სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება

სკოლებში გრიპის ვირუსის პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რამდენიმე სკოლის დირექტორმა განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ და სასწავლო პროცესის დაწყებას მომზადებულები შეხვდებიან.

„დასუფთავებასა და მომზადებაში ჩვენთვის უჩვეულო არაფერია. ეს არის კიდევ ერთხელ იმის ხაზგასმა, რომ ყურადღებით ვიყოთ. ჩვენ ურთიერთობა გვაქვს სანიტარულ სამსახურებთან, რომლებიც გვაწვდიან სპეციალურ ხსნარებს და რასაკვრიველია, ვამუშავებთ იმ ადგილებს, სადაც ბავშვებს ხშირად უწევთ ყოფნა: საკლასო ოთახებს, სველ წერტილებს და ა.შ. ერთი მინდა ვთქვა, რომ საპანიკო არაფერი არ არის. მივმართავ ყველას - ნუ ჩავვარდებით პანიკაში, მივიღოთ ეს, როგორც არასასიამოვნო აუცილებლობა და ხელი შევუწყოთ იმას, რომ არ გავრცელდეს ვირუსი,“ – განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ 161-ე სკოლის დირექტორმა მიხეილ მინდაძემ.

„ჩვენ ხელშეკრულება გვაქვს დადებული შესაბამის სამსახურებთან, რომლებიც სკოლაში სრულ დეზინფექციას ჩაატარებენ. თუ საჭირო გახდება, ხელმეორედაც მოვიწვევთ ამ სამსახურებს. საბედნიეროდ, ჩვენს სკოლაში ჯერჯერობით არ ფიქსირდება ავადობა, მაგრამ პრევენციული ზომები მაინც საჭიროა. ვფიქრობ, პანიკის საფუძველი არ გვაქვს,“ – განაცხადა 35-ე სკოლის დირექტორმა მიხეილ ჩიკვილაძემ.

„ჩვენი სკოლა აუცილებლად გაითვალისწინებს განათლების სამინისტროს რეკომენდაციას, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ სანამ შეჩერდებოდა სწავლა, მანამდეც ტარდებოდა ჩვენს სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები - მერხების, კარების, სახელურების, სველი წერტილების წმენდა. განსაკუთრებით მაშინ გააქტიურდა ეს ყველაფერი, როდესაც მოიმატა ვირუსული ინფექციებით დაავადების შემთხვევებმა. ამ სამუშაოებს ჩავატარებთ როგორც არდადეგების პერიოდში, ისე სწავლის განახლებისას. ჩვენი სკოლა მზად ხვდება სასწავლო პროცესის განახლებას, ვინაიდან მომარაგებული გვაქვს ნიღბები, ხელის დასაბანი საშუალებები და ა.შ. გარდა ამისა, ბავშვებსაც და პედაგოგებსაც ყოველდღიურად მივცემთ რეკომენდაციებს, რითი უნდა დავიცვათ თავი ვირუსებისგან,“ - განაცხადა 126-ე სკოლის ექიმმა ნათია ბალხამიშვილმა.

ცნობისთვის, განათლების სამინისტრო, გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლებს მოუწოდებს, არდადეგების პერიოდი გამოიყენონ სკოლის შენობებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად, ხოლო სასწავლო პროცესის აღდგენის შემდგომ, სველი წესით სისტემატურად დალაგდეს საკლასო ოთახები და დერეფნები, შესაბამისი ხსნარებით გაიწმინდოს მერხები და სასკოლო ინვენტარი.

იხილეთ ვიდეო: თბილისის საჯარო სკოლების ნაწილში, განათლების სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად, სადეზინფექციო სამუშაოები იწყება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა