ეკა ბესელიას ჩაჩოჩებას, ის ხელს უწყობდა მოსამართლეთა სიას. თუ ბატონი ბიძინა ამას ეთანხმებოდა, მე მწუხარებით უნდა ვთქვა, რომ ამას ხელს უწყობდა. თუმცა, მე იმედი მაქვს, რომ თვითონ სიასთან დაკავშირებით მისი დამოკიდებულება არ იქნება იგივე",- განაცხადა ფოფხაძემ.

იხილეთ ვიდეო:

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს