საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტი სასამართლოსთან დაკავშირებით თავისი კომპეტენციის ფარგლებში აუცილებლად მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, ხოლო „ამბოხებული დეპუტატები“ რას იტყვიან, ნაკლებად მნიშვნელოვანია.
ამის შესახებ ცქიტიშვილმა კაჭრეთში განაცხადა, სადაც „ქართული ოცნების“ ლიდერები არიან შეკრებილი.
„საგაზაფხულო სესიის განმავლობაში მსჯელობა გვექნება და მივიღებთ გადაწყვეტილებებს მოსამართლეებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ჩვენ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც წაადგება სასამართლოს და მის რეპუტაციას. სწორი პროცესი წარიმართება პარლამენტში, პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები და პარლამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში აუცილებლად მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, ხოლო ამბოხებული დეპუტატები რას იტყვიან, ნაკლებად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა. ესენი არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.
აღნიშნულ კანდიდატებზე მსჯელობა პარლამენტის საგაზაფხულო სესიისთვის გადაიდო.