საქსტატი - 2018 წლის 11 თვის საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 4,7%-ის ფარგლებშია

„2018 წლის 11 თვის საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 4,7%-ის ფარგლებშია,"- ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე გასული წლის შეჯამებისას განაცხადა. მისი ინფორმაციით, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში საგარეო ვაჭრობის დარგში გაზრდილია როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის მაჩვენებლები. გოგიტა თოდრაძის თქმით, ექსპორტის მოცულობის 24%-იანი ზრდა რეკორდული მაჩვენებელია.

„აღნიშნული პერიოდის განმავლობაში დადებითი წვლილი ეკონომიკურ ზრდაში შეიტანა დამამუშავებელმა მრეწველობამ, უძრავი ქონებით ოპერაციების სექტორმა, ასევე ტრანსპორტის, სასტუმროების და ვაჭრობის დარგებმა. ეკონომიკურ ზრდაში უარყოფით წვლილის მქონე საქმიანობა ამ 11 თვის განმავლობაში მშენებლობის დარგში განვითარებული ტენდენციები იყო. რაც შეეხება საგარეო ვაჭრობას, ექსპორტის მოცულობა 24%-ით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია გასული წლის 11 თვის განმავლობაში. ასევე, 17%-ით არის გაზრდილი იმპორტის მაჩვენებელი,"- განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, 2018 წლის 9 თვის განმავლობაში 27%-ით შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. გასული წლის უმსხვილეს პირდაპირი ინსვეტორი ქვეყნები კი აზერბაიჯანი, ნიდერლანდები და გაერთიანებული სამეფოა.

„ეს მაჩვენებელი განპირობებული იყო იმით, რომ მაგისტრალური გაზსადენის პროექტი დასასრულს უახლოვდება, ასევე რამდენიმე საწარმოს გადასვლა განხორციელდა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში, რაც უარყოფითად მოქმედებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობაზე“, - განაცხადა გოგოტა თოდრაძემ.

რაც შეეხება უმუშევრობის დონეს, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, აღნიშნული მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 1,1% -ით არის შემცირებული. 2018 წელს ქვეყანაში უმუშევრობის დონე 12,8%-ით განისაზღვრა. ამასთან, 2018 წლის მესამე კვარტალში საშუალო თვიურმა ნომინალურმა ხელფასმა 1125.5 ლარი შეადგინა. საქსტატის ცნობით, მამაკაცების თვიური საშუალო ხელფასი 1360.5 ლარია, ხოლო ქალების - 851.9 ლარი.

საქსტატის ინფორმაციით, წლიური ინფლაცის დონე 1,5%-ით განისაზღვრა, რაზეც გავლენა მოახდინა შემდეგმა პროდუქტებმა: პური, თამბაქოს ნაწარმი, ელექტროენერგიის გადასახადი, საწვავი.