ნიკა ჩიტაძე - ივანიშვილის განცხადებაში ჩანდა, რომ ის მხარს უჭერს ირაკლი კობახიძის გუნდს და ამ მოსამართლეების წარდგენას

პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის განცხადებით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დღევანდელმა განცხადებამ ცხადყო, რომ სწორედ ივანიშვილი იყო დაინტერესებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიის წარდგენით. ამის შესახემ მან "პალიტრანიუსთან" საუბარში განაცხადა.

"მოსალოდნელი იყო, რომ ბიძინა ივანიშვილი გააკეთებდა განცხადებას და გააკრიტიკებდა ეკა ბესელიას. თავიდანვე აშკარად ჩანდა, რომ იყო განზრახვა, ეკა ბესელიას დაეტოვებინა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი და ამის სანაცვლოდ მას ვიცე-სპიკერის პოსტს სთავაზობდნენ. ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილის დღევანდელმა განცხადებამ ცხადყო, რომ სწორედ ივანიშვილი იყო დაინტერესებული ამ მოსამართლეების სიის წარდგენით. აღნიშნულის მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ "ქართულ ოცნებაში" თვლიან, რომ სუფთა წარსულის არმქონე მოსამართლეების წარდგენით „ოცნება“ უფრო ადვილად დაამყარებს კონტროლს სასამართლო სისტემაზე. ივანიშვილის განცხადებაში ჩანდა, რომ ის მხარს უჭერს კობახიძის გუნდს და ამ მოსამართლეების წარდგენას" , - განაცხადა ჩიტაძემ.